… ასეთი სირთულის პროექტი აქამდე არ აგვეწია …
არადა წინა პროექტის – KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017 შეჯამებას რომ ვწერდი ზუსტად იგივენაირად დავიწყე … ეს მხოლოდ კარგზე მიანიშნებს!
რა? სად? როდის?
26 მაისის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 2017 წლის აპრილ-მაისში შეიქმნა და 25,000 ოჯახს და ორგანიზაციას საქართველოს მასშტაბით საჩუქრად დაურიგდა საგაზეთო გამოცემა – “#ქართულიადაკარგია”, რომელშიც განთავსდებულია ხარისხიანი ქართული ნაწარმი ფოტოებით, აღწერით, მწარმოებლის საკონტაქტო ინფორმაციით, ფასებით და ყიდვის ადგილებით. კატალოგი არის ფერადი და დაიბეჭდა უმაღლესი ხარისხის პრიალა ცარცის ქაღალდზე.
ჩვენ მარტივი SMART მიზანი გვქონდა:
25,000 ოჯახში და სახელმწიფო/კერძო ორგანიზაციაში მისული საგაზეთო კატალოგი ერთი კვირაში 100,000, ერთ თვეში კი 300,000-მდე ინფორმირებულ მყიდველს ნიშნავს. თანმხლები Facebook კამპანიით კი კატალოგის ელექტრონულ ვერსიას მინიმუმ 1,000,000 პოტენციური მყიდველი გაეცნობა, რომელთა 20-25% ქართული პროდუქციით დაინტერესებული აუდიტორიაა. ანუ, ჯამურად მინიმუმ 500,000 ქართული ნაწარმით რეალურად დაინტერესებული მყიდველი გაეცნობა საგაზეთო კატალოგს და მასში წარმოდგენილ პროდუქციას. მყიდველთა ნაწილი იმის გამო იყიდის, რომ ნაწარმი ნაღდად ქართულია [პატრიოტული მოტივაცია]; ნაწილი იმიტომ, რომ ახალ ქართულ ნაწარმს აღმოაჩენს [ცნობადობის ზრდის ეფექტი]; ნაწილი კი პირდაპირ მწარმოებლებისგან იყიდის მსხვილ პარტიას უკეთეს ფასში [პრაგმატული მოტივაცია].
მადლობა ვის?
გამოცემის შექმნასა და ბეჭდური/ინტერნეტ ვერსიების გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის პირველ რიგში მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხარო ჩვენს სპონსორებს – სს “ნიკორა”-ს და შპს “კამპა”-ს, რომელთაც მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს ჯერ კიდევ 2016 წელს;
მადლობა თითოეულ იმ კომპანიას, რომელიც გამოცემაში ჩაერთო და რომელთაც ძალიან კარგად ესმით, რომ ძალა ერთობაშია!
მადლობა საინფორმაციო ცენტრ 08-ს. ჩვენ მათ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია კომპანიების და მათი პროდუქციის შესახებ და თუ ვინმე დარეკავს, თემატური ზარების რაოდენობა აღირიცხება.
მადლობა სტამბა COLOR-ს, სადაც უმოკლეს ვადაში პროფესიონალურ დონეზე მომზადდა დიზაინი და დაიბეჭდა გამოცემა და გავრცელდა „კვირის პალიტრა“-სთან ერთად.
და რა თქმა უნდა მადლობა პროექტზე მომუშავე ჯგუფს, რომელიც მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად შრომობდა თქვენთვის ინფორმაციის ასეთ ფორმაში მოსაწოდებლად.
სპეციალური მადლობა იმ 1000-მდე კომპანიას, რომელთაგან ზოგმა ყურადღება არ მოგვაქცია, ზოგმა კი უარი გვითხრა. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვიდასტურებს თუ რა სირთულეებია ჩვენს ირგვლივ.
მოვლენათა ქრონოლოგია
პროექტი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა იდეა ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა, როცა ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ქალბატონმა დარეკა და მკითხა: თქვენ კი იცით ეს ქართული ნაწარმი რა არის და სად იყიდება, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, რატომ არ გვაგებინებთო? ჩამრჩა გონებაში. ჰოდა დადგა საჭირო დროც …
2017 წლის 20 მარტიდან 6 აპრილამდე გვქონდა იდეის დახვეწის პერიოდი. ეს ჩვენთვის იყო ძალიან რისკიანი იდეა, რომლის გაჟღერებაც კი უკვე პასუხისმგებლობა იყო საკმაოდ დიდი. თან მსგავსი ჩვენ კი არა, ამ სფეროში არავის აქამდე არ ჰქონდა განაკეთები. ამის გარდა ფინანსურად ჩვენთვის სერიოზული თანხა ჯდებოდა და მოიძებნებოდა კი იმდენი ქართული კომპანია, რომ გაგვექაჩა?
მაინც გავრისკეთ! და საბედნიეროდ გავქაჩეთ!
2017 წლის 6 აპრილს პროექტი დაანონსდა KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“-ის პრეზენტაციაზე. დაანონსდა და მეორე დღიდანვე შევუდექით მზადებას.
6 აპრილიდან 17 აპრილამდე მოვამზადეთ ყველა საჭირო მასალა, რათა კომპანიებთან აქტიური მუშაობისას ხელთ გვქონოდა ყველა საჭირო „ინვენტარი“.
18-28 აპრილის პერიოდში იყო კომპანიებთან მუშაობისა და პროექტში ჩართული კომპანიების გამოვლენის პერიოდი. 1000-მდე კომპანიას მივაწოდე ინფორმაცია ამა თუ იმ ფორმით. 300-მდე კომპანიას დავურეკე პირადად. ეს იყო ყველაზე რთული სამუშაო პერიოდი, ვინაიდან დროში ვიყავი შეზღუდული ძალიან (22 მაისს გამოდიოდა კვირის პალიტრის ის გამოცემა, რომელშიც უნდა ჩაგვედო ჩანართი). საბოლოოდ 28 კომპანიამ მოგვცა თანხმობა. Success Rate იყო ყველაზე დაბალი რაც კი ოდესმე რომელიმე პროექტში გვქონია.
28 აპრილიდან 5 მაისის პერიოდში შეიქმნა და მომზადდა სრული მასალა. საბედნიეროდ ეს მხარე გამიადვილდა, ვინაიდან კომპანიათა უდიდესმა ნაწილმა მზა პოსტერები მომაწოდა.
7-12 მაისის პერიოდში შევქმენით დიზაინი, რომელმაც 3 ეტაპიანი გადამოწმების პერიოდი გაიარა ჩვენს ხელში. ფოტოზე აღბეჭდილია ყველა ის სამუშაო ვერსია, რომელიც მომზადდა მუშაობის პროცესში და გადამოწმებისა მიზნებისათვის. პირველი, თეთრი შაბლონი, 2017 წლის 6 აპრილს ავაფრიალე პირველად საექსპორტო კატალოგის პრეზენტაციაზე.
15 მაისს საბეჭდი ფაილი უკვე მივაწოდეთ სტამბას და გამოცემა რამოდენიმე დღეში უკვე მზად იყო. ვეწვიე სტამბას და ყველაფერი გადავიღე, რომ ფართო საზოგადოებისათვის მეჩვენებინა, თუ რა გავაკეთეთ. სტატია KAR.GE-ზე დაიდო. ვიდეოს კი აქვე გთავაზობთ.
22 მაისს კი გავრცელდა კვირის პალიტრა. მეც რა თქმა უნდა მალევე შევიძინე და შედეგი ვიდეოს სახით KAR.GE-ზე გამოვაქვეყნე. გაზეთი ვიყიდე წერეთელზე, მეტრი წერეთლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველივე პრესის ჯიხურში.
რა შედეგს მოიტანს ჩვენი ეს სვლა?
ჩვენი მიზანი მოსახლეობის ინფორმირების კუთხით უკვე სრულდება. ოღონდ ასეთი საქმის შედეგი 2 დღეში არ ითვლება. ფაქტია, რომ ზარებიც ხდება და შეკვეთებიც კეთდება. საიდან ვიცი? მუდმივად ხაზზე ვარ კომპანიებთან და ასევე 08-სთან. აი რამოდენიმე გამოხმაურების ამონაწერი Facebook-იდან. პირველი არის კომპანიის წარმომადგენლის მოწერილი 22 მაისს, გამოცემის გავრცელების პირველივე დღეს.
ეს კი მეორე, ოღონდ 08-ს წარმომადგენლისგან გამოხმაურება 25 მაისს.
და ეს მომდევნო რამოდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. ადამიანი, რომელსაც ქართულის მიმართ გული შესტკივა, ჩვენს გამოცემას არ გადააგდებს, შეინახავს, და როცა დასჭირდება დარეკავს, იყიდის და სხვასაც ეტყვის. თუმცა ერთიცაა, რეალური ბერკეტი, რომ ზუსტად გაზომო ეფექტი არ არსებობს. ეს ის რისკია, რომელიც გავწიეთ გააზრებულად.
მონაწილე კომპანიები
მადლობას კიდევ არაერთხელ გავიმეორებ იმ კომპანიათა მიმართ, რომლებიც ასეთ საქმეში გვერდში დაგვიდგნენ. სრული ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ თავად გამოცემის ელექტრონულ ვერსიაში, რომლის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ (34 მბ). ესენი არიან:
AG Telekom-ის წარმომადგენლობა საქართველოში
BakeHouse
აგროქიზიყი
ბაზალტ ფაიბერსი
ბებოს ნობათი
ბლაუენშტაინ საქართველო
გეოპლანტი
გრეიფი
დილის პროდუქტები
ენ ერ ჯი ჯორჯია
ვინიფერა
თიდაზინი
ამალთეა
ივერია
ივერია ტექს
კამპა
კოსმეტიკური საცხი “იზოსია”
კულა
ი.მ. მარიამ გიორგაძე
მარნეტი
ნიკორა
კორიდა
ოკეანე
ნოვა
ნუტრიმაქსი
პანექსი
რუსთავის აზოტი
სიღნაღი (ზეთი)
სტოუნ არტი
ფრეკო
შემდგომი ნაბიჯები
აქტივობა ინტერნეტში აუცილებელია, სადაც საქართველოს მოსახლეობის 53%-მდე გახვალ. მაგრამ ასევე აუცილებელია ადამიანები ხელით შეეხონ თემას. ამ გადასახედიდან პრინციპული მნიშვნელობა აქვს ასეთი მასშტაბური გამოცემის არსებობას, როგორიცაა საგაზეთო გამოცემა – #ქართულიადაკარგია.
ძალა ერთობაშია!
PS
ჩამოტვირთეთ “საგაზეთო გამოცემა – #ქართულიადაკარგია”-ს pdf ვერსია აქ