ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნესი

როგორ ჩავკლათ საკუთარი ბიზნესი საკუთარი ხელით ჩანასახშივე?

ამას წინათ ერთი ქართველი მეწარმე დამიკავშირდა. მომიყვა საკუთარი თავის, კომპანიის, პროდუქტის და გეგმების შესახებ. ბოლოს მკითხა როგორ უნდა გაეზარდა გაყიდვები. ყურადღებით მოსმენის შემდეგ დეტალურად ავუხსენი თუ კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს მარკეტინგის კუთხით. გამოვყავი „მინიმალური“ ვარიანტი ცალკე და შემდეგი ეტაპის საქმიანობები. რა თქმა უნდა ავუხსენი რა ჯდება თითოეული ეს მომსახურება ბაზარზე. ცოტა ხანში აშკარად დავინახე, რომ მას გაყიდვების უცებ გაზრდა უნდა. საამისოდაც შევთავაზე რამოდენიმე გზა, რა თქმა უნდა თავისი აუცილებელი ინგრედიენტებით.

მოკლედ, თითქმის 1 საათი „ვნაყე წყალი“. ეს ადამიანი ბოლომდე ორიენტირებული იყო 3 ბანკიდან აღებული სესხის გადასახდელად სწრაფად ფულის შოვნაზე და საერთოდ არ აინტერესებდა ის მარკეტინგული „ანა-ბანა“, რომელიც აუცილებლად იყო გასაკეთებელი მის შემთხვევაში.

სამწუხაროდ ასეთ მაგალითებს ხშირად ვხედავ kar.ge-ზე პროდუქტების შესახებ წერის დროს. ჩვეულებრივ ან არის კომპანია, რომელსაც მარკეტინგულად ყველაფერი აქვს მოწესრიგებული [გურიელის ტყის ხილის ჩაი, ასკილის ბიო წვენი] ან კიდევ კომპანია, რომელსაც მარკეტინგის კუთხით ბევრი აქვთ კიდევ გასაკეთებელი [სიმინდის ფქვილი]. ხოლო მათ, ვისაც არაფერი მარკეტინგული წესრიგში არ აქვთ, ხშირად არ ესმით რა არის საჭირო და რატომაა საჭირო. ამიტომ გადავწყვიტე „ასეთი“ სტატიის დაწერა. მინდა ყველამ გაიგოს საკუთარი ბიზნესის საკუთარი ხელითვე ჩანასახშივე ჩაკვლის „უტყუარი გზა“ რომ მერე საწინააღმდეგოს „ხეირი“ დაინახოს …

 

ანუ, თუ გსურთ თქვენი ბიზნესი თქვენივე ხელით ჩანასახშივე ჩაკლათ არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ის, რაც ქვემოთაა ჩამოყალიბებული … [ამას ბრენდინგი და კომუნიკაცია ეწოდება] ან გააკეთეთ „უკუღმა“ …

  1. ბრენდის კონცეფცია – რა/ვინ არის ბრენდი, რითია იგი სხვებისგან განსხვავებული და უნიკალური, რას გვპირდება ეს ბრენდი და ა.შ. თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც თითქმის არცერთი მცირე ბიზნესი არ აქცევს ყურადღებას. ამ კომპონენტს ცალკე არავინ აფასებს, მაგრამ „სტატიის ხათრით“ ჩავწეროთ აქ ხარჯი 1000+ ლარიდან.

შენობას როცა აშენებთ გადახურვიდან იწყებთ? ასეა აქაც … თუ თქვენ არაფრად გიღირთ ბრენდის პლატფორმა, ის მყარი საფუძველი, რაზედაც შემდეგ თქვენი „შენობა“ უნდა ააშენოთ, „მოჟოშკეთ“ და არ დახარჯოთ ამ საქმეზე ფული.

  1. ბრენდის სახელი – საჭიროა უნიკალური ბრენდის სახელი, ყველასგან განსხვავებული. სახელის მოფიქრება კომპლექსური საქმეა და ამოცანის სირთულიდან გამომდინარე მისი ფასი ჩვეულებრივ 2,000 ლარიდან იწყება საქართველოში.

თქვენ თანახმა ხართ გქონდეთ არაფრისმთქმელი სახელი? მაშინ მოიფიქრეთ იგი თავად და 10-დან 9 შემთხვევაში მიიღებთ „ჭიჭიკო-95“-ის სადარ სახელს, რომლითაც უახლოეს ბაზარს ვრე გაცდებით.

  1. ლოგო – ეს არის თქვენი ბრენდის გრაფიკული ვიზუალიზაცია. ეს საქმეც ფული ღირს და მისი ფასი 1,000 ლარიდან იწყება. გამოიყენეთ პროფესიონალის დახმარება და მიიღებთ შედეგს, რომლითაც იამაყებთ.

ან გააკეთეთ თვითონ და მიიღეთ არაფრით გამორჩეული ლოგო, რომელიც მაშინვე დამარხავს დახლზე და მომხმარებლის გონებაში თქვენს თუნდაც „სუპერ“ პროდუქტს ათობით სხვა კონკურენტს შორის.

  1. სლოგანი – სხარტულა ფრაზა, რომელიც ასევე არის თქვენი მთავარი გზავნილი მყიდველისადმი. ესეც არ არის ადვილი მოსაფიქრებელი და მისი მოფიქრებას ხშირად კვლევაც კი სჭირდება. თქვენ შეიძლება მართლა გქონდეთ ხალასი იდეა და თვითონვე უცებ მოიფიქროთ სლოგანი, მაგრამ პროფესიონალის დახმარება 1,000 ლარიდან დაგიჯდებათ.

თქვენ ფიქრობთ რომ გააზრებული სლოგანი არ გჭირდებათ? მაშინ მოიფიქრეთ თვითონ ისეთი ფრაზა, რომელიც არსებითად კავშირში არ იქნება თქვენ ბრენდთან და მას კომუნიკაციისას ვერ გამოიყენებთ რიგიანად.

  1. შეფუთვა – მას შემდეგ რაც ბრენდ პლატფორმა, სახელი, ლოგო, სლოგანი და ეტიკეტზე დასატანი სხვა ინფორმაცია შეკრებილი გაქვთ, აუცილებლად დაგჭირდებათ თქვენი პროდუქტის შეფუთვა. ამას თქვენით ნამდვილად ვერ მოახერხებთ და ამოცანის სირთულიდან გამომდინარე ერთი შეფუთვის დიზაინის ფასი ბაზარზე 500 ლარიდან იწყება [ბეჭდვა კიდევ სხვა ხარჯიცაა].

სპეციალისტს რა თქმა უნდა არ უნდა გადაუხადოთ, ხომ? ამას თქვენით მაინც ვერ მოახერხებთ, მაგრამ თუ მაინც ეცდებით, სცადეთ და გააკეთეთ რამე … ეს კიდევ ერთი გზაა, რომ დახლზე დამარხოთ თქვენი პროდუქტი არაფრით გამორჩეული შეფუთვის გამო.

  1. კორპორატიული სტილის ატრიბუტიკა [ე.წ. ვიზიტკა, ბლანკი, ფლაერი, კალმისტარზე დასატანი ლოგო, სერტიფიკარი და ა.შ] – რაც მე გამოფენებზე დავდივარ ქართული ბიზნესების ნახევარზე მეტს სავიზიტო ბარათიც კი არ აქვს ნორმალური. კი მართალია დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ბარათების [ვიზიტკების] როლი შედარებით დაკნინებულია, მაინც, საქართველოში მოსახლეობის 80%-ს ისევ ძველებური მეთოდებით თუ მოხიბლავ. როცა ლოგო გაქვს, ამ ატრიბუტიკის დამზადება შემდეგი ნაბიჯია. თუ თქვენ მხოლოდ ვიზიტკის და ბროშურის დიზაინი გნებავთ ფასი შეიძლება 100 ლარიდანაც კი დაიწყოს, მაგრამ თუ სრულფასოვანი ბრენდბუქი გნებავთ ყველა წესის დაცვით გაკეთებული, მოგიწევთ 2000+ ლარის გადახდა მხოლოდ დიზაინებში. ცალკე საქმეა ბეჭდვა/დამზადება;

არ დახარჯოთ ამ საქმეში და არ გააკეთოთ არც ელემენტარული დიზაინები და არც მით უმეტეს ბრენდბუქი. ყველა კონკრეტული დიზაინი, ყოველ ჯერზე, ყოველი საჭიროებისათვის სხვადასხვა ადამიანს გააკეთებინეთ და თქვენ დამაჯერებლად მოკლავთ თქვენს საქმეს.

  1. ვებსაიტი – ვებსაიტის გარეშე ბრენდი დღეს წარმოუდგენელია. თუმცა მინდა დაგამშვიდოთ … ეს ნამდვილად არ ღირს ათასობით ლარი. ნორმალური ვებსაიტი მცირე კომპანიისათვის შეიძლება დაგიჯდეთ ერთჯერადად 1000 ლარიდან [კიდევ უფრო იაფადაც შეიძლება]. მთავარია გქონდეთ შინაარსი [ტექსტი, სურათი, ვიდეო, აუდიო], რომელსაც საიტზე პერიოდულად განათავსებთ. ამ საქმეს მიმხედავიც სჭირდება, რომელიც გუნდში უნდა გყავდეს, ან ეს უნდა გადააბარო გარე შემსრულებელს;

თუმცა რად გინდათ ვებსაიტი? ის ხომ ფული ჯდება? რა საჭიროა? არ გინდათ და ნუ გინდათ, სამარცხვინოდ მიაწერეთ თქვენი მობილური, ან კიდევ უფრო უარესი – mail.ru-ს ელ-ფოსტა ეტიკეტზე და „იამაყეთ“ უახლოესი სანათესაოს „მასშტაბით“. მეტიც, გააკეთეთ ვებსაიტი და მერე უყურადღებოდ მიატოვეთ … ან კიდევ უკეთესი, „ჯიგრულ პონტში“ გააკეთებინეთ „ძმაკაცს“ …

  1. Facebook გვერდი – ადამიანთა უმრავლესობა Facebook პროფილს და გვერდს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და მე მუდმივ რეჟიმში ვაწყდები ასეთ შეცდომებს ქართული კომპანიების მხრიდან. თავად Facebook გვერდის გაკეთება არაფერი ჯდება, 100-ლარამდე შეიძლება აიღონ მის შექმნაში [ხშირად ისიც არა]. მთავარი ისაა, რომ მერე მას მართვა უნდა, თორემ მკვდარი გვერდი შეგრჩებათ ხელთ თქვენც და თქვენს მომხმარებელსაც. საამისოდ კი მუდმივად საჭიროა ადამიანი, რომელიც მიხედავს ვებსაიტს და Facebook გვერდს, სიახლეებს დადებს მასზე. დღეში რომ 1 შინაარსობრივი ერთეული [მინი სტატია, სურათი, ვიდეო და ა.შ.] დაიდოს Facebook გვერდზე თვეში 500 ლარიდან უნდა იანგარიშოთ [სხვა სოციალურ ქსელებში გვერდებზე არ ვწერ, რადგანაც საქართველოში Facebook ძირითადში საკმარისია], ხოლო უფრო მეტი აქტივობა მეტი ფული ღირს;

ნუ გააკეთებთ Facebook გვერდს და კიდვ ერთი ნაბიჯით ჩამორჩებით კონკურენტს. ამ შემთხვევაში არც მისახედი გექნებათ რამე და არც კომუნიკაცია გექნებათ საფიქრალი. მომხმარებელი ხომ რა თქმა უნდა „მაინც მოგაგნებთ“ …

  1. კომუნიკაციის კამპანია – შექმნა ბრენდი ერთია, მაგრამ შენი ხმა „სწორად“ მიიტანო შენს მიზნობრივ აუდიტორიამდე სულ სხვაა. მარტივად ამ საქმიანობას რეკლამირებას [გაპიარებასაც] ეძახიან, მაგრამ ამის სწორად გაკეთება უკვე მონდომებასა და ბიუჯეტზე დიდადაა დამოკიდებული. მინიმალური დონეზე აკინძული კომუნიკაციის კამპანია აუცილებლად უნდა გქონდეთ და მას მუდმივ რეჟიმში აკეთებდეთ. ამას კი სათანადო სპეციალისტი სჭირდება და ყოველთვიური ბიუჯეტის გამოყოფაც.

კომუნიკაციის კამპანია არა ტოროლა … რეკლამა რადიოში, ტელევიზიაში და პრესაში დაა მისი ჯანი. იხელმძღვანელეთ საუკუნის წინანდელი მიდგომებით … თქვენთვის ხომ გვირაბის ბოლოს სინათლე საჭირო არ არის …

 

ჩემო კარგებო, მე მგონი მიმიხვდით რისი თქმაც მინდა …

ამიტომ, თუ საქმეს სერიოზულად უყურებთ აუცილებლად გადადეთ ერთჯერადად 5-8 ათასი ლარი ან მეტი [თქვენი სპეციფიკის შესაბამისად] და თვეში 500+ ლარი რომ სწორად შექმნათ ბრენდი და მინიმალურ დონეზე აწარმოოთ საკომუნიკაციო კამპანია. ბრენდის შექმნას 4-6 კვირა სჭირდება, კომუნიკაციის კამპანია კი მუდმივად საკეთებელია. დაიქირავეთ ამ საქმისთვის პროფესიონალი, რომელმაც იცის თავისი საქმე ოღონდ ნუ დაუწყებთ მას ჭკუის სწავლებას. დაიმახსოვრეთ: გაყიდვების ზრდისკენ მიმავალი გზა სწორ ბრენდინგზე და კომუნიკაციაზე გადის!

რითი დაიწყოთ?

თუ ამ სტატიამ დაგაფიქრათ, აზრები გაგიჩინათ, აგანერვიულათ ან კიდევ … მოკლედ, ნუ მოგერიდებათ და დაგვიკავშირდით. kar.ge-ზე ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ სწორ გზაზე დაგაყენოთ. ნამდვილად არ დავიზარებთ, მოგისმენთ, მოსაზრებებსაც გაგიზიარებთ თუ რა და როგორ შეიძლება გააკეთოთ თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში საიმისოდ, რომ მყიდველმა თქვენი პროდუქტი ჯერ შეამჩნიოს, მერე ნდობა გაუჩნდეს და ბოლოს რა თქმა უნდა იყიდოს! ცხადია ეს იმათ ეხება მხოლოდ, ვინც ბიზნესს სერიოზულად უყურებს, თორემ იმერული ყველის ამოყვანას და ბაზარში გაყიდვას არც ლოგო სჭირდება, არც ვებსაიტი და არც Facebook გვერდი.