ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ექსპორტი > აფერისტობა „ევროკავშირის“ მასშტაბით თუ …
თხილი

აფერისტობა „ევროკავშირის“ მასშტაბით თუ …

თხილის ექსპორტი 2014 წელს 184 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო 2015 წელს 176 მილიონ USD შეადგენდა. ეს დღევანდელი მთავრობის აშკარა მიღწევაა, რაშიც საერთაშორისო ორგანიზაციებსაც აქვთ წვლილი და უბრალო მოსახლეობასაც. ვის შეიძლება უნდოდეს ამ აწყობილი საქმის ჩაშლა?

აფერისტობა „ევროკავშირის“ მასშტაბით თუ უბრალოდ დაუზუსტებელი ინფორმაცია? დღეს გავრცელდა ინფორმაცია თხილის ერთ-ერთი ექსპორტიორის შესაძლო „მაიმუნობის“ შესახებ. თითქოს ერთ-ერთმა მეწარმემ გერმანიაში გაგზავნილი თხილის პარტიაში საკმაოდ დიდი მოცულობის მიწის თხილი შეურია. არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ არ დაგიმალავთ და ადრე თუ გვიან მსგავსი მოხდებოდა, ვგულისხმობ ასეთი ტიპის უარყოფითი ინფორმაციის გავრცელებას და აი რატომ: 1) თხილის ექსპორტის საქმეში ჩართული ვიღაც აქაური „ივაჟკაცებდა“ ტრადიციულ-ყანწპატრიოტულად, 2) კონკურენტი „გაგვიჩალიჩებდა“, ან 3) ვინმე არაკეთილმოსურნე დაინტერესებული მხარე ეცდებოდა კარგად აწყობილი თხილის ექსპორტის სქემის ჩაშლას. მე პირადად უფრო მეტად მგონია რომ აქ ორიდან ერთია: 1) ან ეს არის დეზინფორმაცია, ან 2) ვიღაც მართლა შეგნებულად ცდილობს „ივაჟკაცოს“.

ცხადია, რომ მსგავსი სიტუაციის მოგვარების მზა „რეცეპტები“-ს შეთავაზება რთულია, მაგრამ ჩემი აზრით ყოველ მსგავს სიტუაციაზე მინიმუმ სამი ნაბიჯია გადასადგმელი:

  1. სახელმწიფო დონეზეა გამოსაძიებელი ყოველი ასეთი ფაქტი. იმოდენა ჯაფა და ფული იდება ამ საქმეში, როგორც სახელმწიფოსი, ასევე ევროკავშირის და უბრალო ადამიანების, რომ ბოლომდეა გასარკვევი მართლა მოხდა ეს ფაქტი, თუ ვიღაც აწყობილი საქმის ჩაშლა აქვს გეგმაში. თან ისე უნდა გაკეთდეს ეს, რომ ეჭვი არავის დარჩეს.
  1. თუ ეს შეგნებულად „გაჩალიჩებული“ საქმეა, რაც გამორიცხული არაა უმძაფრესი მსოფლიო კონკურენციის პირობებში, მაშინ უნდა გამოვლინდეს დამნაშავე მხარე და „დაისაჯოს“. ცხადია ამ ქმედებისათვის სისხლის სამართლის დანაშაული არ არის ხოლმე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ლაქა უნდა ჩამოგვშორდეს.
  1. ხოლო თუ ეს მართლა აქაური მეწარმის განზრახ არის ჩადენილი, მაშინ ის ისე უნდა „ამოიწვას“ საქართველოს საექსპორტო ჯაჭვიდან, რომ მეორედ მსგავსის გაფიქრებაც კი არავინ შეძლოს. გადაწყვეტილება უნდა იყოს დაუნდობელი და საჯარო, რომ ყველამ გავიგოთ ვინ ჩაიდინა ეს „გმირობა“.

 

მეთანხმებით?
სხვას რას შემოგვთავაზებთ?