ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > დღე #1 შეჯამება: ეს იყო სრული შოკი!!!

დღე #1 შეჯამება: ეს იყო სრული შოკი!!!

20 ოქტომბრის თითქმის ღამის 2 საათი ხდება ამ სტატიის წერის პროცესში ჯონჯუში, კორეაში …
თბილისში ამ დროს საღამოს 9 საათს უკაკუნებს …
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი დღეღამის განმავლობაში მხოლოდ 1 საათი მეძინა და დატვირთული დღის შემდეგ რასაც ჰქვია მკვდარი ვარ, მაინც მოციკრიბე ძალები და ამ ტექსტს გიწერთ რომ გითხრათ შემდეგი:

IFFE 2016-ის პირველი დღე იყო სრული შოკი!!!
ქართული პროდუქციისადმი ასეთ ცხოველ ინტერესს ყველაზე ველურ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი!!!

რატომ?

1. ჯერ მისალმება დასრულებული არ გვქონდა [ანუ სტენდი გაწყობილი არ გვქონდა ბოლომდე], რომ დროზე ადრე აუარება ხალხი მოგვაწყდა. კიდევ კარგი, რომ ჩვენი მეგობარი ორგანიზატორების მთელი 6 კაციანი ჯგუფი გვეხმარებოდა და მოგვეხმარება, თორემ ჩვენ სამი [ქ-ნი ანა ციხელაშვილი, ბნ. გიორგი შაველიძე და მე, ტარიელ ზივზივაძე] ამდენ ხალხს რას „გავუმკლავდებით“?

2. ყველა პროდუქტი, რაც წავიღეთ, წავიღეთ ერთადერთი მიზნით – შეგვემოწმებინა იდეა. ერთმანეთზე უკეთესად მიიღეს ყველა, აბსოლუტურად ყველაფერი. იმდენად კარგად მიიღეს [და მიირთვეს კიდეც], რომ დეგუსტაციების შეჩერება მოგვიწია და ზოგიც არ დავიწყეთ, შემდეგი დღეებისათვის შემოვინახეთ, თორემ დღესვე გაქრებოდა ყველაფერი. წინ კი 4 დღეა კიდევ ექსპო;

3. რეალური buyer-ების დაინტერესება დავინახეთ. რამოდენიმე კონტაქტი უკვე გაჩნდა, რომელთაც საქმიანი შეკითხვები დაგვისვეს და რომელთაც ნიმუშები ბლომად გავატანეთ. რა ვიცოდი ასეთი ინტერესი იქნებოდა, თორემ … 5-ჯერ მეტი ნიმუში რომ წაგვეღო, იმათად მოვუძებნიდით გამოყენებას.

მოდი ამ სამი მიზეზით შემოვიფარგლები. ხვალ 10:30-ზე ექსპოს ბიზნეს კონფერენციაზე ქართული პროდუქციის შესახებ გამოსვლა მაქვს. თან კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები უნდა მოვიდნენ და ცოტა მაინც უნდა გამოვიძინო. აქ კი დღეს ჩვენს FB გვერდზე გაკეთებული FB Live-ის ვიდეოს გიტოვებთ, საიდანაც სრულად იგრძნობთ თუ რა ინტერესია ქართული დახლის მიმართ, რომლის საერთო ფართიც 54 კვადრატული მეტრია.

ცნობისათვის:
20-24 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში იმართება ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2016), რომელშიც კორეელი ორგანიზატორის World-OKTA-ს მოწვევით პირველად იღებს მონაწილეობას ქართული დელეგაცია. გამოფენაზე საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის (ათობით) პროდუქცია 6 სტენდზე იქნება წარმოდგენილი. ორგანიზატორები არიან: World-OKTA თბილისის ოფისი (მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელი, 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით, http://www.okta.net/) და მოძრაობა KAR.GE (საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვებისა და ექსპორტის ზრდა, https://kar.ge). გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.iffe.or.kr/2016_english/.