18 ნოემბერს 10:00-დან 18:00-მდე ”ფილარმონიის ივენთ ჰოლში” პირველად ისტორიაში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიების მიზანია ნიშანი ”გემოვანი”-ს წარდგენა ქართველი მომხმარებლისთვის და ადგილობრივ ბაზარზე გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტების პოპულარიზაცია.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას დაახლოებით 50-მდე მწარმოებელი მიიღებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვლენ და საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. გამოიფინება და გაიყიდება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმომავლობის ქართული ნატურალური პროდუქცია: პური, რძის ნაწარმი, ხორცი, ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული და სხვა.
”გვინდა, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და რაც მთავარია, ხელი შევუწყოთ წარმოების ქართული ტრადიციული მეთოდების აღდგენასა და გენეტიკურად ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას. ”გემოვანის” ქვეშ წარმოებული პროდუქცია არის უნიკალური და მას უნდა გაეცნოს მსოფლიოც. ამიტომ, ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, ნომერ პირველი გეგმა არის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა”, – აღნიშნავს პროექტის ავტორი, ბნ. ირაკლი ჩავლეიშვილი.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, რომელიც გენეტიკურად ქართულ პროდუქტს აწარმოებს. ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ორგანიზატორებს ტელეფონზე – 577 53 44 45.
”გვინდა სტიმული მივცეთ საქართველოში ადგილობრივი წარმომავლობის პროდუქციის წარმოებას. ფერმერებს ეცოდინებათ, რომ გენეტიკურად ქართული პროდუქცია არის მოთხოვნადი, ასევე ძვირადღირებული და მათ შეეძლებათ, პირობითად, 10 ტონა კარტოფილის ნაცვლად მოიყვანონ 2 ტონა და შემოსავლის სახით, მიიღონ 15 ტონის ღირებულება”, – აცხადებს ავტორი.
”გემოვანის” ნიშნის პრეზენტაციის და გამოფენა-გაყიდვის გენერალური სპონსორია “პური მზეთამზე”. ღონისძიების მხარდაჭერები არიან ვიზარდ ივენთი, მოძრაობა KAR.GE და ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება. მედია მხარდაჭერები არიან რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, პალიტრა ნიუსი, ბიზნეს მედია საქართველო, ჯორჯია თუდეი და ალმა.