ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მადლობა გუდვილს ადგილობრივი მწარმოებლის მხარდაჭერისათვის!

ეს მეტად საინტერესო ისტორია გუშინ დაიწყო, როცა Goodwill-ს ერთი კონკრეტული – ახალი ქართული პროდუქტების მოძიების მიზნით ვეწვიე. რატომ გუდვილს? იმიტომ რომ აქ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ქართული წარმოების პროდუქციისადმი. გუდვილში წლებია გამოფენა-გაყიდვა „აირჩიე ქართული“ იმართება და ქართველ მწარმოებლებსაც ყოველთვის უდგანან გვერდში. თან აქამდეც ბევრჯერ აღმომიჩენია აქ ახალი ქართული პროდუქცია, რომელიც შემდეგ kar.ge-ზე გამიშუქებია.

მალევე გამიხარდა, როგორც კი ქარელის ჩირი დავინახე ჩურჩხელების და ჩირების დახლზე. ეს ჩირი ამ ერთი თვის წინ 23 აპრილს, გამოფენა-გაყიდვის დროს გუდვილში აღმოვაჩინე [„აირჩიე ქართული“ გუდვილში] პირველად და მერე KAR.GE-ზე გავაშუქე. თუმცა იმავე დახლზე თვალს რაღაც დამაკლდა. მახსოვდა, რომ ბებოს ჩურჩხელაც იქ უნდა ყოფილიყო.

აქვე გეტყვით, რომ „ბებოს ნობათი“-ს მიერ წარმოებული “ბებოს ჩურჩხელა” განსაკუთრებულია. ერთადერთი ჩურჩხელაა, რომელიც კახური ბადაგით და სვანური ნიგვზით ზუგდიდში მზადდება და თან ყალიბში ისხმება, შემდეგ კი ვაკუუმში იფუთება [ცელოფანში]. თან ეს კომპანია მუდმივად მოძრაობა KAR.GE-ს პროექტებში მონაწილეობს [გამოფენა-გაყიდვები, გამოწვევები] და ვიცი მათი ხარისხი. კომპანია და მისი პროდუქცია ასევე განთავსებულია KAR.GE კატალოგში.

გადავურეკე მწარმოებელს, რომელმაც ამიხსნა, რომ გუდვილში არ ვართო, მაგრამ ძალიან გვინდა მოვხვდეთო. შევთავაზე დახმარება, გუდვილში ხელმძღვანელობასთან დაკავშირება და დღეს, ორშაბათ დილით დავრეკე გუდვილში სიტუაციაში გარკვევის მიზნით. დავუკავშირდი სათანადო პიროვნებას და ავუხსენი სიტუაცია. საუბარმა მშვენივრად ჩაიარა. მაგრამ ეგ კიდევ რა, გაკვირვება თურმე წინ მელოდა … თურმე საუბრიდან ერთი საათიც არ იყო გასული, რომ „ბებოს ნობათის“ წარმომადგენლისათვის გუდვილიდან დაურეკავთ და შეხვედრაზე მოუწვევიათ ჩურჩხელას ქსელში განთავსების მიზნით. ეს რომ საღამოს გავიგე არ დაგიმალავთ და გავოცდი. მაშინვე გუდვილში დავრეკე და მადლობა გადავუხადე გვერდში დგომისათვის და ოპერატიული რეაგირებისათვის.

იგივეს ვაკეთებ ამ მოკლე სამადლობელი წერილით,

უღრმესი მადლობა ჰიპერმარკეტ გუდვილს, კონკრეტულად კი ბნ. ბექას და ბნ. გიორგის, რომ ასე ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება „ბებოს ნობათის“ შემთხვევაში და ხარისხიანი პროდუქტისათვის ჰიპერმარკეტის კარი გააღეს. ასე ერთად და ნაბიჯ-ნაბიჯ გვევლოს წინ ქართული საქმის საკეთებლად. გაიხარეთ!