ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > მითი # 2 ევროკავშირთან ასოცირება ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას გამოიწვევს?
ევროკავშირთან

მითი # 2 ევროკავშირთან ასოცირება ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას გამოიწვევს?

ხშირად გაიგონებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შემთხვევაში მოგვიწევს უარი ვთქვათ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან  ევროპაში არავის სურს ახალი პრობლემური რეგიონები.

თავისთავად ყველა ვერსიას და მათ შორის ამასაც აქვს არსებობის ლოგიკური საფუძვლები, თუმცაღა ფაქტი ისაა, რომ ასოცირების ხელშეკრულება განიხილავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს და ხაზგასმით ამბობს, რომ როგორც კი საქართველო აღადგენს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისინი ავტომატურ რეჟიმში მოექცევიან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

ასოცირების ხელშეკრულების პრეამბულაში ვკითხულობთ:

……. გამოხატავენ რა სრულ პატივისცემას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების მიმართ, საერთაშორისო სამართლის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად;

აღიარებენ რა, შერიგების კუთხით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებისა და საქართველოს ძალისხმევის მნიშვნელობას, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სრული და ეფექტური კონტროლი საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებზე, კონფლიქტის მშვიდობიანი და საბოლოო მოგვარების მისაღწევად საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე და ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიან და საბოლოო მოგვარებას;

აღიარებენ რა, ამ კონტექსტში, 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებისა  და მისი შემდგომი საიმპლემენტაციო ზომების, მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ადგილზე ქმედითი საერთაშორისო მექანიზმების არსებობის, ურთიერთხელშემწყობი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ხელშეწყობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების  მნიშვნელობას;

 ვალდებულებას იღებენ რა, საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული  საზოგადოების  ჩათვლით,  გაავრცელონ ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელი;

ხოლო ხელშეკრულების 429 მუხლის 2 პუნქტი კი ასე გამოიყურება:

   …..წინამდებარე შეთანხმების, ან მისი IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გამოყენება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებთან მიმართებით, რომლებზეც საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, დაიწყება, როდესაც საქართველოს მიერ, მის მთელ ტერიტორიაზე, უზრუნველყოფილ იქნება წინამდებარე შეთანხმების ან IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) სრული იმპლემენტაცია და შესრულება.