ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ბებოს ჩურჩხელა – დღე #1, 30 დღიანი გამოწვევა
ბებოს ჩურჩხელა

ბებოს ჩურჩხელა – დღე #1, 30 დღიანი გამოწვევა

1 კვირიანი აქტიური კომუნიკაციის, დაგეგმარების, მოსალოდნელი შედეგების ანალიზისა და მცირე რჩევების კომპლექტის შემოთავაზების შემდეგ დღეს ვიწყებთ 30 დღიან გამოწვევას. არ დაგიმალავთ და ცოტათი ვნერვიულობ … ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი … მაგრამ მორჩა სენტიმენტები, გადავიდეთ საქმეზე …

დიდხანს ვარჩიე თუ რა წარმომედგინა პირველ პროდუქტად. არ დაგიმალავთ და 22 ვარიანტი მქონდა. ბოლო-ბოლო ლარიანის აგდებამ გადაწყვიტა და აი ისიც …

ბებოს ჩურჩხელა

3.5 ლარად შევიძინე SPAR-ის მარკეტში, თბილისში, დღეს, შარტავაზე. უგემრიელესია და თან მისაღებ ფასში, თავად გასინჯეთ და შეაფასეთ. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ ჩურჩხელა აუცილებლად კახური ჯობია, იცოდეთ, რომ სამეგრელოს აქვს ამბიცია, რომ უკეთესი ჩურჩხელა შემოგთავაზოთ!

შპს „ბებოს ნობათი“ მცირე ბიზნესია, რომელიც ზუგდიდში აწარმოებს ამ უგემრიელეს ჩურჩხელას. კომპანიასთან ჩემი პირველი კომუნიკაცია ამ წლის დასაწყისში შედგა, როცა შპს „ბებოს ნობათის“ ჩურჩხელას შესახებ kar.ge-ზე ეს სტატია დავდე. შემდეგ კომუნიკაცია კი მოძრაობა kar.ge-ს და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას მიერ ერთობლივად ორგანიზებული „Kar.ge ქართული ქარვასლა“-ს მოსამზადებელ ეტაპზე შედგა, თან წარმატებითაც. შპს „ბებოს ნობათი“ ჩაერთო გამოფენა-გაყიდვაში და ღირსეულად წარმოადგინა ქართული ჩურჩხელების დიდი და მრავალფეროვანი ოჯახი 26-27 სექტემბერს. მომავალი გამოფენა-გაყიდვა 18-20 დეკემბერს გვაქვს დაგეგმილი და ბებოს ჩურჩხელა იქაც იქნება წარმოდგენილი.

რითია ყველასგან გამორჩეული ბებოს ჩურჩხელა?

თუ დააკვირდებით, ჩურჩხელა ჯერ ვაკუუმშია შეფუთული, შემდეგ კი ორიგინალურ შეფუთვაშია ჩადებული. მე არ ვიცი მეორე ჩურჩხელა, რომელიც ასეა შეფუთული. “ბებოს ნობათი” ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს, რომ ყველა ძირითად სავაჭრო წერტილში ხელმისაწვდომი იყოს მისი პროდუქტი. რა თქმა უნდა მარკეტინგის მიმართულებით უამრავი საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდება.

ერთი წინასაახალწლო მინიშნება მომხმარებელს ჩემგან

ახალი წელი მოდის. თუ თანამშრომლებისათვის სასაჩუქრედ ან სტუმრობისას ხელის დასამშვენებლად იდეები გაინტერესებთ, ერთ-ერთ ალტერნატივად აუცილებლად განიხილეთ ბებოს ჩურჩხელა. საჩუქრით ნამდვილად იამაყებთ. ახალ წელს სტუმრად მისვლისას ქართული წარმოებული პროდუქტით ხელის დამშვენება წესად უნდა ჩავნერგოთ, ისევე, როგორც წინასაახალწლო ქართულ სუფრაზე მხოლოდ ქართული პროდუქტების დალაგებით. არ ვხუმრობ! ქართული წინასაახალწლო სუფრა მხოლოდ ქართული პროდუქტებით უნდა გააწყოთ. მერწმუნეთ, ეს შესაძლებელია. შეკვეთებისათვის პირდაპირ დაუკავშირდით კომპანიის წარმომადგენელს, ქალბატონ ქეთი კვარაცხელიას.

გაგისინჯავთ ბებოს ჩურჩხელა?
ყოფილხართ ჩვენს გამოფენა-გაყიდვაზე 26-27 სექტემბერს?

PS
სხვათა შორის ერთი იდეა გვაქვს …
როგორ მოგწონთ იდეა, რომ დაწესდეს ჩურჩხელას საერთაშორისო დღე?
რატო რა, ღვინის და ყველის თუ კეთდება, ჩურჩხელა რითია ნაკლები?