ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკურ პროგრამას მოძრაობა KAR.GE აკრიტიკებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკურ პროგრამას მოძრაობა KAR.GE აკრიტიკებს

საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების დიდ ნაწილს კი არათუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, არამედ საერთოდ არ აქვს ეკონომიკური პროგრამა. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ ისინი ისეთივე თეთრი ბოლით „კვებავენ“ საზოგადოებას, როგორც ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ხდებოდა. მოძრაობა KAR.GE-სთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია!!!

სწორედ ამიტომ მოძრაობა KAR.GE-მ 27 ივლისს დაანონსა პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამების შეფასებების დაწყების შესახებ. რატომ დავიწყეთ ეს პროცესი? 1) ამომრჩეველი ითხოვს მეტ დასაქმებას, მეტ ეკონომიკურ ზრდას და მეტი სიმდიდრის დაგროვებას როგორც ქვეყანაში, ასევე მის ჯიბეში. 2) ამომრჩევლებს რეალურად აინტერესებთ პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური პროგრამები, მაგრამ ობიექტურ შეფასებებს ვერ იღებენ, 3) ჩვენ, მოძრაობა KAR.GE მიუკერძოებელი მხარე ვართ და რეალურად გვაინტერესებს აქვთ თუ არა 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში 4 წლით მოხვედრის მსურველ პოლიტიკურ სუბიექტებს რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მომტანი წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა.

მადლობა იმ პარტიებს, რომელთაც უკვე გამოაქვეყნეს თავიანთი ეკონომიკური პროგრამები/ხედვები/გეგმები. ჩვენი განცხადებიდან 1 კვირაში, 2016 წლის 3 აგვისტოს ჩვენ ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“-ს წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა შევაფასეთ. დღეს კი 2016 წლის 10 აგვისტოს ვაქვეყნებთ რიგით მეორე პოლიტიკური სუბიექტის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმის ეკონომიკური ნაწილის შეფასებას. რატომ „ენმ“? იმიტომ, რომ ენმ მეორე პარტია იყო, რომელმაც ამომრჩეველს წარუდგინა თავისი წინასაარჩევნო პროგრამა 2016 წლის 28 ივნისს.

შენიშვნა: მიზნები და გზავნილები ამოკრეფილია პარტიის ოფიციალურად გაცხადებული ეკონომიკური პროგრამიდან/სამოქმედო გეგმიდან ან/და მისი წარმომადგენლების განცხადებებიდან პარტიის ვებსაიტიდან, Facebook გვერდიდან ან სხვა წყაროებიდან. ყველა წყარო მოცემულია ქვემოთ.

 

 

რეზიუმე

მოძრაობა KAR.GE-ს შეფასებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა ვერ მოუტანს ქვეყანას რეალურ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. იგი მიზნად ისახავს მხოლოდ ზედაპირულ და არა რადიკალურ ცვლილებებს. საერთო შეფასება: გაბედულება (4/10), რეალურობა (6/10), პოპულიზმი (5/10).

მწვავე შეკითხვები ჩნდება სამოქმედო გეგმაში 4 მიმართულებით ჩადებული კონკრეტული ქმედებების მეშვეობით გეგმის მთავარი მიზნის მიღწევის ნაწილში: მილიარდ ლარზე მეტ გადასახადს იკლებს სახელმწიფო წელიწადში, ამცირებს ბიუროკრატიის ხარჯებს, მაგრამ რეალურად მხოლოდ ოდნავ შემცირებული გადასახადებით, ოდნავ შემცირებული ბიუროკრატიით და ოდნავ გამარტივებული რეგულაციებით გეგმავს მიიღოს სამუშაო ადგილების ნაზრდი 45,000-ის ოდენობით პირველივე წელს და +30,000 ყოველ მომდევნო წელს. „ენმ“ ის სამოქმედო გეგმის ეკონომიკურ ნაწილში არ იკვეთება საკმარისად კარდინალური და დამაჯერებელი ქმედებების ერთობლიობა, რომლებიც იმაზე მეტ მდგრად ეკონომიკურ ზრდას მოუტანენ ქვეყანას, ვიდრე არის დღეს.

მოძრაობა KAR.GE მზადყოფნას აცხადებს ამ შეფასებაში წარმოდგენილი თითოეული დებულება კიდევ უფრო განმარტოს ღია საჯარო დებატების ფორმატში და უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას. მეტიც, მოძრაობა KAR.GE მზადაა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზოს დამატებითი კონკრეტული ნაბიჯების პაკეტი, რომელიც უკვე არსებულ ღონისძიებებთან ერთად გარანტირებულად მოიტანდა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

 

 ენმ-ის სამოქმედო გეგმის ეკონომიკური ნაწილის დეტალური ანალიზი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკურ პროგრამას ერთი გაცხადებული მიზნი აქვ: სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გაზრდის დასაქმებას. კონკრეტულად კი 2017 წელს გეგმაშია დამატებით 45,000 სამუშაო ადგილის შექმნა, მომდევნო წლებში კი წელიწადში 30,000 სამუშაო ადგილის შექმნა. ამ მიზნის მიღწევა კი 4 მიმართულებით დასახული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით იგეგმება. ეს მიმართულებებია: 1) გადასახადების შემცირება, 2) ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯების შემცირება, 3) უარი ზედმეტ რეგულაციებზე და 4) ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობა.

შენიშვნა: პოლიტიკური სუბიექტები ეკონომიკაში თავის გამოქვეყნებულ მოსაზრებებს ან  „ეკონომიკური პროგრამა“-ს, ან „ეკონომიკურ ხედვებს“ ან „სამოქმედო გეგმას“ ან კიდევ რამე სხვა სახელს უწოდებენ. ჩვენ არ ვიციკლებით დოკუმენტის სახელწოდებაზე [მიუხედავად იმისა, რომ ტერმინებზე გამოდევნების შემთხვევაში კრიტიკა გაცილებით მწვავე იქნებოდა], ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ შინაარსზე. „ენმ“-ს დოკუმენტს სახელად „სამოქმედო გეგმა“ ჰქვია, რომელშიც ცხადია მარტო ეკონომიკაზე არ არის საუბარი. ჩვენ ვუყურებთ და ვაანალიზებთ მის ეკონომიკურ მხარეს მხოლოდ.

 

მიმართულება #1 – გადასახადების შემცირება

  1. საშემოსავლო გადასახადის შემცირება 20-დან 10 %-მდე. 2016 წელს რჩება 20%, 2017 წელს მცირდება 15%-მდე, 2018 წელს მცირდება 12,5 %-მდე, 2019 წელს კი მცირდება 10%-მდე;
  2. 2017 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრირების დახვეწა, შემდეგ კი განაწილებული მოგების გადასახადის შემცირება 15%-დან 10%-მდე. 2018 წელს მცირდება 12.5%-მდე, 2019 წელს მცირდება 10%-მდე;
  3. 2017 წლიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის 25%-ით შემცირება, ხოლო ალკოჰოლზე აქციზის საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე შემცირება;
  4. 2017 წლიდან საპროცენტო შემოსავალზე გადასახადის გაუქმება [5%];
  5. 2017 წელს გაუქმდება უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის მინიმალური ორწლიანი პერიოდი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ექვსთვიანი პერიოდი;
  6. 2017 წლის 1 იანვრიდან ფიზიკური პირებისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების ზღვარის 30,000 ლარიდან 90,000 ლარამდე აწევა [მიკრო ბიზნესი არ იბეგრება];
  7. 2017 წლის 1 იანვრიდან 200 000 ლარის ბრუნვამდე ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება [დღეს არის 100,000 ბრუნვაზე]. თუ ბუღალტერიას აწარმოებს ბრუნვის 3% გადაიხდის, თუ არა მაშინ 5%;
  8. 2017 წლის 1 იანვრიდან დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან. ეს შეღავათი გავრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც აქირავებენ კომერციულ და საბინაო ფართებს;
  9. 2017 წლის 1 იანვრიდან, საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი გახდება.

კომენტარი: გადასახადების შემცირება ყოველთვის იყო პოლიტიკური სუბიექტების ერთ-ერთი ეფექტური იარაღი წინასაარჩევნოდ ადამიანთა გულების დასაპყრობად. ცხრავე სვლა რეალურად მიზნად ისახავს სახელმწიფოს ხარჯზე მოსახლეობისა და ბიზნესისათვის მეტი ფულის დატოვებას, მთავრობის ხარჯის შემცირებას და მოსახლეობის/კერძო სექტორისათვის ბიძგის მიცემას. ზოგიერთი მათგანი კი ერთი სამიზნე ჯგუფის მეორე ჯგუფთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებასაც კი გულისხმობს.

მიმართულება იდეების გაბედულებით ვერ გამოირჩევა, ვერც გაცხადებული რევოლუციურობით, თუმცა პარტიის მიერ გაწერილი თანმიმდევრულობით ამ სვლების გადადგმა რეალურია, თუ რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა ისე გაიმარჯვებს, რომ ეს საკითხები დღის წესრიგში დადგა. გზავნილები პრაქტიკულად მოსახლეობის ყველა ფენაზეა გათვლილი, რაც გამოკვეთილ წინასაარჩევნო პოპულიზმზე მიუთითებს. მით უმეტეს, როცა სატელევიზიო გზავნილებით ფიგურირებს შემდეგი ფრაზები: „დღეში 250 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები არ გადაიხდიან გადასახადს“ ან „დღეში 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან ბრუნვის მხოლოდ 3 ან 5 %-ს“.

ყველაზე მსხვილი სარგებელი მოსახლეობას და ბიზნეს სექტორს რჩება პირველი და მეორე პუნქტებისაგან. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო შენატანი 2016 წლის ბიუჯეტში 2,086 მილიარდი ლარია. სხვა თანაბარ პირობებში საშემოსავლოს შემცირება სახელმწიფოს 4 წლის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 3,39 მილიარდ ლარს დააკლებს, რაც წელიწადში საშუალოდ 847 მილიონამდე ლარია. მოგების გადასახადის შემცირებით, რომელსაც 2016 წლის ბიუჯეტში 980 მილიონია გაწერილი, სხვა თანაბარ პირობებში 4 წლის განმავლობაში  სახელმწიფოს ჯამში დააკლდება დაახლოებით 816 მილიონი, რაც საშუალოდ წელიწადში 204 მილიონამდე გამოდის. ჯამში ამ ორი გადასახადის შემცირებით სხვა თანაბარ პიობებში ბიუჯეტს წელიწადში დააკლდება მინიმუმ 1,05 მილიარდი ლარი, რაც სხვა გადასახადების შემცირებით წლიური დანაკლისთან ერთად [ზუსტად გამოთვლა ვერ მოხდება ვინაიდან სამოქმედო გეგმაში დაზუსტებული არაა ყველა შემცირება, მაგალითად ალკოჰოლზე აქციზის შემცირება] შეიძლება ავიდეს ჯამში 1,2 მილიარდ ლარამდე წელიწადში.

შეკითხვები ჩნდება ამ კონკრეტული ქმედებების მეშვეობით მთავარი მიზნის მიღწევის ნაწილში: პრაქტიკულად არანაირი კონკრეტული ხელმოსაჭიდი არ ჩანს, რომ ამ „დატოვებული“ თანხის ეფექტი საკმარისი იყოს საიმისოდ, რომ იგი „ითარგმნოს“ სამუშაო ადგილების რაოდენობის, თან პირველივე წელს 45 ათასით ზრდაში. ასევე გაუგებარია მომდევნო წლებში რა გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას წელიწადში 30 ათასით. არ ჩანს დასაბუთება. თავად ის ფაქტი, რომ წელიწადში 1.2 მილიარდ ლარამდე ფულს სახელმწიფო მოიკლებს და მოსახლეობას/ბიზნესს დაუტოვებს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ეკონომიკისათვის სწრაფი ზრდისათვის საკმარისი ბიძგი იქნება [ორნიშნა ზრდაზე საუბარიც კი ზედმეტია], მით უმეტეს, რომ რეალობის გათვალისწინებით [რაში დაიხარჯება ეს ფული] ფულის ნახევარი მაინც იმპორტულ პროდუქციაში დაიხარჯება, რაც დაახლოებით 600 მილიონი ლარით დააწვება ლარის კურსს და გამორიცხული არაა წელიწადში 1,2 მილიარდი ლარის ეკონომიკაში დატოვებამ დამატებითი ინფლაციური წნეხიც კი გამოიწვიოს.

ასევე გაურკვეველია შემდეგი: ბიუჯეტს რეალურად 1,2 მილიარდი მოაკლდება წელიწადში. რაში არ დაიხარჯება ფული? ჯანდაცვას დააკლდება, ბიუროკრატიას, განათლებას, თუ რას? სავარაუდოდ ბიუროკრატიას, მაგრამ ეს ბოლომდე ნათელი არ არის.

ხაზი უნდა გავუსვათ საფოსტო გზავნილების ნაწილში de minimis ზღვარს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზღვარი უნდა გაიზარდოს და ლარის კურსის დაცემის გათვალისწინებით ის უნდა გახდეს მინიმუმ 500 ლარი მაგრამ არა 1500 ლარი. ეს უცილობლად გამოიწვევს ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერნეტში გადატანას, მოიგებს მოსახლეობა, მაგრამ დაზარალდებიან ადგილობრივი ბიზნესები. ჯამური ხეირი? ჩვენი შეთავაზება იქნება ჩვენს მიერ დასახელებული 500 ლარიან ზღვართან ერთად (ფიზიკურ პირებზე) საერთოდ გაუქმდეს იგივე (300 ლარიანი ზღვარი) იურიდიული პირებისათვის. ასეთი მიდგომა უფრო სამართლიანად მიგვაჩნია. ხეირს თუ არა, უფრო მეტ სამართლიანობას მაინც მივიღებთ. თუმცა მთლიანობაში რამდენად მნიშნვნელოვანია ეს თემა საიმისოდ, რომ წინასაარჩევნო ეკონომიკურ სამოქმედო გეგმაში ჩაიდოს ცალკე თემაა.

რა თქმა უნდა მისასალმებელია ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთების შემცირება 25 პროცენტით, მაგრამ უკეთესი იქნებოდა წარმოგედგინათ იდეა/შეთავაზება ქვეყნის შიგნით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების ხელშეწყობის შესახებ, რომელიც 40%-ით მაინც დააკმაყოფილებდა შიდა მოთხოვნებს ბენზინზე და დიზელზე მაინც [მით უმეტეს, როცა საუბრები ასეთი საწარმოს შესახებ უკვე მიმდინარეობს]. ალკოჰოლზე საშუალო ევროპული მაჩვენებელი ძალიან ბუნდოვანია და როგორც მინიმუმ დაკონკრეტებას ითხოვს.

მიმართულება #1-ის შეფასება: გაბედულება (3/10), რეალურობა (8/10), პოპულიზმი (5/10).

 

მიმართულება #2 – ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯის შემცირება

  1. შემცირდება სამთავრობო ხარჯები ქვეყნის მშპ-სთან მიმართებაში. 2016 წელს 33%, 2019 წელს შეფარდება 25 %-მდე დავა, 2021 წელს კი 20%-მდე.
  2. 2017 წელს სახელმწიფო ბიუროკრატიისა და სხვა არაეფექტურ ხარჯები შემცირდება სულ მცირე ერთი მილიარდი ლარით;
  3. ხარჯების ამ შემცირებას შეუქცევადი ხასიათი რომ მიეცეს, 2018 წლიდან საბიუჯეტო ხარჯების ზრდა შეიზღუდება რეალური ეკონონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებლით;
  4. „თავისუფლების აქტში“ შევა ცვლილება, რომელიც 2019 წლიდან მთავრობის ხარჯების მოცულობას შეზღუდავს მშპ-ს 25%-ით. 2022 წლიდან ეს მაჩვენებელი მშპ-ს 20%-ით განისაზღვრება.

კომენტარი: ამ წილის შემცირების მიზანი გასაგებია, ასევე გასაგებია, რომ შემცირდება გადასახადებისგან მიღებული შემოსავალი, გასაგებია რომ მეტი დამაჯერებლობისათვის ცვლილება თაფისუფლების აქტშიც შეიძლება. მაგრამ პირდაპირი მითითება არ არის კონკრეტულად რას მოაკლდება მილიარდი ლარი, ნათელი არ არის კონკრეტულად როგორ შეზღუდავთ საბიუჯეტო ხარჯების ზრდას რეალური ეკონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებლით და საერთოდ, არის კი გათვლილი ამ ნაბიჯების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე?

მიმართულება #2-ის შეფასება: გაბედულება (3/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (6/10).

 

მიმართულება #3 – უარი ზედმეტ რეგულაციებზე

  1. „ფილტრის პრინციპი“-ს შემოღება. ყველა ახალი რეგულაცია სავალდებულოდ გაივლის წინასწარ შეფასებას ბიზნესისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან გამჭვირვალობისა და ურთიერთდაბალანსების პრინციპით დაკომპლექტებული ორგანოს მიერ;
  2. „დასაბუთების ვალდებულების“ პრინციპი. რეგულაცია, რომლის დასაბუთებასაც გონივრულ ვადაში ვერ შეძლებს შესაბამისი უწყება, დაექვემდებარება გაუქმებას;
  3. „დაისის“ პრინციპი. 5 წლის შემდეგ ნებისმიერი რეგულაცია ავტომატურად გაუქმდება, თუკი ხელახალი განხილვის შემდეგ არ მოხდება მისი მოქმედების დასაბუთება და ვადის გაგრძელება;
  4. საგადასახადო დავების საბჭოს სამართლებრივ სტატუსის ამაღლება და მისი მუშაობის უფრო მკაფიო რეგლამენტაცია. შედეგად, თუ საჩივრის განხილვა არ მოხდა გონივრულ ვადაში, გადაწყვეტილება ავტომატურად მიიღება ბიზნესის სასარგებლოდ;
  5. ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის და ფიზიკური პირებისთვის გადახდით დეკლარირების შესაძლებლობის აღდგენა;
  6. სადაც შესაძლებელია, ყველა რეგულაციის გაუქმება, რომელიც საქართველოსთვის პირდაპირ სავალდებულო არ არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი და/ან სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
  7. გაუქმდება ქართულ ბაზარზე დაშვების ნებისმიერი შეზღუდვა იმ პროდუქტებისა და სერვისებისთვის (მაგალითად, მშენებლობა, ფინანსური მომსახურება, ფარმაცია, სურსათი), რომლებიც აღიარებული, ლიცენზირებული, სერტიფიცირებულია ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში.

კომენტარი: ყველა ეს ნაბიჯი პოზიტიური ჩანს და სწორად განხორციელების შემთხვევაში ალბათ გაადვილებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობას. თუმცა რამდენადაც კარგი ჩანს იდეა, იმდენად ბუნდოვანია მისი განხორციელების პროცესი და ეფექტი, რაც შეკითხვებს აჩენს. მაგალითად: „ფილტრის პრინციპი“-ს ფარგლებში რა ჯგუფი შეაფასებს რეგულაციას და რა წონა ექნება მის შეფასებას? „დასაბუთების ვალდებულება“ ვის წინაშე იარსებებს? „დაისის პრინციპი“ გულისხმობს გაუქმებას 5 წლის შემდეგ ენმ-ის არჩევიდან თუ რეგულაციის შემოღებიდან? საჩივრის განხილვა ისედაც ხდება გონივრულ ვადაში დღეს, რას ნიშნავს ავტომატურად გადაწყვეტილების მიღება? რა ფორმით აღადგენთ ალტერნატიულ აუდიტს? იქნებ რეგულაციას DCFTA ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია არ ითხოვს, მაგრამ იგი აუცილებელია, ასე ხელაღებით შეიძლება რეგულაციების გაუქმება? რეგულაციების გაუქმება თქვენი ნებით მოხდება თუ აქაც „ფილტრის პრინციპი“ იმუშავებს?

ზოგიერთი დებულება რამდენადაც ინოვაციურიცაა და სავარაუდოდ მოწონებით ისარგებლებს ბიზნეს სექტორში, იმდენადვე პოპულისტურია. ამ პუნქტების განხორციელება ნების არსებობის შემთხვევაში რეალისტური ჩანს მიუხედავად განხორციელების გზის ბუნდოვანებისა.

მიმართულება #3-ის შეფასება: გაბედულება (5/10), რეალურობა (6/10), პოპულიზმი (5/10).

 

მიმართულება #4 – ბიზნესისა და ინვესტიციის დაცულობა

  1. ფინანსური პოლიციის გაუქმება;
  2. სრული საგადასახადო ამნისტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ;
  3. ამნისტიის შემდეგ საგადასახადო მიზნებისთვის ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირება;
  4. კანონმდებლობის დაცვით გადასახადების შემცირება არ ჩაითვლება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებად;
  5. 500 000 ლარამდე (დღეს არსებული 50 000 ლარის ნაცვლად) გადასახადებისგან თავის არიდების დეკრიმინალიზაცია. ასეთ შემთხვევებში დავა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება;
  6. საგადასახადო ინკასოსა და ნებისმიერი სახის ყადაღის დადების წესს მესაკუთრის სასარგებლოდ შეცვლა. ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და დავალიანების პროპორციულად მოხდება. საგადასახადო შემოწმების საფუძვლებისა და ვადების ეფექტური სასამართლო კონტროლის განხორცილეების უზრუნველყოფა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით;
  7. საშუალება მიეცემა ბიზნესს სახელმწიფოსთან ნებისმიერი დავა სურვილისამებრ გადაიტანოს ერთ-ერთ აღიარებულ საერთაშორისო არბიტრაჟში (LCIA, AISCC, ICC, ICSID, HKIAC, ICA);
  8. შემოღებული იქნება პრინციპი, რომლის მიხედვით საგადასახადო დავის ბიზნესის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში სახელმწიფო ზარალს მყისიერად და სრულად აანაზღაურებს. დაგვიანების შემთხვევაში სახელმწიფოს ისეთივე საურავი დაეკისრება, როგორიც გადასახადის გადამხდელს სახელმწიფოსათვის დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისათვის დაეკისრებოდა.

კომენტარი: მივესალმებით ფინანსური პოლიციის გაუქმების იდეას. ეს ნიშნავს ბიზნესისათვის ხელის შემშლელი „ჩაქუჩის“ გაქრობას. თუმცა ფინანსურ პოლიციას აქვს ისეთი ფუნქციებიც, რომელთა გაქრობა მთლად დადებითი ალბათ არ იქნება. ამ ფუნქციებს სხვა დაწესებულებას შეუთავსებთ? რომელს? კარგი ნამდვილად არ არის ყოველმა ახალმა ხელისუფლებამ ტრადიციად გაიხადოს სრული საგადასახადო ამნისტია, მაგრამ ამ ეტაპზე ალბათ ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე აჯობებს ამ ნაბიჯის გადადგმა.

გაუგებარია რატომ არის მესამე პუნქტი ჩადებული, ისედაც ხომ 2017 წლიდან ხანდაზმულობის ვადა 3 წლამდე დადის?! ასევე გაუგებარია მე-4 პუნქტი, ვინაიდან თუ კანონი საშუალებას იძლევა ბიზნესს ისედაც აქვს უფლება ის გზა აირჩიოს, რომლითაც ნაკლებ გადასახადს გადაიხდის. მე-5 პუნქტი ერთის მხრივ კარგია, მეორეს მხრივ კი ბიზნეს ოპერტორთა ერთ ჯგუფს მეორესთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აყენებს, აშკარად აჯობებდა ერთი მიდგომა ყოფილიყო ყველას მიმართ.

მიმართულება #4-ის შეფასება: გაბედულება (5/10), რეალურობა (6/10), პოპულიზმი (5/10).

 

რეკომენდაციები მოძრაობა KAR.GE-საგან

გთავაზობთ უფრო სრულყოფილი გახადოთ თქვენი ეკონომიკური ხედვები/პროგრამა და განავრცოთ ისინი შემდეგი მიმართულებებით მაინც:

  1. ექსპორტი. ეს მიმართულება ქვეყანაში ყველაზე სერიოზული შემომტანია. მან 2015 წელს 2.204 მილიარდი USD შემოიტანა. რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ექსპორტის ზრდის მიმართულებით?
  2. ტურიზმი. ამ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორს სულ უფრო და უფრო მეტი შემოაქვს ქვეყანაში და ექსპორტის შემდეგ 2015 წელს 1.935 მილიარდი USD-თი მეორე შემომტანია. როგორ უზრუნველყოფთ დარგის განვითარებას, რომ ქვეყანა სულ უფრო მომზადებული დახვდეს ტურისტების მზარდ შემოდინებას?
  3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. 2015 წელს ქვეყანაში 1.351 მილიარდი USD პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. კონკრეტულად როგორ უზრუნველყოფთ FDI ზრდას?
  4. სოფლის მეურნეობა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის სოფლად მცხოვრები თვითდასაქმებული და 2015 წელს მშპ-ში სოფლის მეურნეობამ 9.2 % შეადგინა, მთლიანად აგრო სექტორის წილი კი ზოგიერთი შეფასებით 17%-მდე ადის. რას გეგმავთ ამ მიმართულებით? მიწის რეფორმა მაინც აუცილებლად არ მიგაჩნიათ?

 

შეთავაზება მოძრაობა KAR.GE-ს მხრიდან

საქართველოში 2015 წელს მთავრობამ დახარჯა 3.2 მილიარდი ლარი, მოსახლეობამ დახარჯა 12 მილიარდი ლარი, არასახელმწიფო ორგანიზაციებმა [უცხოური ინვესტიციების გამოკლებით] დახარჯეს დაახლოებით 6 მილიარდ ლარამდე. ჯამში 2015 წელს 21 მილიარდ ლარამდე შიდა ინვესტიცია განხორციელდა [დიახ, ეს ინვესტიციაა]. ეს უზარმაზარი შიდა რესურსია, რომელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის, რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უდიდესი პოტენციალი აქვს. პოტენციალის ამოქმედება ასე შეიძლება:

  1. საქართველოს მოსახლეობაში ქართული ხარისხიანი ნაწარმის პოპულარიზებაზე და გაყიდვების ზრდაზე მიმართული აქტივობების განხორცილება საიმისოდ, რომ მეტი ფული დაიხარჯოს ქართულ ნაწარმში;
  2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა და სახელმწიფო შესყიდვებისას/ტენდერებისას საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის ფასში უპირატესობის მინიჭება 10% მაინც [ან სხვა სახის მხარდაჭერა];

ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეკონომიკის კი თითქმის 90%. ეს იგრძნობა სუპერმარკეტების დახლებზე, ბაზარში, B2B გარიგებებში, სადაც გარიგებების 90%-მდე არაქართული წარმოების პროდუქციაზე ხდება. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2015 წელს 5.5 მილიარდ USD-ზე მეტი იყო და წლიდან წლამდე ასეა. მიუხედავად ამისა გამოსავალი არსებობს: ჩვენი ღრმა რწმენით როცა ყიდულობ ქართულ ნაწარმს გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს! ამ დროს ფული ქვეყანაში რჩება და იგივე ფული შემდეგი დახარჯვის შედეგად კიდევ უფრო მეტ დოვლათს და შემოსავალს ქმნის. ჩვენი აზრით ეს არის მოკლე დროში სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევის უდაო გზა. თუ პარტია ამ და სხვა იდეებით შეავსებს თავის ეკონომიკურ პროგრამას, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში გარანტირებულია და 6-8 წელიწადში მშპ-ს ისეთ გაორმაგების შანსი ხდება რეალური, ყოველი მოქალაქე რომ თავის ჯიბეზე იგრძნობს!!!

 

განმარტებები შეფასების სისტემასთან დაკავშირებით

შეფასების სისტემა 3 კრიტერიუმს ეყრდნობა. ფასდება თითოეული გზავნილი და ბოლოს კეთდება საერთო შეფასება.

  1. გაბედულობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ხაზს უსვამს თუ რამდენად გაბედული/რადიკალურია გზავნილი ყველა იმ გზავნილს შორის, რომელიც ხშირად გვსმენია წინასაარჩევნოდ.
  2. რეალურობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს თუ რამდენად შეუძლია ამ კონკრეტულ გუნდს ამ კონკრეტული გზავნილის განხორციელება ა) პარლამენტში და მთავრობაში მოსვლის ალბათობის, ბ) საკუთარი შესაძლებლობების, გ) სხვა ძალებთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნის და ისტორიის გათვალისწინებით.
  3. პოპულიზმი – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს ამომრჩევლის სურვილებზე გზავნილის/შეთავაზების განზრახ მორგების ხარისხს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის გზით ხმების მოსაპოვებლად. ქმედება, რომელიც ფართო მასის ინტერესს ემსახურება, მაგრამ აუცილებელია, ჩვენი აზრით ვერ ჩაითვლება პოპულიზმად.

ამ სამი კრიტერიუმით დადგენილი ქულების მიხედვით დგება მთავარი შეფასება: შეუძლია თუ არა ამ ეკონომიკურ პროგრამას დადოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მომდევნო 4 წლიდან რომელიმე წელს.

 

გამოყენებული მასალები:

#1 – პარტიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტი – http://unm.ge/ge/news/axali-energiit-uketesi-sakartvelostvis-2016-2020-clebis-samokmedo-gegma

#2 – პრეზენტაციის ვიდეო – https://www.facebook.com/nacionalurimodzraoba/videos/vb.197243066983672/1131061773601792/?type=2&theater

#3 – 12 ივლისს რუსთავი2-ზე გამოსვლა – http://rustavi2.com/ka/video/17389?v=2