ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > აღმოაჩინეთ ჩირი – ახალი ქართული პროდუქტი!

აღმოაჩინეთ ჩირი – ახალი ქართული პროდუქტი!

უგემრიელესი პროდუქტი აღმოვაჩინე ამ ცოტა ხნის წინ გუდვილში ჩატარებული გამოფენა-გაყიდვაზე – „აირჩიე ქართული“. მინდა შევაფასო და მოსაზრებები დაუფარავად გაგიზიაროთ. ბევრი რამ მომეწონა, მაგრამ არის ნიუანსები, რომლებიც არ მომეწონა. იმედი მაქვს მწარმოებელი მათ გაითვალისწინებს.

ქარელის ხილი – სასარგებლო და გემრიელი
შავი ქლიავის ჩირი დამზადებულია შპს „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანიის“ მიერ ქარელის რაიონში, სოფელ სამწევრისში მდინარე ძამას ხეობის ეკოლოგიურად სუფთა მიდამოებში. გამოყენებულია ქარელის, გორისა და ბაღდათის რაიონებში მოყვანილი ზომიერად მწიფე შავი ქლიავის ჯიშები: „ქართული შავი ქლიავი“, „სტენლი“ და „იმპრესსი“. ჩირი დამზადებულია თანამედროვე, დაბალ ტემპერატურაზე შრობის ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც მთლიანად უნარჩუნებს მას სასარგებლო თვისებებს.

პროდუქტი
ეს არის ქლიავის ჩირი, კურკიანი. არის უკურკო ვარიანტიც და არის ქლიავის და ვაშლის ჩირების ნარევი. სამ სხვადასხვა ფერშია პროდუქცია. სამივე ვარიანტი გავსინჯე გამოფენა-გაყიდვაზე და სამივე არის უბრალოდ სუპერ!

შეფუთვა
გადასარევია …დიზაინი და საერთო ვიზუალი მეტად ეფექტურია. ზედ დატანილი ინფორმაცია საკმარისია ინფორმაციის სრულად მისაღებად. მეტად მოხერხებული პაკეტია, რომელიც ადვილად იხსნება და სხვათა შორის ჰერმეტულად იკეტება კიდეც. თან გამჭვირვალე ფანჯარაც აქვს წინ, რომ პროდუქტი დაინახო.

ხარისხი
შესანიშნავია. უგემრიელესია და ეს არ არის გადაჭარბება!
ერთადერთი რაც კურკიანის შემთხვევაში არ მომეწონა ისაა, რომ კურკა არის მაგარი და შეიძლება კბილი შეიწიროს. სურათს ახედეთ, იფიქრებთ რომ შიგნით კურკაა? შეიძლება ისე ჩაკბიჩოთ რომ … ეს მინუსია … მე მგონი კურკიანი საერთოდ ამოსაღებია ასორტიმენტიდან. ან რამე მინიშნება აუცილებლად უნდა იყოს თავად პროდუქტზე. წარმოიდგინეთ მაგიდაზე, სუფრაზე დალაგებული ეს პროდუქტი … რთული თემაა … პოტენციური შარის წყაროა.

სერტიფიცირებულია თუ არა
ეტიკეტზე რამე მსგავსი ინფორმაცია არ აღენიშნება.

სად იყიდება?
მითხრეს გუდვილში არისო. მე თვითონ არ მინახავს.

ფასი
3 ლარი მივეცი გამოფენა-გაყიდვაზე. 200 გრამია პაკეტში. ფასი სრულიად გამართლებულია. ჩემთან სახლში ძალიან მოეწონათ ოჯახის წევრებს. მაგრამ ფრთხილად კი მიირთმევდნენ [კურკიანი ვიყიდე].

სარეკლამო კამპანია. Facebook აქტივობა
მსგავსი არაფერი შემინიშნავს. გამოფენაზეც კი მინიმალური პარტია ჰქონდათ მოტანილი. ამის ყიდვაც ძლივს მოვასწარი. ბოლო იყო შემორჩენილი მაგიდაზე.

ვიყიდი თუ არა მეორედ?
რა თქმა უნდა. ოღონდ უკურკოს, ცალსახად!

ბრენდინგი [სახელი, ლოგო, სლოგანი]
სლოგანი – „სასარგებლო და გემრიელი“ – ნორმალურია. აი სახელი კი არ მომეწონა. „ჩირი“ ის ბრენდი არ არის, რომელსაც დაიცავთ მეგობრებო. ეს ბრენდი ჯობია ეხლავე მოკლათ და ახალი შექმნათ. ამ სახელში უნიკალობა არაა. სახელი „ჩირი“ ყველასია და არა მხოლოდ თქვენი. რამე უნიკალური გჭირდებათ. ჩირის ბრენდები ვიცი მაგალითად ჩირიფრუტი, ჩირკოლადი, სკიჯი. რამე ეგეთი სახელი გინდათ, ორიგინალური.

ვებსაიტი, FB გვერდი
http://www.kareliagro.com/ – მოქმედის და საკმაოდ ეფექტური ვებსაიტიც დევს ზედ. აშკარად გიფიქრიათ ამ საკითხზე. აი Facebook გვერდი კი ვერ ვნახე.

წარმატებები!
მაგარი ხალხი ხართ ასეთი სუპერ პროდუქტი რომ გამოიტანეთ ბაზარზე. ცოტაც დახვეწეთ და ხელთ ნამდვილი ბომბი გექნებათ!