ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > 4 წელიწადში 22,000,000,000+ USD-თი გაღარიბებული საქართველო
სიღარიბე

4 წელიწადში 22,000,000,000+ USD-თი გაღარიბებული საქართველო

22 მილიარდ USD-ზე მეტი ფულის გადინება ბოლო 4 წელიწადში!
1,492 USD ღირებულების დოვლათის დანაკარგი თითო მოქალაქეზე 2015-ში!
5,5 მილიარდ USD-ზე მეტი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2015 წელს!

ამ 1 კვირის წინ ზარ-ზეიმით გვახარეს, რომ Heritage Foundation-ის მიხედვით საქართველო თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ფაქტი დასაფასებელია, ამას დამნახავი დაინახავს მაგრამ … „მერე მე რა?“ – იკითხავს უბრალო მოქალაქე. ვუპასუხებდი, მაგრამ რაც გავიფიქრე იმის დაწერა მეუხერხულება …

ეს ჩემთვის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კარი ფართოდ არის მოფრიალებული გინდა აქ შემოიტანე, გინდა აქედან გაიტანე თუ რა თქმა უნდა ამის „ერთი ადგილი“ გაქვს. მაგრამ თუ არ გაქვს? იმპორტიორს ჩვეულებრივ „ის ადგილიც“ აქვს, ფულიც და ძალაც. ექსპორტიორს რომ ჩვეულებრივ არც „ის ადგილი“ აქვს და არც ფული/ძალა, რომ იმ მოფრიალებულ კარში გავიდეს და ევროპის კარში ან რომელიმე სხვა ქვეყნის დიდის რუდუნებით ჩვენთვის გაღებულ კარში შევიდეს? თუნდაც შედი … რა, გგონიათ იქ ვინმე გულში ჩაგიკრავთ?

2015 წლის საგარეო ვაჭრობის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც მხოლოდ 2015 წელს მინუსში წავედით, ანუ უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა 5,521,000,000 აშშ დოლარი. ანუ 5,5 მილიარდი აშშ დოლარი ჩვენი ქვეყნიდან გაიწრიტა და 2014 წლის „ისტორიული რეკორდი“ მხოლოდ იმიტომ არ მოვხსენით, რომ მთლიანობაში საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია დაახლოებით 13 %-ით ბევრ ქვეყანაშ მიმდინარე კრიზისების გამო. დეტალური ანგარიში ნახეთ აქ.

3 მწარე დასკვნა საიმისოდ, რომ „ის ადგილი“ გაანძრიოს ყველამ – მთავრობამ, ბიზნესმა და მოქალაქემ:

  1. მხოლოდ 2015 წლის ამ დრენაჟის გამო საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ვერ მიიღო 1,492 USD დოვლათი ამა თუ იმ ფორმით [ფულადი, არაფულადი]. მეტიც, არათუ ვერ მიიღო, არამედ ეს დოვლათი სხვას გადაულოცა, სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ეს როგორ? მაგალითად, როცა ყიდულობ რუსულ პროდუქტს, ხელფასს უხდი რუსს, ავითარებ რუსულ ბიზნესს და გადასახადს უხდი რუსეთს;
  1. საქართველოს საგარე ვაჭრობის უარყოფითი სალდო მუდმივად მზარდია და 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში ჯამში 22 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. წარმოგიდგენიათ მაინც ეს რამოდენა თანხაა 4 წელიწადში ჩვენისთანა ქვეყნისთვის? ეს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტზე თითქმის 5 ჯერ მეტია! ეს ქვეყნიდან სუფთად გაწრეტილი თანხაა, რომელიც თითოეულს დაგვაკლდა! 22 მილიარდი აშშ დოლარით გავღარიბდით ბოლო 4 წელიწადში!
  1. რაღაც სერიოზული თუ არ გავაკეთეთ ყველამ – სახელმწიფომ, ბიზნესმა, მოქალაქეებმა, დაგვემხობა თავზე ყველაფერი! აუცილებელია მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა – „იყიდე ქართული“ ან რამე მსგავსი მასშტაბური აქტივობა, რომ შიდა ბაზარი მაინც დავიბრუნოთ. სასწრაფოდ რამეა გასაკეთებელი, რომ ერთობლივად შევუტიოთ ამ პრობლემას.

ოღონდ ნუ დამიწყებთ ეხლა, რომ ეკონომიკის თეორიის მიხედვით მთლად „სწორი“ მსჯელობა არაა ეს … მე ის უფრო მაფიქრებს ჯიბეში რას ვიგრძნობთ მეც და ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, ქართული ბიზნესი როგორ განვითარდება და ამ ქვეყანაში კონკრეტული ადამიანების სახელობის ორმოები მომრავლდება თუ „გატკიცინებული“ ინფრასტრუქტურა, წინ წავალთ „იბერიის გაბრწყინებისკენ“ თუ უკან „ლომის უკანალისკენ“.

თქვენ რას იტყვით ჩემო კარგებო?