მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბიზნეს გეგმა > #2 რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?

#2 რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?

ძალიან ვიმედოვნებ იმ 2,000-ზე მეტ ადამიანს შორის ხარ, ვინც უკვე წაიკითხა ჩვენი პირველი სტატია თემაზე – “რა არის ბიზნეს გეგმა?“ …

ე.ი. უკვე იცი რა არის ბიზნეს გეგმა, რა არის ბიზნეს გეგმის მომზადების მიზანი, რა ეტაპზე კეთდება ბიზნეს გეგმა, რეალურად ვის სჭირდება ბიზნეს გეგმა და როგორ იგებ ბიზნეს გეგმის გაკეთებით.

მაგრამ, კმარა კი ამის ცოდნა? რა თქმა უნდა არა! ამიტომ დღეს წინ წავიწიოთ და იმაზე ვისაუბროთ, თუ რატომ გჭირდება ბიზნეს გეგმა

 

დააკვირდი …

მე არ ვსაუბრობ რატომ უნდა გააკეთო, ან არ უნდა გააკეთო ბიზნეს გეგმა …

ეს შენი არჩევანია, გინდ გააკეთე, გინდ არა …

ან კიდევ ისე არ გამიგო, რომ ბიზნეს გეგმის უპირობო აუცილებლობას ვქადაგებდე

აუცილებელი მართლა არაფერია …

მით უმეტეს, რომ ბევრს ვიცნობ ვინც ბიზნეს გეგმის დაწერის გარეშეც ააწყო წარმატებული საქმე…

მე მინდა დაგანახო კონკრეტულად რაში გჭირდება ეს დოკუმენტი

რომ შენ რეალურად იგრძნო მისი დაწერის სარგებელი …

პრაგმატული სარგებელი …

დასკვნებს მერე თვითონაც გააკეთებ …

 

ვინ ითხოვს დღეს ბიზნეს გეგმას საქართველოში?

როგორი იყო ბიზნეს გეგმის მიმართ მოთხოვნა სხვადასხვა დროს ბოლო 25 წლის მანძილზე?

 

ამ ორ შეკითხვას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდი …

2016 წლის 17 ივნისს საქართველოში „სტარტაპ საქართველო“-ს ინოვაციური პროექტების დაფინანსების პირველი რაუნდი გამოცხადდა. პროექტის პირველადი დოკუმენტაცია რომ შევისწავლე ყველაზე სასიამოვნოდ რამაც გამაოცა იყო შემდეგი: უმაღლეს დონეზე მომზადებული ბიზნეს გეგმა მოითხოვებოდა ინოვაციური სტარტაპის დამფუძნებლის მიმართ [და დღესაც ასეა. აი ამ გვერდზე ნახავთ].

ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის საქართველოს ისტორიაში, როცა სახელმწიფო პროგრამამ მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ასე მაღალ დონეზე დასვა მოთხოვნა ბიზნეს გეგმების მიმართ [ცნობისათვის, 31 ივლისამდე სტარტაპ საქართველოს ინოვაციური იდეების კონკურსში 500-ზე მეტი განაცხადი შევიდა, მათგან 36 გამარჯვებულია. მაღალტექნოლოგიური იდეების კონკურსში 150-ზე მეტი განმცხადებლიდან, 20-მა გაიმარჯვა]. გასაკვირი არაფერია, სტარტაპი, რისკიანი წამოწყება ითხოვს ფულს. სახელმწიფო აფინანსებს და სერიოზული ფულით რისკავს, ჰოდა კეთილი ინებოს და გააკეთოს მაღალი დონის ბიზნეს გეგმა იდეის ავტორმა.

 

მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო …

საქართველოს ბიზნეს გარემოს პულსზე 90-იანი წლებიდან მიდევს თითი. მახსოვს 90-იანებში “ბომბი“ თემა იყო ბიზნეს გეგმის შემუშავება. მაშინ ლიტერატურა ბევრი არ იყო და ვინც ამ თემებში „იხარშებოდა“, ვინც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა და ხელში ფურცლებით და ფაილებით ხელში დარბოდა სამთავრობო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, ავტორიტეტს თავისი ვიზუალის გამოც კი იმსახურებდა.

მოითხოვებოდა თუ არა მაშინ ბიზნეს გეგმა მასიურად ბანკების, სამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს ორგანიზაციების მიერ? არა რა თქმა უნდა! ვის რაში ჭირდებოდა? მაშინ ძალიან მოდაში იყო ბიზნეს გეგმის გაკეთება, ოღონდ მხოლოდ საერთაშორისო პროექტებზე.

 

გავიდა დრო…

და მას შემდეგ რაც ბაზარზე 16 წლის წინ MBG [დღევანდელი პროკრედიტ ბანკის „მამა“] შემოიჭრა თავისი სუპერ თანამედროვე საკრედიტო სისტემით, საერთოდ გაქრა ბიზნეს გეგმაზე მოთხოვნა კი არა, საუბარიც კი მოკვდა.

კრედიტის მიცემის მიზანშეწონილობის გაანგარიშების ბიზნესის შეფასების ინოვაციური მეთოდოლოგია მალე სხვა ბანკებმაც აიტაცეს და სულ მალე თუ ვინმე სესხს გასცემდა [საბანკო სისტემის თანამშრომლები] ყველა თვითონ აკეთებდა ყველანაირ ანალიზს მეწარმეების მიერ წარდგენილი „კლეტკიან რვეულში“ ჩაწერილი შავი ბუღალტერიის საფუძველზე და ისე გასცემდნენ სესხებს. არავინ ითხოვდა ბიზნეს გეგმებს, ვინაიდან არავინ ენდობოდა სხვის ნაცოდვილარს და შესაბამისად არც არავინ იკლავდა თავს ბიზნეს გეგმის გაკეთებაზეც [ისევ და ისევ გარდა საერთაშორისო პროექტებისა].

გარდა ამისაა სტარტაპს ისედაც არავინ აფინანსებდა, ბიზნეს გეგმა კი პირველ რიგში მას სჭირდება. არსებული კომპანიები კი თავისითაც ახერხებდნენ რაღაცას.

 

დღეს კი სხვა დროა, სხვა მოთხოვნებია და ამ მოთხოვნებს უნდა აეწყო …

ამიტომ წარმოგიდგენთ 5 პრაგმატულ მიზეზს, თუ რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა …

 

1. ბიზნეს გეგმაზე მუშაობა მეტად სასარგებლო ძიების პროცესია

ეს შემთხვევა რამოდენიმე წლის წინ მქონდა …

პოტენციურმა დამკვეთმა დამირეკა …

საწარმოსთვის ბიზნეს გეგმის გაკეთება უნდოდა …

იდეა მოკლედ გამიზიარა და მთხოვა იქნებ აჭარაში ჩავსულიყავი …

გამომიგზავნა მანქანა …

ჩავედი …

გავიარეთ თემა, ჩავეძიე, დავუსვი შეკითხვები, ვითხოვე ახსნა-განმარტებები …

აღმოვაჩინე, რომ ბუნებრივი ქვის ფილების წარმოების გაკეთება უნდოდათ …

მოვითხოვე სანედლეულო ბაზის/ადგილის დათვალიერება …

წამიყვანეს …

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც არის 5 მეტრის სიგანის გზა, ერთ მხარეს უზარმაზარი ციცაბო კლდე, მეორე მხარეს წკვარამი, ხრამი რაღაც …

აჭარის მთიანეთში …

სურათი სხვაა, მაგრამ ზუსტად ასეთ ადგილას გავაჩერეთ…

cliff-road

 

გადმოვედით მანქანებიდან …

ვკითხულობ სადაა სანედლეულო ბაზა?

აი ნედლეული და მიმითითეს კლდისკენ …

გავოცდი …

და წავიდა კითხვების ნაკადი და აღმოჩენების ნაკადი [მათთვის აღმოჩენების] …

ნიმუში აიღეთ? არა …

რამდენნაირი ქვა გამოდის აქედან? სავარაუდოდ 2 ან 3 სახის …

კვლევა გაქვთ? არა …

გეოლოგების დასკვნები გაქვთ? კი  …

ბაზარზე ანალოგები არის? კი …

აქ რომ ნედლეულის მოპოვება დაიწყო, გზას რას უპირებთ, კეტავთ? არ ვიცით …

და კიდევ უამრავი თემატური შეკითხვა დაისვა, რომელსაც პასუხი არ მოეპოვებოდა კი არა თემაზე ნაფიქრიც არ იყო …

თითოეული ცხადია გამოსაძიებელია, და ბიზნეს გეგმაში პასუხებია ჩასართავი …

ჯერ სადაა …

ვიკითხე: სად იქნება უშუალოდ გადამამუშავებელი საწარმო?

წამიყვანეს ადგილზე, სადღაც 10 კილომეტრში …

იქვე პატარა მდინარეა …

ნედლეული ამ მანძილზე ამ გზით გინდათ მოიტანოთ? აქ კომუნიკაციები არის? ელ.ენერგია შემოდის? წყალი საიდან? ნარჩენი საით წავა? გარემოზე ზეგავლენა შესწავლილია? ამ ადგილამდე გზა არ გინდათ? წიაღისეულის მოპოვების ნებართვა გაქვთ?

თითოეული გამოსაძიებელია რა თქმა უნდა და ბიზნეს გეგმაში ჩასართავია …

ამას მოჰყვა შემდეგი პარტია შეკითხვები …

საქართველოში ბაზარი შესწავლილია? საექსპორტო ბაზრები? ვინ გყავთ პასუხისმგებელი? ინვესტორი ვინ იქნება? როდის აპირებთ წარმოების დაწყებას? მიწის საკადასტრო რუკა გაქვთ?/ მიწები ნაყიდი გაქვთ? როგორ აპირებთ ყიდვას?

ადვილი არ გეგონოთ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა …

მით უმეტეს, რომ თითქმის ნახევარზე ნაფიქრიც არ გაქვს ..

ის საქმე არ გამოვიდა …

პირველივე შეხვედრიდან მიხვდნენ ამას …

ეს ჩაძიება და აღმოჩენები მხოლოდ ერთ 3 საათიან შეხვედრაზე მოხდა…

ეხლა წარმოიდგინეთ რა ხდება ბიზნეს გეგმაზე მუშაობის მთელ პროცესში, როცა თემას ბოლომდე „ხრავ“ …

ამიტომაც მეგობრებო გაითვალისწინეთ შემდეგი: ბიზნეს გეგმის დაწერას მე-2 კურსელი ჭკვიანი სტუდენტიც მოახერხებს, მაგრამ ჩაძიებას და თემის „გახვრას“ მხოლოდ გამოცდილი პროფესიონალი თუ შეძლებს რიგიანად.

 

2. თემის დალაგება კონკრეტული შაბლონით და ერილობით ფორმაში დიდი უპირატესობაა

სრულფასოვან ბიზნეს გეგმას აქვს კონკრეტული შაბლონი და მცირედი ვარიაციებით ყველა ამ შაბლონში აკეთებს. შაბლონებზე ჩვენ თავის დროზე ვისაუბრებთ. აქ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სხვადასხვა სფეროსთვის ეს შაბლონი სხვადასხვა უნდა იყოს. სოფლის მეურნეობას სხვა ფორმატი აქვს, მაღალტექნოლოგიურ იდეას კი სხვა, წარმოებას სხვა და მომსახურებას სხვა, და ა.შ.

სტრუქტურა გაძლევს საშუალებას საჭირო აზრი საჭირო ადგილზე დაწერო. წამკითხავსაც ურჩევნია, რომ ბიზნეს გეგმის წარმდგენის აბურდულ იდეების ნაკრებს კი არა, არამედ მკაცრად დალაგებული სტრუქტურის დოკუმენტს კითხულობდეს.

აი ნიმუშად ნახეთ ჩემს მიერ 2016 წლის გაზაფხულზე გაკეთებული ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის ბიზნეს გეგმის შაბლონი. პროექტი საპარტნიორო ფონდს წარედგინა და მან დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა. პროექტი ჯერ დაწყებული არაა, ვინაიდან სამაცივრეს მმართველები ეძებენ ინვესტორს [აქვე გეტყვით, რომ თუ თავისუფალი 800,000 $ გაქვთ, ძალიან მაგარ თემაში გაქვთ ჩართვის შანსი. დამიკავშირდით და დაგაკავშირებთ საჭირო ხალხს].

outline

 

3. ბანკის, ფონდის, სახელმწიფო პროგრამის, ინვესტორის მოთხოვნა

ცოცხალი მაგალითი …

სტარტაპ საქართველოს მიერ მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური იდეების კონკურსში 700-მდე განაცხადი შევიდა. მაღალტექნოლოგიურ ბიზნეს იდეებს თავისი ფორმატი ჰქონდა, ინოვაციურს კიდევ თავისი. არაერთთან მისაუბრია და ზუსტად ვიცი, რომ საშინელი ხარისხის ბიზნეს გეგმები მიუვიდათ, მაგრამ ფაქტია, რომ გამარჯვებულებს შორისაა 20 მაღალტექნოლოგიური და 36 ინოვაციური პროექტი.

გარწმუნებთ, თქვენი დაულაგებელი აზრები მათ არ აინტერესებთ …

უნდა იცოდეთ, რომ:

ყველა სახელმწიფო პროგრამაში [აწარმოე საქართველოში, მის ქვეკომპონენტებში, APMA, საპარტნიორო ფონდის და ა.შ.] პროექტი ბიზნეს გეგმის სახით უნდა წარადგინო …

ყველა ფონდში თავისი ფორმატი აქვთ …

ყველა ინვესტორს კიდევ შეიძლება თავისი წიკები აწუხებდეს და თავისებურად ითხოვდეს …

ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ კონკრეტული რა ფორმატში უნდა წარადგინოთ სტარტაპ საქართველოში 1) მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეები და 2) ინოვაციური იდეებიაქვე გეტყვით, რომ შემდეგი რაუნდი 20 სექტემბერს უნდა გამოაცხადონ.

 

4. ბიზნეს პერსპექტიულობის დანახვა წინასწარ – დაინახო ფული

როგორც არ უნდა იცოდე საქმე …

როგორც არ უნდა გრძნობდე პერსპექტივას …

როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყო მომავალში …

სულ სხვაა, როცა ერთ ცხრილში, ერთ გვერდზე ხედავ თემის ბიზნეს პერსპექტივას …

აი ასე ჩანს ფული …

მაგრამ ასეთი ცხრილი რომ დადო, გრძელი გზაა გასავლელი …

cashflow-table

ცხადია ეს მარტივი ფორმაა, თორემ ფულის დასანახად ხშირად გაცილებით უფრო მეტიც ხდება საჭირო.

 

5. გაზიარება და განსხვავებული აზრის მოსმენა

ორი თავი უფრო უკეთესია თუ ერთი?

რაც არ უნდა კარგად ჩამოყალიბებული გქონდეს მოსაზრებები, თუნდაც დაწერილი გქონდეს ისინი ბიზნეს გეგმის სახით, მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადაახედო იგი „საჭირო“ ადამიანს, რომელიც „საჭირო“ რჩევებს მოგცემს „საჭირო“ მიმართულებით.

ყოველ ჯერზე როცა ასეთ ქმედებას მიმართავთ, შეკითხვები წინასწარ უნდა გქონდეთ მომზადებული. შეიძლება ადამიანს გადაახედო მხოლოდ იდეის აღწერა, და ზოგადი მოსაზრება ჰკითხო. შეიძლება აქცენტი გააკეთო იმაზე, თუ რამ ვერ გაიგო გითხრას და ა.შ.

მე გამიკეთების მსგავსი რამ და ყოველთვის ხშირად ვსარგებლობ ხოლმე ამ შესაძლებლობით თუ იგი მაქვს. თქვენც იგივეს გირჩევთ. გადაახედეთ თქვენი ბიზნეს გეგმა სანდო და კვალიფიციურ სპეციალისტს, რომელიც ანალიზს გააკეთებს და რეალურად სასარგებლო რჩევებს მოგცემს.

evaluate

 

შევაჯამოთ,

5 პრაქტიკული დასკვნა, თუ რატომ უნდა მოამზადო ბიზნეს გეგმა:

bpl1ბიზნეს გეგმაზე მუშაობა თავგადასავალია. ეს ის ძიების პროცესია, როცა ყველა ეტაპზე და ყველა ნაბიჯზე რაღაცას ახალს აღმოაჩენ. ეს აღმოჩენები კი ჯობია დაგეგმვისას მოხდეს, ვიდრე სიურპრიზების სახით წინ დაგიხვდეს უკვე რეალიზაციის ეტაპზე;

bpl2ბიზნეს გეგმას აკეთებ გარკვეული სტრუქტურით, რაც ხელსაყრელია როგორც შინაარსის უკეთ ორგანიზებისათვის, ასევე დაწერილის აღსაქმელად. ამ სტრუქტურაში საკუთარი მოსაზრებების ჩალაგებისას კი არაფერი გამოგრჩება;

bpl3ყველა ბანკს, ფონდს, სახელმწიფო პროგრამას და ინვესტორს სჭირდება წერილობითი დოკუმენტი და როგორც წესი ყველას თავისი ფორმატი შეიძლება ჰქონდეს. ისინი არ მოგისმენენ, ისინი არ შეგხვდებიან, ისინი დროს არ დახარჯავენ თქვენი გაბნეული აზრების მოსასმენად;

bpl4ბიზნეს გეგმის მომზადება პირველი ნაბიჯია იმ გზაზე, რასაც შენი ჩიტის საბრდღვნელი ღირებულების დასაბუთება ჰქვია ინვესტორის წინაშე. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქვს წარმატების შანსი. სულ სხვაა როცა ადამიანს ხელებით და ფეხებით უხსნი რითი გინდა ფულის შოვნა და სულ სხვაა როცა 1 გვერდიანი რეზიუმეს წაკითხვის შემდეგ ადამიანი თავისით მიხვდება ყველაფერს.;

bpl5აზრსაც კი ვერავის გაუზიარებ რიგიანად, თუ არ ჩამოაყალიბე იგი. არადა საკუთარი ბიზნეს გეგმის შესახებ განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა კრიტიკულად აუცილებელია, რომ თემა და მისი ჩამოყალიბების ხარისხი გარე თვალით შეაფასო. დაწერილი ბიზნეს გეგმა უკვე შეგიძლია გადაახედო სანდო და კვალიფიციურ სპეციალისტს, რომელიც ანალიზს გააკეთებს და რეალურად სასარგებლო რჩევებს მოგცემს;

მადლობა რომ წაიკითხე სტატია,

მოგეწონა? მაშ, გააზიარე …

შენს მეგობრებსაც მიეცი შანსი მიიღონ ეს ცოდნა …

  1. თუ გინდა მომავალი სტატიებიც არ გამოგრჩეს, აქვე მარცხნივ დაარეგისტრირე საკუთარი ელ. ფოსტა ყოველკვირეული სიახლეების მისაღებად (y)
  1. თუ შეკითხვა გაგიჩნდა, თან ისეთი, საჯაროდ დასმა რომ არ გამოდის, აქვე მარცხნივ არის პირდაპირ ჩემთვის შეკითხვის მოწერის შესაძლებლობა. 24 საათში ვუპასუხებ ყველა გამოხმაურებას (y)
  1. თუ გსურს რომელიმე საკითხი განსაკუთრებით გავშალოთ [შეიძლება ცალკე სტატიის დაწერაც კი ღირდეს მასზე], მოგვწერეთ აქვე ქვემოთ Facebook კომენტარის სახით (y)

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"