ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > გვეშველება რამე?
გვეშველება

გვეშველება რამე?

უსაქმურობის, როგორც სპორტის ეროვნულ სახეობებს შორის ყველაზე „ტრადიციულია“ გამოსავლის დაჟინებული ძიება [რა „უნდა“ გაკეთდეს]. თუნდაც ბოლო რამოდენიმე თვე ავიღოთ … ყველა ეძებს გამოსავალს ლომის უკანალისკენ მიმავალი საქართველოს ეკონომიკური სიტუაციიდან, მაგრამ შედეგად მხოლოდ ერთი ვხედავთ … ლაყბობას, მეტ ლაყბობას, კიდევ უფრო მეტ უსაქმო ლაყბობას და უკბილო პიარს. რაო, ბრეჟნევისდროინდელი „უძრაობის ხანა“ დაგვიდგა?

გვეშველება რამე? ლეგენდარული შეკითხვა, თან საქართველოში, რომელიც ძალაუნებურად ვანო ჯავახიშვილის შოუში 3 ლეგენდარული ჭანჭიკის შესახებ კახი კავსაძის გენიალური გამოსვლას მახსენებს. პირველი ორი ჭანჭიკი კიდევ ჰო, ვიცით და საქმით თუ არა უახლოეს სადღეგრძელომდე მაინც „მოვუჭერთ“, სიტყვით მაინც; აი იმ მესამესი კი რა გითხრათ. მას ყველა ეძებს, დაუღალავად ეძებს, დიდიან პატარიანად ეძებს. მაშინ როცა იგი ცხვირწინაა!

დაიწყეთ ქართული წარმოების პროდუქციის პოპულარიზება საქართველოს მოსახლეობაში! – ასე მარტივად ვეტყოდი აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაგრამ მთქმელს მსმენელი სჭირდება და გამგონე, იმის იქით კიდევ გამკეთებელი.  თქვენ თავზე თუ არ ფიქრობთ, მოსახლეობამ მაინც რა „დაგიშავათ“? ის ხომ არა, მურმან დუმბაძის მიერ „რეკლამირებული“ კიბოსი და ინფექციის რომ შეეშინდათ 3 წლის წინ?

ცხადია ინვესტიციციების მოზიდვა, ბიზნეს ფორუმების ჩატარება, შიგადაშიგ იმპორტული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამო პრემიერ მინისტრის დონეზე „შერცხვენა/გაწითლება“, თით[ებ]ის უმისამართოდ გაშვერა [ზოგიერთი მინისტრის „შუანა თითზე“ მიზანმიმართული “გაშვებაც”], ექსპორტზე ორიენტირება და ა.შ. ბევრი რამ თოქ შოუების თემა კიდევ გახდება, მაგრამ ამ ლაყბობის ფონზე, 2%-იანი ეკონომიკური ზრდით და მუდამ მზარდი მრავალმილიარდიანი  უარყოფითი საგარეო ვაჭრობის ბალანსით ჩვენ სულ უფრო მეტად ვღარიბდებით.

მივმართავ ხელისუფლების სათანადო ორგანოებს:

გადადგით რეალური ნაბიჯები. დაიწყეთ ქართული პროდუქციის ღიად მხარდაჭერა, რომ საქართველოს 3.7 მილიონიანმა მოსახლეობამ [დიახ, ესღა დავრჩით] ქართული წარმოების პროდუქტებში ხარჯოს ფული! გაშალეთ ქართული წარმოების პროდუქციის მხარდაჭერის მასიური და შეუჩერებელი მოძრაობა. ის, რასაც kar.ge აკეთებს, ოღონდ უფრო მეტი მხარდაჭერით და ჩართულობით ინტერნეტითაც და მის გარეთაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ ამას ღიად ვერ აკეთებთ, ფარულად ჩვენ მაინც დაგვიჭირეთ მხარი.