მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ანალიტიკა > AISIcoin – გაიცანით ქართული კრიპტო ვალუტა და ICO პლატფორმა!

AISIcoin – გაიცანით ქართული კრიპტო ვალუტა და ICO პლატფორმა!

Disclaimer 1: ყველაფერი, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ არის პირადად ჩემი მოსაზრება და ეყრდნობა წერის მომენტში ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას. მე არც ფინანსური კონსულტანტი ვარ და არც დეველოპერი. ჩემი მისია არის ხარისხიანი ქართული ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდა. უბრალოდ, მე კარგად მესმის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პოტენციალი, სწორედ ამიტომ გასული წლიდან „ვარ თემაში“. აქვე გეტყვით: ყველა, ვინც საქართველოში რომელიმე კრიპტოვალუტას აწარმოებს (მოიპოვებს, ამაინინგებს), მწარმოებელია. მე კი ქართული წარმოების გვერდით ვდგავარ როცა შემიძლია, როგორც შემიძლია და რითაც შემიძლია!

Disclaimer 2: დიდი ალბათობით ტექსტში ნახსენები ბევრი ტერმინი შეიძლება გასაგები არ იყოს მკითხველისთვის. არა უშავს. დასვით ქვემოთ შეკითხვა FB კომენტარის ველში და აგიხსნით.

ეხლა კი საქმე …

დღეს, ფაბრიკაში შედგა „პირველი სრულყოფილი ქართული კრიპტოვალუტა – AISIcoin“-ის წარდგენა. ღონისძიებაზე შემთხვევით მოვხვდი ჩემი მეგობრის – გიორგი დოღონაძის დამსახურებით, რომელიც კრიპტოვალუტას აწარმოებს ზუსტად იგივენაირად, როგორც ასობით (თუ ათასობით არა) სტარტაპერი საქართველოში. დავესწარი და ბევრი ნაცნობი სახეც აღმოვაჩინე, მათ შორის ბნ. გიორგი შერვაშიძე. გამოვალაპარაკე და თურმე გიორგი არ ყოფილა ამ საქმის მოთავე? სწორედ ამიტომ დავპირდი, რომ მიმოხილვას დავწერდი ყოველგვარი მიკერძოების გარეშე.

შენიშვნა: სანამ დავწერდი ქვემორე ტექტს, ყურადღებით გავეცანი AISIcoin-ის ვებსაიტს, white paper-ს, Facebook გვერდს და რეგისტრაციის გვერდს. თუ „თემაში ბრძანდებით“, იგივეს გირჩევთ თქვენც.

რა დამაკლდა დღეს პრეზენტაციაზე:

  • დღევანდელი პრეზენტაციის ორგანიზება … ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე რბილად რომ ვთქვათ. საქმეს ძალიან წაადგებოდა (მხოლოდ ზოგიერთს ჩამოვთვლი): ყოველი სტუმრისთვის რელიზის დარიგება აუცილებელი ინფორმაციით; სლაიდ შოუ და ზედ ყველაფრის ვიზუალურად ჩვენება; პრომო ვიდეოს დიდ ეკრანზე ჩვენება; ყველა ნიუანსის ვიზუალურად ახსნა; ვებსაიტის & white paper-ის & რეგისტრაციის ვიზუალის ჩვენება დიდ ეკრანზე; მემორანდუმი რომ ფორმდება მხარეებმა ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტები უნდა გაცვალონ რაც არ მომხდარა აქ; და ა.შ. ყველაფერი ეს მეტ ნდობას აღუძრავდა იქ მოსულ ადამიანს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მით უმეტეს ასეთ დროს;
  • გამომსვლელები იყვნენ მოუმზადებლები. აუცილებელი იყო: გუნდის მიერ რეპეტიციის გავლა ადამიანთან, რომელიც დაუსვამდა ჩამჭრელ შეკითხვებს და ავარჯიშებდა გამომსვლელებს ეფექტურად საუბარში; გუნდის წევრებიდან გამოკვეთილი უნდა ყოფილიყვნენ „მოლაპარაკეები“ და მათ უნდა ევარჯიშათ მიკროფონთან მუშაობაში; თარჯიმანი ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად თარგმნიდა; პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი დუბაიდან, რომელიც ამბობს რომ 2015 წლიდანაა თემაში, დაწერილ ქ გვერდიან ტექსტს არ უნდა კითხულობდეს და Satoshi Nakamoto-ს „ამოკითხვისას“ შეცდომას არ უნდა უშვებდეს (სატოში ნაკატომო ამოიკითხა. ვინც „თემაშია“, მიხვდება რაც ვიგულისხმე);
  • ღონისძიების წამყვანმა დაუშვა ბევრი შეცდომა. იგი ვერ მართავდა პროცესს. არაერთი ლაფსუსი იყო ამ ნაწილში. ერთ-ერთი თვალსაჩინო იყო ეს: როცა დუბაიდან ჩამოსულმა სტუმარმა თავისი „ჩაინგლისურებით“ როგორც იქნა „გააჩუმა“ აუდიტორიის ანერვიულებული წევრი (რომელიც სწორედ იმიტომ ანერვიულდა, რომ ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო შეკითხვაზე), წამყვანი და გუნდის ერთ-ერთი წევრი არ უნდა დაბრუნებოდნენ ისევ იმ ადამიანთან ღია დისკუსიას;
  • აუდიტორიის მიერ დასმული შეკითხვების აბსოლუტურ უმრავლესობაზე პასუხი გუნდმა უბრალოდ ვერ გასცა. კი მართალია აუდიტორიაც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე და ბევრი უსაგნო შეკითხვა დაისვა, მაგრამ 30% მაინც ხომ იყო საგნობრივი? არ იყო პასუხები! არადა პასუხების მნიშვნელოვანი ნაწილი წერია გამოქვეყნებული დოკუმენტებში. კომუნიკაცია აშკარად დასახვეწია და ეს სასწრაფოდ არის გასაკეთებელი;
  • White Paper არის სუსტი. გრამატიკული შეცდომების, ზედმეტად ტექნიკური ტერმინოლოგიისა და შესავალი „ლექციის“ მიღმა არის მთავარი ლაფსუსები: თუ ყურადღებით დაათვალიერებთ, ნახავთ, რომ სამუშაო გეგმის პირველი რამოდენიმე სვლა ნათელია (აქ არის PRE SALE ეტაპი, PRE ICO ეტაპი, ICO ეტაპი), თუმცა შემდგომი ეტაპები ნათელი არ არის როგორც შინაარსის, ასევე შესრულების განრიგის თვალსაზრისით;
  • MVP ვერ დავინახე. თემა ეხლა იქოქება და ეს ჯერ არ არის, მაგრამ მე ვერც ის დავინახე თუ რა შექმნა გუნდმა ან გუნდის წევრებმა აქამდე. როცა არ არის MVP, მაშინ აუცილებელია აუდიტორიას აჩვენოთ რაღაც მაინც, რაც გუნდის წევრებმა შექმნეს აქამდე, ინდივიდუალურად მაინც. ეს კრიტიკულად აუცილებელია აუდიტორიის ნდობის მოსაპოვებლად;

რა მომეწონა:

  • მარკეტინგული მხარე: ბრენდული დასახელება აშკარად კარგად შერჩეულია. ადვილად დასამახსოვრებელია. ლოგო, პოსტერები, ვიდეო პროდუქცია ასევე პროფესიონალების ნამუშევარია. პრეზენტაციამდე პერიოდის marketing traction კარგად მენიშნა. ინტრიგა ჩაიდო და ინტერესიც იყო. ეს დადასტურდა კიდეც პრეზენტაციაზე, რომელსაც ჩემი შეფასებით მინიმუმ 300-მდე ადამიანი მაინც დაესწრო. აშკარაა, რომ დიდი აქცენტი ფაბრიკაში ხალხის მოზიდვაზე არ გაკეთებულა, თორემ სასუნთქი ჰაერი არ დარჩებოდა დარბაზში;
  • ვებსაიტი და White Paper. 4 თებერვლისთვის ითქვა რომ გამოქვეყნდებოდა და გამოქვეყნდა კიდეც ორივე. ითქვა, რომ დაიწყებოდა PRE SALE იმავე საღამოს ღამის 12:00-თვის და დაიწყო კიდეც. როცა ითქმება და კეთდება ესაა ის, რაც განსაკუთრებით მომწონს;
  • გუნდი: AISIcoin-ის ოფიციალურ ვებსაიტზე ცალკე განყოფილება ეთმობა გუნდს. მომეწონა ის, რომ გუნდი აზრიანად შეკრულს ჰგავს. დააკვირდით, სამართლებრივ საკითხებში მრჩეველიდან დაწყებული, ფოტოგრაფით დამთავრებული (ტექნიკურ გუნდზე აღარაფერს ვამბობ) ყველა რგოლი გათვალისწინებულია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის შეიძლება არა ბოლომდე შეთამაშებული, მაგრამ ის გუნდი, რომელმა გაბედა და უმნიშვნელოვანესი საქმე დაიწყო. ამ საქმეს კი ნამდვილად სჭირდება გაბედულება. ამიტომ მგონია, რომ მინიმუმ თავს არ შეირცხვენენ და რასაც იტყვიან გააკეთებენ. ის ფაქტი, რომ გუდთან პირისპირ კომუნიკაციაა შესაძლებელი ვფიქრობ ძალიან ბევრს ნიშნავს;
  • AISIcoin არ არის მხოლოდ კრიპტო ვალუტა. ეს არის ICO პლატფორმა. ეს უნიკალური შესაძლებლობაა მაგალითად ადგილობრივი მეწარმისთვის, ნებისმიერი პროექტის იდეის ავტორისთვის, საბანკო სისტემის გვერდის ავლით იშოვოს დაფინანსება საკუთარი პროექტისათვის. ეს სწორედ ის ნოვაციაა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის პირადად ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. ერთი პრეცედენტიც რომ შეიქმნას ამისი, AISIcoin-ის ბედს ძაღლი არ დაჰყეფს! ესაა სწორედ ის მექანიზმი, რომელიც AISIcoin-ის ინვესტორს აქცევს HODLER-ად და უზრუნველყოფს AISIcoin-ში ინვესტიციის მომგებიანობას!

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ სიმბოლურად 100 USD დავაბანდო AISIcoin-ში. რატომ?

[საერთო წესია, რომ კრიპტო ვალუტაში/პროექტში იმდენი უნდა ჩადო, რამდენის დაკარგვაზეც მზად ხარ. მე ამ სვლით ცხადია ვრისკავ და შეგნებულად ვაკეთებ ამას. იგივე უნდა გესმოდეთ თქვენც]

 

  1. AISIcoin PRE SALE-ის ეტაპზე ღირს 0,5 ცენტი. PRE ICO ეტაპზე უკვე 4-ჯერ ძვირი იქნება (2 ცენტი). ICO ეტაპზე კი ეხლანდელთან შედარებით 16-ჯერ ძვირი (8 ცენტი). პირველივე ბირჟაზე კი როგორც მოხვდება ალბათობა იმისა, რომ მინიმუმ 10x-ჯერ მეტი მიიღო ეხლა დაბანდებულ ფულში არის ძალიან დიდი. მატარებელს მაშინ უნდა შეახტე, როცა გადის და ზუსტად ეხლაა ეს დრო ჩემი მოკრძალებული აზრით;
  2. AISIcoin ყველაფერთან ერთად ICO პლატფორმაა. ეს კი სწორედ ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც AISIcoin-ის გამოყენებას უზრუნველყოფს მომავალში. ამ მხარის ამუშავება იქნება შვება ადგილობრივ ბაზარზე კაპიტალის მოზიდვის მოსურნეთათვის. ეს განავითარებს ქართულ ბიზნესს, შექმნის სამუშაო ადგილებს და დოვლათს ქვეყანაში;

საქართველოში პროექტისთვის ფულის მოზიდვა რომ გინდოდეს, სამი წყარო გაქვს: ბანკი, ინვესტორი ან საკუთარი ჯიბე. რეალურად კი ჯიბეში არაფერი გაქვს, ინვესტორი სანთლითაა საძებარი, ბანკი კი „დათვის მეგობარია“. მაგალითად ამ მომენტში 3 მწარმოებელი ვიცი, რომელიც ეძებს ინვესტორს და ვერ პოულობს. რა უნდა ჰქნა იმ დროს, როცა ძალიან კარგი პროექტისათვის ფულს ეძებ და სამივე ზემოთ ხსენებული გზა დახშული გაქვს? გამოსავალი არსებობს და როგორც იკვეთება AISIcoin ამას გვთავაზობს სწორედ!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"