მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“. პროექტის შეჯამება.
"KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“. პროექტის შეჯამება.

“KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“. პროექტის შეჯამება.

ასეთი სირთულის პროექტი აქამდე არ აგვეწია …

სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მეამაყება მოძრაობა KAR.GE-ს ეს მოკრძალებული, მაგრამ უაღრესად საპასუხისმგებლო ნაბიჯი, რომელიც ხარისხიანი ქართული ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდას ისახავს მიზნად.

რა? სად? როდის?

2017 წლის 6 აპრილს, ხუთშაბათს, 19:30, სასტუმროში – ”ლაერტონ თბილისი“ მოძრაობა KAR.GE-ს მიერ გამოცემული “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017”-ს პრეზენტაცია შედგა.

KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017 პირველი ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემაა, რომელშიც 54 რჩეული ქართული კომპანიის 65 ბრენდი და 389 ნაწარმი, სულ 509 ჩანაწერია თავმოყრილი ფოტოებით, აღწერილობებით და საკონტაქტო ინფორმაციით. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ბეჭდური ვერსია წელიწადში ერთხელ გამოიცემა და მიზნობრივად დარიგდება. http://kar.ge -ზე განთავსებულ ინტერნეტ ვერსიას კი მუდმივად დაემატება ახალი ჩანაწერები. კატალოგის სპონსორები არიან სს “ნიკორა” და შპს “კამპა”.

 

ჩვენ მარტივი SMART მიზანი გვქონდა: გაგვეკეთებინა უნიკალური საექსპორტო კატალოგი და ეს შევძელით კიდეც. ჩამოტვირთეთ და დააკვირდით ჩანაწერებს … ჩვენ წარმოვაჩენთ გამორჩეულ ადგილობრივ წარმოებებს, მათ ბრენდებს, მათ ნაწარმს, სავაჭრო ობიექტებს სადაც მხოლოდ ქართული იყიდება, დისტრიბუტორებსა და B2B მომსახურების მიმწოდებლებს. თითოეული ჩანაწერი მოიცავს ფოტოს, მოკლე აღწერას და საკონტაქტო ინფორმაციას. ჩვენი მიზანია მკითხველს არა მხოლოდ მივაწოდოთ აუცილებელი საკონტაქტო ინფორმაცია, არამედ ყველამ თავისი თვალით იხილოს თითოეული წარმოდგენილი ნაწარმის ფოტო და აღწერა. კატალოგში ვერ იხილავთ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც Google-შიც ადვილად მოძებნით. სამაგიეროდ აქ წაიკითხავთ და დაათვალიერებთ იმას, რასაც სხვაგან ვერსად ნახავთ.

 

მადლობა

“KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017”-ის შექმნასა და ბეჭდური/ინტერნეტ ვერსიების გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის პირველ რიგში მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხარო ჩვენს სპონსორებს – სს “ნიკორა”-ს და შპს “კამპა”-ს, რომელთაც მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს ჯერ კიდევ 2016 წელს; მადლობა თითოეულ იმ კომპანიას, რომელიც დღეს კატალოგშია და რომელთაც ძალიან კარგად ესმით, რომ ძალა ერთობაშია!

მადლობა თითოეულ იმ მედია საშუალებას, რომელთაც სხვადასხვა დროს გააშუქეს KAR. GE კატალოგის განვითარების ეტაპები და მოძრაობა KAR.GE-ს სხვა საქმიანობა: “საქმიანი დილა” და “ბიზნესკონტრაქტი” TV პირველზე; “ეკონომეტრი”, “რეალური სივრცე”, “დილის მოამბე” და “მოამბე” საზოგადოებრივ მაუწყებელზე; “ბიზნეს კოდი” TV იბერიაზე; “ბიზნესკონტაქტი” TV მაესტროზე; “საუბრები ეკონომიკაზე” და “ღამის სტუდია” TV ობიექტივზე; “ბარიერი”, “თქვენი დრო” და “დღის შოუ” TV კავკასიაზე; “საუბრები ეკონომიკაზე” და “საზოგადოებრივი არჩევანი” TV ახალ საქართველოზე; “#ჰეშთეგი” TV აჭარაზე; “2030” GDS-ზე; “ბიზნეს კურიერი” რუსთავი2-ზე; “ბიზნეს პოზიტივი” და “პრომოუტერი” რადიო პოზიტივზე; “პროფესიონალები” და “ბიზნეს ადვოკატი” რადიო კომერსანტზე; “შტრიხ-კოდი”, “პიკის საათი” და “ფერმერის საათი” საზოგადოებრივ რადიოზე; “ვირჩევ ხარისხს” პირველ რადიოზე, “აღმოაჩინე საქართველო” რადიო Jako-ზე, “ეკონომიქსი” რადიო იმედზე;

მადლობა სტამბა COLOR-ს, სადაც უმოკლეს ვადაში პროფესიონალურ დონეზე მომზადდა დიზაინი და დაიბეჭდა ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი კატალოგები; და რა თქმა უნდა მადლობა პროექტზე მომუშავე ჯგუფს, რომელიც მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად შრომობდა თქვენთვის ინფორმაციის ასეთ ფორმაში მოსაწოდებლად.

 

მოვლენათა ქრონოლოგია

პროექტი 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა …

2017 წლის 2-22 იანვრის პერიოდში შესრულდა ყველა მოსამზადებელი სამუშაო. ჩვენ ასეთი სირთულის ამოცანას პირველად შევეჭიდეთ, ასე რომ დიდი დრო დავუთმეთ მზადებას. გამზადდა სპეციალური შეთავაზების გვერდი.

23 იანვრიდან 10 თებერვლამდე 1000-მდე მწარმოებელთან გვქონდა კომუნიკაცია. შედეგად გამოვლინდა 54 კომპანია, რომლებთან ერთადაც გავაკეთეთ საქმე.

11 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შეიქმნა კოლოსალური მოცულობის ციფრული მასალა ცალკე ქართული, ცალკე ინგლისური ვერსიებისათვის. გარდა ამისა ცალკე ვერსიები გაკეთდა ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემებისათვის.

მარტის პირველ ნახევარში კომპანიებმა გადაამოწმეს მასალა და დასრულებული კატალოგები დაბეჭდვამდე: 5-ჯერ გადამოწმდა ქართული ვერსია, 2-ჯერ ინგლისური ვერსია. ინგლისური მასალები ცალკე გაასწორა ბრიტანელმა ენის სპეციალისტმა.

მარტის მეორე ნახევარში ინტენსიურად ვიმუშავეთ სტამბა Color-თან და მარტის ბოლოს, 30 რიცხვში, გეგმისამებრ, კატალოგები უკვე დაბეჭდილი გვქონდა. ამის შემდეგ დავნიშნეთ პრეზენტაციის დღე – 6 აპრილი.

 

მონაწილე კომპანიები

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ თავად კატალოგის ელექტრონულ ვერსიაში, რომლის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ.

 

რა ხდებოდა პრეზენტაციაზე?

პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, კატალოგში ჩართული ადგილობრივი მწარმოებლები, მოძრაობა KAR.GE-ს პარტნიორები და თანამოაზრეები, ბიზნეს ასოციაციები, ექსპორტიორები, ანალიტიკოსები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები.

საერთო ჯამში პრეზენტაციას, რომელიც უმაღლესი კლასის სასტუმრო ბუტიკში – „ლაერტონ თბილისი“ შედგა 120-მდე სტუმარი ესწრებოდა. ყველა სტუმარს ბეჭდური კატალოგები საჩუქრად გადაეცა. იქვე შედგა 14 ახალი ქართული წარმოების პროდუქციის დეგუსტაცია და  7 არასაკვები ნაწარმის ექსპო. დასასრულს აუდიტორიას წარედგინა მოძრაობა KAR.GE-ს ახალი ინიციატივა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდას ისახავს მიზნად.

 

ფოტოები

შემდგომი ნაბიჯები

საექსპორტო კატალოგის შექმნა რთული აღმოჩნდა, მაგრამ კიდევ უფრო რთული მისი მარკეტინგია. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა ადამიანმა გაიცნოს თუ რა იწარმოება საქართველოში. სიახლეებს და კონკრეტულ შედეგებს პერიოდულად დავდებთ KAR.GE-ზე.

ძალა ერთობაშია!

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"