ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ”ეროვნული ფორუმი”-ს ეკონომიკური პროგრამის შეფასება/კრიტიკა

”ეროვნული ფორუმი”-ს ეკონომიკური პროგრამის შეფასება/კრიტიკა

შესავალი

საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების დიდ ნაწილს კი არათუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, არამედ საერთოდ არ აქვს ეკონომიკური პროგრამა. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი ისეთივე თეთრი ბოლით „კვებავს“ საზოგადოებას, როგორც ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ხდებოდა. მოძრაობა KAR.GE-სთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია!!!

სწორედ ამიტომ მოძრაობა KAR.GE-მ 27 ივლისს განაცხადა პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამების შეფასებების დაწყების შესახებ. რატომ შევეჭიდეთ ამ საქმეს? 1) ამომრჩეველი ითხოვს მეტ დასაქმებას, მეტ ეკონომიკურ ზრდას და მეტი სიმდიდრის დაგროვებას როგორც ქვეყანაში, ასევე მის ჯიბეში. 2) ამომრჩევლებს რეალურად აინტერესებთ პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური პროგრამები, მაგრამ ობიექტურ შეფასებებს ვერ იღებენ, 3) ჩვენ, მოძრაობა KAR.GE მიუკერძოებელი მხარე ვართ და რეალურად გვაინტერესებს აქვთ თუ არა 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში 4 წლით მოხვედრის მსურველ პოლიტიკურ სუბიექტებს რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მომტანი წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამები.

მადლობა იმ პარტიებს, რომელთაც უკვე გამოაქვეყნეს თავიანთი ეკონომიკური პროგრამები/ხედვები/გეგმები, თუნდაც არასრულყოფილი. 27 ივლისის განცხადების შემდეგ ჩვენ შევაფასეთ და გამოვაქვეყნეთ:

დღეს კი 31 აგვისტოს ვაფასებთ ეროვნული ფორუმი“-ს ეკონომიკურ პროგრამას.

შენიშვნა: დებულებები ამოკრეფილია პარტიის ოფიციალურად გაცხადებული/გამოქვეყნებული ეკონომიკური პროგრამიდან/სამოქმედო გეგმიდან ან/და პარტიის წარმომადგენლების განცხადებებიდან პოლიტიკური სუბიექტის ვებსაიტიდან, Facebook გვერდიდან ან სხვა წყაროებიდან. ყველა გამოყენებული წყარო მითითებულია ქვემოთ.

 

 

რეზიუმე

 

მოძრაობა KAR.GE-ს შეფასებით  „ეროვნული ფორუმი“-ს მიერ 2016 წლის 17 აგვისტოს წარმოდგენილი წინასაარჩევნო „ეკონომიკური პროგრამა“ მოიცავს ისეთი ნაბიჯების ერთობლიობას, რომელთა განხორციელება ქვეყანაში შექმნის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის წინაპირობებს. საერთო შეფასება: გაბედულება (6/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (2/10).

ეკონომიკური პროგრამის დასაწყისში მოცემულია ღრმა მაკროეკონომიკური ანალიზი და პრობლემების წარმოჩენა, რომელიც გაკეთებულია ეკონომიკის 8 სფეროში. ამას მოჰყვება უფრო დეტალური ანალიზი და პროგრამული შეთავაზებები უკვე 10 კონკრეტული მიმართულებით, რომელთაც ეს პრობლემები უნდა დაძლიონ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ფორუმის ეკონომიკურ პროგრამას არ აქვს რიცხვებში გამოხატული კონკრეტული მიზნები, რაც ასეთი ტიპის დოკუმენტისათვის ნაკლია. უნდა ვივარაუდოთ, რომ პარტია ფუჭ დაპირებებს მოერიდა და წარმოადგინა მისი აზრით ის რეალური ნაბიჯების ერთობლიობა, რაც გასაკეთებელია დღეს არსებული გამოწვევების დასაძლევად.

მოძრაობა KAR.GE მზადყოფნას აცხადებს ამ შეფასებაში წარმოდგენილი თითოეული დებულება კიდევ უფრო განმარტოს ღია საჯარო დებატების ფორმატში და უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას.

 

 

”ეროვნული ფორუმი”-ს ეკონომიკური პროგრამის დეტალური ანალიზი

 

2016 წლის 17 აგვისტოს შედგა ეროვნული ფორუმის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, რომელშიც მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკას ეძღვნება. თუ დააკვირდებით თავად წინასაარჩევნო პროგრამის „აგებულებას“, ადვილად შეამჩნევთ რა არის პარტიის პრიორიტეტები:

  1. ეროვნული იდეა, ეროვნული სახელმწიფო და მისი ფუნქცია;
  2. ეკონომიკური სისტემის რეფორმა და ინსტიტუციური ცვლილებები;
  3. განათლება და მეცნიერება;
  4. გარემო და ბუნებრივი რესურსები;
  5. სოციალური სფერო;
  6. საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები და მიგრაციის საკითხები;
  7. სასამართლო;

ჩვენი ამოცანაა შევაფასოთ ეკონომიკური ნაწილი, რომელიც ყველა სხვა ჩვენს მიერ განხილული პარტიის ეკონომიკურ პროგრამასთან შედარებით გაცილებით ვრცელი და დეტალურია.

 

”ეროვნული ფორუმი”-ს ეკონომიკურ პროგრამას კონკრეტული მიზნები არ აქვს

ეკონომიკური პროგრამა ორი დიდი რგოლისგან შედგება: 1) მაკროეკონომიკური ანალიზი ეკონომიკის 8 სფეროში არსებული პრობლემების მიმოხილვით, და 2) 10 მიმართლებით დალაგებული პროგრამული შეთავაზებები ეკონომიკური სისტემის რეფორმასა და ინსტიტუციურ ცვლილებებთან მიმართებაში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ 8 სფეროში გაკეთებული ღრმა ანალიზი ყველა დაინტერესებულს გაარკვევს საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე გამოწვევებში:

  1. მთლიანი შიდა პროდუქტი და ეკონომიკური ზრდა;
  2. საგარეო ვაჭრობა;
  3. სახელმწიფო ვალი;
  4. ბიუჯეტის მიმდინარე დეფიციტი (საოპერაციო სალდო);
  5. სახელმწიფო საწარმოების მოგების რაციონალური გამოყენება;
  6. ხელისუფლების დეკლარირებული და ფაქტიური საბიუჯეტო პრიორიტეტების შეუსაბამობა;
  7. დასაქმება, უმუშევრობა და შემოსავლების ფორმირება;
  8. ეკონომიკის რეალურ სექტორში მიმდინარე პროცესები და ზოგადი მაკროეკონომიკური ფონი;

ღრმა მაკროეკონომიკურ ანალიზს კი ეფუძნება 10 მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების ნაკრები. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებებს მკვეთრი და რიცხვებში გამოხატული გზავნილები არ აქვს. ეს მიმართულებებია:

  1. სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმირება და დეცენტრალიზაციის ღონისძიებები;
  2. პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგიის დანერგვა – როგორც საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაციის ძირითადი საფუძველი;
  3. დიფერენცირებული საგადასახადო პოლიტიკა – რეგიონებში ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისთვის;
  4. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება – საქართველოს მოსახლეობის დასაქმების და ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორი;
  5. კონკურენციის ხელშეწყობა და ანტიმონოპოლიური პოლიტიკა;
  6. საფონდო და სასაქონლო ბირჟების შექმნა;
  7. ფულად – საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკა;
  8. საგარეო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები;
  9. სახელმწიფო პოლიტიკა საინოვაციო ტექნოლოგიების სფეროში;
  10. სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები;

სწორედ ამ 10 „ნაბიჯს“ შევაფასებთ ქვემოთ შემდეგ ჭრილში: შეუძლია თუ არა ეროვნულ ფორუმს განახორციელოს თავისი ეკონომიკურ პროგრამა ისე, რომ შედეგად მივიღოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მომდევნო 4 წლიდან რომელიმე წელს.

შენიშვნა: ქვემოთ მოცემული 10 მიმართულებით „ეროვნულ ფორუმს“ ფრიად ვრცელი შეთავაზებები აქვს რომელთა სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ. ტექსტის სიდიდის გამო მათ ჩვენ არ დავაკოპირებთ. ქვემოთ დავწერთ მხოლოდ ჩვენს მოსაზრებებს, შენიშვნებს და შეკითხვებს.

 

მიმართულება #1 – სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმირება და დეცენტრალიზაციის ღონისძიებები

კომენტარი: უდაოა, რომ სახელმწიფო მართვის სისტემა რეფორმირებას საჭიროებს. მეტიც, რეფორმირება დასახული მიზნისკენ [ეფექტური და ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობა] მუდმივი პროცესი უნდა იყოს, რაც სტრუქტურულად უნდა „ჩაშენდეს“ სახელმწიფო მართვის სქემაში. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის ღონისძიებების ერთობლიობა, რასაც პარტია გვთავაზობს.

იმისათვის, რომ სახელმწიფოს მართვა გახდეს ეფექტური და ეფექტიანი, ნამდვილად საჭიროა როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური დეცენტრალიზაცია. მნიშვნელოვანია როგორც შემოსავლის წყაროების გაყოფა, ასევე უფლება-მოვალეობების გაყოფა და რაც მეტად მკვეთრი ხაზი იქნება გავლებული, მით უკეთესი. პროგრამაში კონკრეტული ღონისძიებებია მოცემული თუ როგორ უნდა მოხდეს ფინანსური დეცენტრალიზაცია [საგადასახადო და არასადაგადასახადო შემოსავლების ბაზის განსაზღვრა, ქონების სრული ინვენტარიზაცია და მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემა, ფინანსური დისციპლინის გამკაცრება], თუმცა როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკური დეცენტრალიზაცია მთლად გასაგები არ არის. მეტიც, ეს ისეთი ტიპის მიზნებია, რომელთა „ჩაშენება“ აუცილებლად სახელმწიფო მართვის სტრუქტურაში უნდა მოხდეს, შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯები კი არ ჩანს. ინიციატივა კი აშკარად გაბედულია.

პარტიას კონკრეტული და რეალისტური შეთავაზებები აქვს ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებითაც. კონკრეტულადაა განსაზღვრული თუ რომელი ხარჯი უნდა მოიკვეთოს [ახალი ავტომობილების შეძენა გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, სახელმწიფო მოხელეებისათვის ძვირადღირებული ავეჯის, მობილური ტელეფონების და ა.შ. შეძენა], რომელი შემცირდეს [პერსონალური ავტომობილებით მომსახურება, სახელმწიფო დაწესებულებათა რემონტის ხარჯები, საკომუნიკაციო ხარჯები] და რა უნდა გაკეთდეს ხარჯის დასაზოგად [სრულად დაინერგოს „ელექტრონული მთავრობის“ სისტემა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საკანცელარიო და კომუნალურ დანახარჯებს]. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული ქმედებების ჩამონათვალი პარტიას მოცემული აქვს პროგრამაში, ეს სია ვერ იქნებს სრულთან მიახლოებულიც კი. იმიტომ, რომ ბიუჯეტის ფული ამ პუნქტების გარდა მრავალ სხვა პუნქტში იხარჯება, რაც ასევე „ხელშესავლებია“.

პარტიას პოზიტიური და გაბედული შეთავაზება აქვს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების მოწესრიგების მიმართულებით. პარტია კონკრეტულად სთავაზობს თუ რა უნდა გაკეთდეს [ხელისუფლების ყველა დონეზე და სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ოპერატიულობა, კეთილსინდისიერი მეწარმეების გამოვლენა რომლებიც ვალდებულებებს დროულად ასრულებენ, ამ კეთილსინდისიერი მეწარმეებისაგან განმეორებითი შესყიდვებისას უპირატესობების მინიჭება]. პარტია კონკრეტულად სთავაზობს ტენდერების დროს პროექტებში დასაქმებული პერსონალის 90% მაინც იყოს საქართველოს მოქალაქე და შესყიდვების დროს უპირატესობა მიენიჭოს ადგილობრივი წარმოების პროდუქციას, რაც ცალსახად დაბედული და საჭირო ინიციატივებია.

დადებითია, რომ ყურადღება გამახვილებულია საკუთრების დაცვის მნიშვნელობაზე. ოღონდ მთლად გასაგები არ არის სახელმწიფოს მიერ 2003-2012 წლებში მოქალაქეების ქონებრივი უფლებების სისტემურ დარღვევის სამართლებრივი აღიარება და შესაბამისი ქმედებები რამდენად აღადგენს სამართლიანობას. დავუშვათ ორ ადამიანს ქონება ჩამოერთვა სახელმწიფოს მიერ. ერთის ქონება სახელმწიფომ გადაყიდა, მეორის კი ბალანსზე აქვს. შემოთავაზების მიხედვით მეორეს დაუბრუნდება ქონება სახელმწიფოს მიერ და პირველს არა, თან მხოლოდ იმიტომ რომ პირველის ქონება უკვე გადაიყიდა? ეს სამართლიანია? ქვეყანაში ხომ არსებობს სასამართლო? ყველას, ვისაც აქვს პრეტენცია ქონების სახელმწიფოს მიერ წართმევასთან დაკავშირებით, შეუძლია მივიდეს სასამართლოში და დაასაბუთოს თავისი სიმართლე ზუსტად ისე, როგორც მაგალითად ბიზნეს კომპანიას შეუძლია შეიტანოს სარჩელი შემოსავლების სამსახურის წინააღმდედ და დაიბრუნოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა. განა ეს საკმარისი არ არის? თუ ხანდაზმულობის ვადაა გასული, მაშინ რა შემოთავაზება გაქვთ?

შეკითხვები ჩნდება ეროვნული ფორუმის მიერ თავისი ეკონომიკური გზავნილების პრაქტიკაში აღსრულების კომპონენტში. ეროვნული ფორუმი აღარაა კოალიციის შემადგენლობაში. ამიტომაც, მისი ძალებით ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელება და ამ საქმისთვის თანამოაზრეების მოძიება სხვა პარტიების სახით ფრიად რთული ამოცანა იქნება, მეტიც ზოგიერთ კონკრეტულ ცვლილებას „სისხლისმღვრელი“ ბრძოლები დასჭირდება პარლამენტში. ეს „დამღა“ თან გასდევს ყველა შეფასებას.

მიმართულება #1-ის შეფასება: გაბედულება (7/10), რეალურობა (6/10), პოპულიზმი (2/10).

 

მიმართულება #2 – პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგიის დანერგვა – როგორც საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაციის ძირითადი საფუძველი

კომენტარი: ეროვნულ ფორუმს უნიკალური შეთავაზება აქვს არა მხოლოდ ბიუჯეტირების პროცესის, არამედ ეფექტურად და ეფექტიანად საბიუჯეტო ხარჯების გაწევის თვალსაზრისით, რომელიც რეალურად შეამცირებს არარაციონალურ, არაეფექტიან საბიუჯეტო ხარჯებს, გააუმჯობესებს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის შესაძლებლობებს, თვალსაჩინოს და გამჭვირვალეს გახდის ხელისუფლების მოქმედებების გეგმას და შესაბამისი აღმასრულებელი პირების პასუხისმგებლობებს, რაც ხელისუფლების საქმიანობას გახდის უფრო მეტად შედეგებზე ორიენტირებულს. პარტია გვთავაზობს შემდეგი მეთოდოლოგიის დანერგვას:

  1. პირველ რიგში ხდება ქვეყნის წინაშე მდგადი გამოწვევების ადექვატური გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნების შემუშავება;
  2. ამ მიზნებზე და ამოცანებზე დაყრდნობით სათანადო გრძელვადიანი და საშუალოვადიანი სტრატეგიების შემუშავება;
  3. შემდეგ შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორების შემუშავება;
  4. სტრატეგია, პროგრამები და შეფასების ინდიკატორების დამტკიცება პარლამენტის მიერ. ეს ფაქტიურად არის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ბიუჯეტი „მოძრაობს“;
  5. თავად წლიურ ბიუჯეტს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი და მისი აღსრულებისათვის მთავრობამ სწორედ კანონით დამტკიცებული „ჩარჩო“-თი უნდა იხელმძღვანელოს;
  6. ყოველწლიური ბიუჯეტის შეფასება მოხდება მხოლოდ ამ დამტკიცებული სტრატეგიის, პროგრამების და შეფასების ინდიკატორების საფუძველზე;

ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი მარტო სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების ცხრილად კი არ რჩება, არამედ კონკრეტული მიზანი აქვს, რომელიც წლის განმავლობაში უნდა „შეასრულოს“.

ამ მეთოდოლოგიის დანერგვა ისეთი ნაბიჯია, რომლითაც რამოდენიმე „კურდღელს“ მოინადირებ. არის თუ არა მზადყოფნა დღეს საქართველოში უარი ითქვას დღევანდელ პრაქტიკაზე და დაინერგოს ასეთი დახვეწილი სისტემა? აწყობს კი ასეთი „რაფინირებული“ სისტემა მოქმედ მთავრობას, რომელიც ბიუჯეტში საჭირო დროს და მისი ნებასურვილით ხელების ფათურსაა ჩვეული?

მიმართულება #2-ის შეფასება: გაბედულება (10/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (1/10).

 

მიმართულება #3 – დიფერენცირებული საგადასახადო პოლიტიკა – რეგიონებში ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისთვის

კომენტარი: პრინციპულად ვერ დავეთანხმებით პარტიის პოზიციას, რომ რეგიონების ეკონომიკური განვითარებისათვის დიფერენცირებული საგადასახადო პოლიტიკა უნდა იწარმოებოდეს. თითქოს ეს ქმედება მიზნად ისახავს რეგიონებში ადამიანების შენარჩუნებას, მეტ ეკონომიკურ აქტივობას რეგიონებში, მეტი შემოსავლის მოსახლეობაში დარჩენას და ა.შ. სინამდვილეში ეფექტი სწორედ რომ საპირისპიროა, ვინაიდან რაც ხელოვნურია, ის დროებითია და მდგრად ეკონომიკურ ეფექტს ვერ მოიტანს. გარდა ამისა პროგრამაში არ არის კონკრეტული შემოთავაზება, რომლის გადადგმაც იგულისხმება დიფერენცირებული საგადასახადო პოლიტიკის ჭრილში. მაგალითად რამდენით ნაკლებ და რომელ გადასახადს გადაიხდიან/არ გადაიხდიან რომელ რეგიონში.

მოძრაობა KAR.GE ვერ დაუჭერს მხარს ამ ქმედებას 3 მთავარი მიზეზის გამო:

  1. არცერთი პირი, ფიზიკური თუ იურიდიული, არ უნდა წახალისდეს საგადასახადო პოლიტიკით მხოლოდ იმიტომ, რომ იგი რომელიმე რეგიონში ცხოვრობს. ეს უბრალოდ უსამართლობაა სხვა რეგიონში მცხოვრებთა მიმართ;
  2. ის რაც ხელოვნურია, დროებითია და მდგრად ეკონომიკურ ეფექტს ვერ მოიტანს. მთავრობისთვის დამახასიათებელი არათანმიმდევრულობის გამო სავსებით შესაძლებელია ერთ წელს შემოღებული შეღავათები, მეორე წელს გაუქმდეს;
  3. საგადასახადო შეღავათი სუსტი სტიმულია. ბიზნესისთვის თუ გნებავთ რეალური სტიმული, რომელსაც „ცხოველი“ ეფექტი ექნება ეკონომიკურ განვითარებაზე, ბაზარი უნდა შეუქმნა წარმოებული პროდუქციისათვის, პროდუქციის გაყიდვებში უნდა მიეხმარო. დღეს მიწების დიდი ნაწილი რეგიონებში დაუმუშავებელია არა იმიტომ, რომ სოფლებში ხალხი არაა, ან ტრანსპორტი არაა, ან ტექნიკა არაა, ან ცოდნა არაა, არამედ იმიტომ, რომ აზრი არ აქვს მიწის დამუშავებას წმინდა ფინანსური თვალსაზრისით.

ერთი ნათელია, მიუხედავად იმისა, რომ არაეფექტური სვლაა, ამ იდეას მაინც შეიძლება ჰყავდეს მხარდამჭერები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გადასახადებით მანიპულირება „კომფორტული“ გამოსავალია.

მიმართულება #3-ის შეფასება: გაბედულება (6/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (3/10).

 

მიმართულება #4 – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება – საქართველოს მოსახლეობის დასაქმების და ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორი

კომენტარი: უდაოა, რომ ქვეყანაში მცირე ბიზნესის დაკნინებული როლი [20%] ქვეყნის ეკონომიკური განუვითარებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ნამდვილად საჭიროა მცირე ბიზნესის წახალისება. თუმცა პარტიას ამ კუთხით მხოლოდ ორი ინსტრუმენტი აქვს შემოთავაზებული.

პირველი, სახელწოდებით „ერთი შანსი“ მცირე მეწარმეებისათვის ისეთივე მეთოდებით დახმარებას [დაბალპროცენტიანი ან უპროცენტო სესხი, ინსტიტუციური და საკონსულტაციო დახმარება, დამწყები ბიზნესების ფინანსური და სხვა სახის ხელწყობა, გრანტის სახით ტექნიკის გადაცემა], რაც ხდება დღეს. ეს არაა საკმარისი! მეტიც, ეს საერთოდ არაა ბაზრის რეალური მოთხოვნა. უფრო სწორად მცირე მეწარმეებმა ხშირად თვითონაც არ იციან რა უნდათ. ჰგონიათ, რომ მათ უნდათ ფული, რაც არასწორია. მცირე მეწარმეებს სჭირდებათ ბაზარი, მეტი მყიდველი, მეტი მდიდარი მყიდველი, მეტის მხარჯველი მყიდველი. ამ კუთხით შემოთავაზება კი პარტიის ეკონომიკურ პროგრამაში არ ჩანს.

მეორე მნიშვნელოვანი აქტივობა არის მეწარმეთა მომსახურების მიზნით ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი მეწარმეთა მომსახურების ცენტრების შექმნა. დაახლოებით იგივე პრინციპით, როგორც იუსტიციის სახლებია. შესანიშნავი იდეაა და იგი იმსახურებს დახვეწა/გააზრებას. ეს იდეთი იდეაა, რომელსაც მხარდამჭერი ბევრი ეყოლება.

მიმართულება #4-ის შეფასება: გაბედულება (6/10), რეალურობა (6/10), პოპულიზმი (2/10).

 

მიმართულება #5 – კონკურენციის ხელშეწყობა და ანტიმონოპოლიური პოლიტიკა

კომენტარი: ჯანსაღი კონკურენტული გარემოს არსებობა ეკონომიკის განვითარების ბაზისია. ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ მიმართულებით ენერგია უნდა გაათმაგდეს. ყველა ის ღონისძიება, რაც ეროვნული ფორუმის ეკონომიკურ პროგრამაშია ჩამოთვლილი ამ მიმართულებით არის აუცილებლად სამუშაო, თუმცა უაღრესად რთული იქნება ამ გზის გავლა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამულ შეთავაზებებში საუბარია ძირითადში ქვეყნის შიგნით არსებულ მონოპოლიებსა და მცირე საწარმოებს შორის კონკურენციაზე, მონოპოლისტებისათვის „ლაგამის ამოდებაზე“, არასამართლიანი კონკურენტული გარემოს „მკურნალობაზე“, მაგრამ განხილული არაა ის კონკურენცია, რომელიც არსებობს ქვეყნის შიგნით „მონოპოლიებსა“ და უძლიერეს იმპორტიორებს შორის. ხომ არ ფიქრობთ მეგობრებო, რომ შიგნით არსებული მონოპოლიები საერთაშორისო მოთამაშეებისაგან შიგა ბაზრის ერთგვარი დამცველი მექანიზმია? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კუთხით ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემქნა აუცილებელი ქმედებაა?

მიმართულება #5-ის შეფასება: გაბედულება (6/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (3/10).

 

მიმართულება #6 – საფონდო და სასაქონლო ბირჟების შექმნა

კომენტარი: დღეს საქართველოში ლარის ინვესტირების ერთადერთი რეალური საშუალება აქვს მოსახლეობას მხოლოდ – დოლარის ყიდვა და ამ ფორმით შენახვა. საფონდო ბირჟის საბანკო სისტემისაგან „გამოგლეჯა“ და მისი დამოუკიდებელი განვითარება ისე, რომ ქართული კომპანიების აქციები ისევე თავისუფლად იყიდებოდეს, როგორც Google-ის და Facebook-ის, წინაპირობაა იმისა, რომ:

  1. დღეს არსებული საბანკო დეპოზიტის უალტერნატივობის სანაცვლოდ, რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გაუჩნდეთ ლარის ინვესტირების უამრავი შესაძლებლობა საქართველოს საშუალო, მსხვილ და უმსხვილეს კომპანიებში;
  2. ადგილობრივი ბიზნესისათვის შეიქმნას კაპიტალის მოზიდვის საბანკო კრედიტის ალტერნატივა, რაც გაცილებით ეფექტურია კაბალურ საბანკო კრედიტებთან შედარებით;
  3. გაიზარდოს საქართველოს ბაზრის ლიკვიდურობა და კაპიტალიზაცია, გახდეს იგი უფრო მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისათვის და საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყოს უცხოური ინვესტიციების ნაკადის გაზრდას უფრო მეტ ქართულ კომპანიაში;

ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ბიზნესის თანამესაკუთრეთა საზოგადოების ჩამოყალიბებას, მესაკუთრეთა და დასაქმებულთა მზარდი ანტაგონიზმის მოხსნას, საშუალო ფენის ჩამოყალიბებას და, საბოლოო ჯამში, სოლიდარობაზე დამყარებული, ჭეშმარიტად დემოკრატიული, საზოგადოების მშენებლობას.

თუმცა, მთლად გასაგები არაა რატომ უნდა მოხდეს ბირჟისათვის ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გამოყენება. ბირჟა კერძო სტრუქტურაა და პარლამენტის შენობაში რა უნდა? ან პარლამენტი სად უნდა წავიდეს?

ოღონდ აღსანიშნავია შემდეგი: ამ იდეის პრაქტიკაში განხორციელება იმდენად ძლიერ მოწინააღმდეგეს ეჯახება, რომ ძალთა უდიდესი კონსოლიდაცია დასჭირდება, რომ წინსვლა მოხდეს.

მიმართულება #6-ის შეფასება: გაბედულება (10/10), რეალურობა (6/10), პოპულიზმი (1/10).

 

მიმართულება #7 – ფულად-საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკა;

კომენტარი: ფულად საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკის განხორციელება ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. უცნაურია რატომ არის ეროვნული ფორუმის წინასაარჩევნო ეკონომიკურ პროგრამაში წარმოდგენილი ეროვნული ბანკის მიმართ შეთავაზებების და „სხვა“ დადებითი სურვილების გაერთიანებული კრებული. ეს ეკონომიკური პროგრამა ეროვნული ფორუმისაა, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება სურს და არა კონკრეტული ინდივიდის, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა სურს.

ვფიქრობთ ამ მიმართულების ადგილი წინასარჩევნო ეკონომიკურ პროგრამაში საერთოდ არაა. მეტიც, ეროვნული ფორუმი მთავრობაში რომ მოვიდეს ვერ უკარნახებს ეროვნულ ბანკს თუ რა უნდა გააკეთოს მან.

მიმართულება #7-ის შეფასება: გაბედულება (1/10), რეალურობა (1/10), პოპულიზმი (1/10).

 

მიმართულება #8 – საგარეო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები;

კომენტარი: ეროვნული ფორუმის წინასაარჩევნო ეკონომიკურ პროგრამაში კარგადაა ხაზგასმული და დიდი ყურადღება ეთმობა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით არსებულ სავალალო რეალობას [სავაჭრო დეფიციტი მაგალითად] და საქართველოს პასიურ როლს [არსებული შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით]. ამ გამოწვევის „მოვლის“ მექამიზმებად კი ექსპორტის მხარდაჭერა და იმპორტის ჩანაცვლება მოიაზრება.

ექსპორტის წახალისების კუთხით ჩვენი აზრით სწორადაა გამოყოფილი ის ნიუანსები, რაც ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს: საერთაშორისო შეთანხმებებით მონიჭებული უპირატესობების მაქსიმალური გამოყენება, ექსპორტიორ კომპანიებთან ერთად პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა, საექსპორტო პროდუქციის ხარისხის სტანდარტების შემოღება, საერთაშორისო ბაზრების მოძიება და „მარკეტინგულად“ დამუშავება. მაგრამ იმპორტის ჩანაცვლების კუთხით ეკონომიკურ პროგრამაში კონკრეტული შემოთავაზება არ ჩანს.

პროგრამაში მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვაცაა ნახსენები და ფორმაცაა მითითებული – ერთობლივი საწარმოების შექმნა. ოღონდ მთლად გასაგები არაა რატომ მხოლოდ ეს ფორმა და არა რომელიმე სხვაც, ან რატომ მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციაზეა საუბარი და არა რომელიმე სხვაზე.

მიმართულება #8-ის შეფასება: გაბედულება (3/10), რეალურობა (3/10), პოპულიზმი (3/10).

 

მიმართულება #9 – სახელმწიფო პოლიტიკა საინოვაციო ტექნოლოგიების სფეროში;

კომენტარი: საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ინოვაციების სააგენტოს მიერ ბევრი რამ გაკეთდა. ის იდეები, რასაც ეროვნული ფორუმი გვთავაზობს ინოვაციების მიმართულებით პრინციპულად აგრძელებს და აძლიერებს იმას, რაც უკვე ხდება საქართველოში: ტექნოპარკების დაფუძნება, ინოვაციური პროექტების დაფინანსება, ბიზნეს ინკუბატორების დაფუძნება, ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერა დაფინანსებით და თანამედროვე ცოდნით.

თუმცა, ისეთი შემოთავაზება, როგორიცაა უწყებათაშორისი ინოვაციური საბჭო, დამატებითი ბიუროკრატიული ინსტრუმენტია, რომელიც ამ სფეროს არ სჭირდება. ეს სფერო თავისუფალი უნდა იყოს ზედმეტი ჩარევებისგან.

მიმართულება #9-ის შეფასება: გაბედულება (5/10), რეალურობა (7/10), პოპულიზმი (1/10).

 

მიმართულება #10 – სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები;

კომენტარი: ეკონომიკურ პროგრამაში კარგადაა მიმოხილული მიმდინარე პრობლემატიკა. მოყვანილია როგორც პრობლემათა ჩამონათვალი, ასევე მათი სიმწვავე რიცხვებშიცაა გადმოცემული. თუმცა ამ გამოწვევათა საფუძველზე პარტია ამბობს, რომ „ქვეყანას დღემდე არა გააჩნია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, რომელიც უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნების სტანდარტებს და შეესაბამებოდეს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ინტერესებს“, რასაც ვერ დავეთანხმებით.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე კარგა ხანია თანმიმდევრულად ახორციელებს მთელ რიგ პროგრამებს. სამინისტროს აქვს როგორც სტრატეგია, ასევე ტაქტიკა, რომელიც წლებია ხორციელდება კიდეც. სხვა საკითხია რამდენად ეფექტურად და ეფექტიანად ხორციელდება ესა თუ ის პროგრამა და სწორედ ამ კუთხით არის პრობლემები, ოღონდ ეს ზოგადად ყველა სახელმწიფო პრობლემებს სჭირს. კერძოდ, პროგრამის შედეგები იზომება ისეთი კრიტერიუმებით როგორებიცაა რამდენი დაიხარჯა, რამდენი საწარმო გაიხსნა, რამდენი ადამიანი დასაქმდა და არა რეალურ ეფექტებით იმ საწარმომ რეალურად რა აწარმოა, რამდენი გაყიდა ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზე, რამდენად მდგრადად დგას ფეხზე, როგორი ზეგავლენა [impact] ჰქონდა, და ა.შ.

ვხედავთ, რომ ეროვნულ ფორუმს სამი შეთავაზება აქვს სტრატეგიის კუთხით: 1) სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, 2) იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების განსაკუთრებული ხელშეწყობა, რომელთაც მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი გააჩნიათ, და 3) ქართული სოფლის კულტურის, როგორც უნიკალური ეთნოგრაფიული ფენომენის შენარჩუნების ხელშეწყობა.

ამ შემოთავაზებაში პირველი და მეორე უკვე ხდება ამა თუ იმ ფორმით [სურსათის უვნებლობის თემა მნიშვნელოვანი თემაა, რომელსაც ENPARD-ის ფარგლებში დიდი ყურადღება ეთმობა მაგალითად], მაგრამ მესამე განსაკუთრებული სიახლე. პარტიას შევთავაზებდი უფრო ჩაეშალა ეს კომპონენტი, ვინაიდან აქ აშკარად იგრნობა პოტენციალი [მაგალითად ტურიზმის განვითარების კუთხით], რომელიც იმსახურებს განმარტებას.

კონკრეტული აქტივობების ჩაშლა კი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ძირითადში იგი იმეორებს იმ პროცესებს, რაც უკვე ხდება: კოოპერაციის განვითარება, კოოპერატივების სხვადასხვა სახით მხარდაჭერა, მელიორაციისა და ირიგაციის კუთხით გასაწევი საქმიანობები, სტარტაპების მხარდაჭერა, სელექცია და ჯიშების გამოყვანა, გადამამუშავებელი საწარმოების განვითარება, ტექნიკური რეგლამენტების შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამები. აშკარაა, რომ ამ სფეროში გასაკეთებელი მართლაც ბევრია.

მიმართულება #10-ის შეფასება: გაბედულება (6/10), რეალურობა (6/10), პოპულიზმი (1/10).

 

რეკომენდაციები მოძრაობა KAR.GE-საგან

აჯობებს თუ გაითვალისწინებთ შემდეგი მიმართულებებით გასაწევ საქმიანობებსაც:

  1. ტურიზმი. ამ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორს სულ უფრო და უფრო მეტი შემოაქვს ქვეყანაში და ექსპორტის შემდეგ 2015 წელს 1.935 მილიარდი USD-თი მეორე შემომტანია. როგორ უზრუნველყოფთ დარგის განვითარებას, რომ ქვეყანა სულ უფრო მომზადებული დახვდეს ტურისტების მზარდ შემოდინებას?
  2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. 2015 წელს ქვეყანაში 1.564 [დაზუსტებული] მილიარდი USD პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. კონკრეტულად როგორ უზრუნველყოფთ FDI ზრდას?

 

შეთავაზება მოძრაობა KAR.GE-ს მხრიდან

ძალიან კარგია, როცა ეკონომიკურ პროგრამაში აქცენტს აკეთებთ ქართული წარმოების პროდუქციის პოპულარიზებაზე და ისეთ რეალურ მხარდაჭერაზე, რაც არის მაგალითად სახელმწიფო შესყიდვების დროს ქართული ნაწარმისთვის პრიორიტეტის მინიჭება. ასევე საფონდო ბირჟის შექმნა. ჩვენ ნამდვილად მიგვაჩნია, რომ რეალური ძალა არის ჩვენში და აი ისიც: საქართველოში 2015 წელს მთავრობამ დახარჯა 3.2 მილიარდი ლარი, მოსახლეობამ დახარჯა 12 მილიარდი ლარი, არასახელმწიფო ორგანიზაციებმა [უცხოური ინვესტიციების გამოკლებით] დახარჯეს დაახლოებით 6 მილიარდ ლარამდე. ჯამში 2015 წელს 21 მილიარდ ლარამდე შიდა ინვესტიცია განხორციელდა [დიახ, ეს ინვესტიციაა]. ეს უზარმაზარი შიდა რესურსია, რომელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის, რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პოტენციალი აქვს, რომლის ამოქმედება ასე შეიძლება.

ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეკონომიკის კი თითქმის 90%. ეს იგრძნობა სუპერმარკეტების დახლებზე, ბაზარში, B2B გარიგებებში, სადაც გარიგებების 90%-მდე არაქართული წარმოების პროდუქციაზე ხდება. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2015 წელს 5.5 მილიარდ USD-ზე მეტი იყო და წლიდან წლამდე ასეა. მიუხედავად ამისა გამოსავალი არსებობს: ჩვენი ღრმა რწმენით როცა ყიდულობ ქართულ ნაწარმს გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს! ამ დროს ფული ქვეყანაში რჩება და იგივე ფული შემდეგი დახარჯვის შედეგად კიდევ უფრო მეტ დოვლათს და შემოსავალს ქმნის. ჩვენი აზრით ეს არის მოკლე დროში სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევის უდაო გზა. მეტიც, ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმას უცილობლად მოჰყვება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც 6-8 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგებას მოიტანს შედეგად. კონკრეტული მოქალაქისთვის კი ეს ჯიბეში ორჯერ მეტ შემოსავალს ნიშნავს!!!

 

განმარტებები შეფასების სისტემასთან დაკავშირებით

შეფასების სისტემა 3 კრიტერიუმს ეყრდნობა. ფასდება თითოეული გზავნილი და ბოლოს კეთდება საერთო შეფასება.

  1. გაბედულობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ხაზს უსვამს თუ რამდენად გაბედული/რადიკალურია გზავნილი ყველა იმ გზავნილს შორის, რომელიც ხშირად გვსმენია წინასაარჩევნოდ.
  2. რეალურობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს თუ რამდენად შეუძლია ამ კონკრეტულ გუნდს ამ კონკრეტული გზავნილის განხორციელება ა) პარლამენტში და მთავრობაში მოსვლის ალბათობის, ბ) საკუთარი შესაძლებლობების, გ) სხვა ძალებთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნის და ისტორიის გათვალისწინებით.
  3. პოპულიზმი – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს ამომრჩევლის სურვილებზე გზავნილის/შეთავაზების განზრახ მორგების ხარისხს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის გზით ხმების მოსაპოვებლად. ქმედება, რომელიც ფართო მასის ინტერესს ემსახურება, მაგრამ აუცილებელია, ჩვენი აზრით ვერ ჩაითვლება პოპულიზმად.

ამ სამი კრიტერიუმით დადგენილი ქულების მიხედვით დგება მთავარი შეფასება: შეუძლია თუ არა ამ ეკონომიკურ პროგრამას დადოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მომდევნო 4 წლიდან რომელიმე წელს.

 

გამოყენებული მასალები:

#1 – წინასაარჩევნო პროგრამა – http://forumi.ge/ge/?cat=12

#2 – რევაზ შავიშვილი და თემურ მაისურაძე სტუმრად “ობიექტივზე” – https://www.youtube.com/watch?v=E3HPHms809w

#3 – ეროვნული ფორუმის პროგრამის პრეზენტაცია – http://rustavi2.com/ka/video/18281?v=2