მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სიახლე > “ყოჩაღ” “ევროპის ფონდი” ასეთი “სამაგალითო” წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვისათვის!

“ყოჩაღ” “ევროპის ფონდი” ასეთი “სამაგალითო” წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვისათვის!

ე.წ. Disclaimer: თითოეული ქვემოთ დაწერილი სიტყვა არის პირადად ჩემი – ტარიელ ზივზივაძის აზრი, რომელიც ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს. რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ უფლება არ დამეთანხმოთ და გექნეთ თქვენი აზრი!

ფოტოებზე თქვენ ხედავთ 2018 წლის 4-7 აპრილს ევროპის ფონდის მიერ „ორგანიზებულ“ სოციალური საწარმოების წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვის ამსახველ კადრებს, რომელთა გადასაღებად დღეს, 7 აპრილს, ხარება დღეს სპეციალურად ვესტუმრე გუდვილს. მიუხედავად ყველა სოციალური საწარმოს მიმართ და “ევროპის ფონდი“-ს მიმართ დიდი პატივისცემისა, ეს უნდა ღიად დავწერო.

პრეისტორია: 2 აპრილს, როგორც კი გავიგე ამ ღონისძიების შესახებ, მაშინვე უმკაცრესი რეაგირება გავაკეთე თავად ღონისძიების FB გვერდზე და ჩემს FB პროფილშიც. ჩემი აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვა იმართებოდა, თან “ევროპის ფონდი“-ს მიერ (რომელიც 10 წელია ამ სფეროში მუშაობს, მათ შორის სოციალურ საწარმოებს აფინანსებს გრანტებით), თან გუდვილში და მხოლოდ 4 სოციალური საწარმო იყო დაანონსებული მონაწილედ. დიახ, მხოლოდ 4 სოციალური საწარმო. ინებეთ დასტური (სკრინის ქვემოთ ნახეთ ჩამონათვალი):

დღეს, 7 აპრილს, დღის დაახლოებით 3 საათი იქნებოდა [ანონსის მიხედვით ყოველ დღე საღამოს 8 საათამდე უნდა ყოფილიყვნენ მონაწილეები] ეს სურათი დამხვდა: 5 სოციალური საწარმო – კოდალა, წნული, თემი, სხივი, ბაბალე თავისი ნაწარმით, რომელიც კუბიკის ფორმით დალაგებულ 4 ვიწრო მაგიდაზე იყო სულ გაშლილი (ჯამში ალბათ 5-6 კვადრატული მეტრი). ზესხო არ იყო ადგილზე. გადავხედე ღონისძიების ბმულს, სადაც მონაწილედ 6 სოციალური საწარმოა დასახელებული (6>4). ჩემმა კომენტარმა იმოქმედა? ძალიან ეჭვი მეპარება … ფაქტია, რომ ადგილზე 5 დამხვდა თავისი ნაწარმით (3 მომსახურე კონსულტანტით).

რა კომენტარი უნდა გააკეთო ამაზე? მხოლოდ ერთი: სირცხვილია ეს!

დავაკონკრეტებ რატომ:

  1. ევროპის ფონდი, რომელიც 2009 წლიდან მუშაობს სოციალური მეწარმოების პოპულარიზაციაზე საქართველოში (მათ შორის გრანტების გაცემით და ა.შ.), ჰყავს უამრავი პარტნიორი და გრანტიორი ორგანიზაცია ამ მიმართულებით, 4 დღიან წინასააღდგომო „გამოფენა-გაყიდვას“ აკეთებს და 4 (ჰო, კარგი 6 იყოს) სოციალურ საწარმოსაც ვერ უყრის თავს (ერთიც ბოლო დღეს გაურბის);
  1. ისტორიაში არ მახსოვს ასეთი უსახური „გამოფენა-გაყიდვა“ ჩატარებულიყოს წინასააღდგომოდ საქართველოში. გუდვილში მით უმეტეს, სადაც კარგად მახსოვს „აირჩიე ქართულის“ გამოფენა-გაყიდვები, რომელთაგან სულ ბოლო – 2017 წლის 7-8 აპრილს სრული ანშლაგით ჩატარდა;
  1. არსად, რაც თავი მახსოვს ქართული თემით ასე უპასუხისმგებლო მანიპულირება არ მინახავს. სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას. ღონისძიებაში „ჩაგეთვალათ“ ევროპის ფონდი? ვითომ ამით საქმე გააკეთეთ? და რას აკეთებთ საერთოდ? რა არის თქვენი 9 წლიანი მოღვაწეობის შედეგი? თქვენი დახარჯული ფულის საპირწონედ რამდენი მდგრადი სოციალური საწარმოა თქვენი შედეგი? სხვა საქმეებსაც ასე „აკეთებთ“ როგორც ეს სოციალური საწარმოების წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვა „გააკეთეთ“?

“ყოჩაღ” “ევროპის ფონდი“! თქვენ აწესებთ „უმაღლეს სტანდარტს“ სოციალური საწარმოების წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვების ორგანიზების საქმეში!

PS
მათ საყურადღებოთ, ვინც ვერ გაიგო ჩემი სათქმელი და შემოდავებას დააპირებს: სოციალური საწარმოების მხარდაჭერის მე ყოველმხრივ მომხრე ვარ, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ აი ასეთი უვარგისი მხარდაჭერისა.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"