მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ანალიტიკა > სად გადის ოკუპაციის ხაზი რეალურად? 90 % და მეტი ეკონომიკური ოკუპაცია [მზარდი]!
ეკონომიკური ოკუპაცია

სად გადის ოკუპაციის ხაზი რეალურად? 90 % და მეტი ეკონომიკური ოკუპაცია [მზარდი]!

გაინტერესებს სად გადის ოკუპაციის ხაზი რეალურად?
ნუთუ მართლა გგონია რომ ტერიტორიის 22 %-ის (ეგ კიდევ გააჩნია როგორ დათვლი) ოკუპაციაა მხოლოდ ჩვენი პრობლემა?

ა.წ. მაისის დასაწყისში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ხურჩასთან კიდევ ერთხელ, ამჯერად 300 მეტრით გადმოსწიეს პირობითი საზღვარი და ადგილობრივი მოსახლეობის ხეხილის ბაღები მიიტაცეს. რა რეაქცია მოჰყვა ამას? ტრადიციული: აღშფოთება, შეშფოთება და სარკასტული იუმორი ვანოს შოუში. საქართველოს ტერიტორიის 22 %-მდე უკვე ოკუპირებულია და ამას ყველა თვალნათლივ ხედავს! ბოლო-ბოლო ეკლიანი მავთული გადის და მის იქით ვერ გადადიხარ. ეცდები და “შეგერჭობა”!

მაგრამ რა ვუყოთ ეკონომიკურ ოკუპაციას, რომელსაც თვალით ვერ ხედავ, ხელით ვერ შეეხები და არც მყისიერად “გერჭობა”?
 
რას ვგულისხმობ?

რას ხედავ როცა შედიხარ ტიპიურ სუპერმარკეტში საქართველოში? ჭრელაჭრულა დახლებისა და პროდუქციის მიღმა რას ხედავ? თუ ხედავ, რომ  პროდუციის აბსოლუტური უმრავლესობა იმპორტულია? კარგი, კარგი, არის ლუდი, ლიმონათი, ღვინო, ხორცპროდუქტი და ა.შ. გამოერევა ხომ ქართულიც? სხვას ქართულს ხედავ რამეს? ეხლა არასაკვებ სექციაში შეიარეთ. იქ საერთოდ ხედავთ რამეს ქართულს? ტექნიკის სექციაში? ჰიგიენის სექციაში? ხვდებით ხომ რაზე ვსაუბრობ? აი სადა ჩანს ეკონომიკური ოკუპაცია!

შორს წასვლა არ გინდათ, საკუთარ შესყიდვებს დააკვირდით. თვის განმავლობაში რას ყიდულობთ? ვისი წარმოებულია ის, რასაც ყიდულობთ? გგონიათ პურს ქართულს ყიდულობთ? ის ხორბალი, რისგანაც პურია დამზადებული რომელსაც ყიდულობთ, რუსულია. გესმით რაზეა საუბარი? ბაზარში პომიდორიც კი თურქულია, ლობიოც და ბევრი სხვა ნაწარმიც.

და რა ხდება ამ დროს როცა იმპორტულს ყიდულობ? ხელფასს უხდი სხვა ქვეყნის მოქალაქეს, ავითარებ სხვა ქვეყნის ბიზნესს და აძლიერებ სხვა სახელმწიფოს! თან საკუთარის ხარჯზე. ეს იმიტომ, რომ იმპორტულის ნაცვლად ქართული წვენი, ჩაი, ზეთი, ხორცი ან სადენი რომ გეყიდა, იმ წარმოებაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეს გადაუხდიდი ხელფასს, ადგილობრივ ბიზნესს განავითარებდი, საქართველოს გააძლიერებდი!

ეკონომიკური ოკუპაცია თვალით არ ჩანს. მავთულხლართი არსად ჩანს, მას ხელით ვერ შეეხები, იგი ფიზიკურად არ “შეგერჭობა”, მაგრამ ჩანს რიცხვებში, რომლებზედაც ფართოდ არ საუბრობენ როგორც წესი … აი მაგალითად:

სავაჭრო დეფიციტი 5,2 მილიარდი USD იყო 2016 წელს (GEOSTAT-ის მონაცემები) და ეს რიცხვი უკვე მრავალი წელია 5 მილიარდზე მეტია წელიწადში. ეს იგივეა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს თითქმის 2,000 USD ამოუღო ჯიბიდან წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ იმპორტი 2016 წელს 5,2 მილიარდი USD-თი მეტი იყო, ვიდრე ექსპორტი. ჩვენისთანა ქვეყნისთვის ამოდენა “გარღვევა” არის კატასტროფის ტოლფასი!

სამარცხვინოა, რომ როცა საქართველოში გაყიდული საკვების 70%-ზე მეტი იმპორტია (OXFAM-ის მონაცემები)! მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წელიწადში სოფელში ბევრი რამ კეთდება, მაინც შორსაა სინათლე გვირაბის ბოლოს. საკუთარი თავის გამოკვებაც კი არ შეგვიძლია!

რეალური ეკონომიკური ზრდა 2016 წელს 3 %-იც არ იყო! რა ეკონომიკურ განვითარებაზეა საუბარი ამ პირობებში? გაგიგიათ გატეხილ ქვევრში ყურძნის წვენი შეკავებულიყოს? რაც არ უნდა მზარდი შემოსავალი იყოს ტურიზმიდან, ინვესტიციებიდან, ექსპორტიდან და თანამემამულეთა გადმორიცხვებისგან (კიდევ კარგი ესენი მაინც რომაა მზარდი), გადის ყველაფერი გარეთ! არაფერი არ რჩება! არადა ჯანდაცვას, უსაფრთხოებას, განათლებას, კულტურას და სოციალურ დაცვას უზარმაზარი ფული სჭირდება.

ქართული ლარი “ყველა დოღს იგებს”! ლარის კურსის “ცელქობა” აჩვენებს ეკონომიკის სავალალო მდგომარეობას. ლარის კურსზე უნდა ვბრაზდებოდეთ და ვჭორაობდეთ, თუ პრობლემა უნდა აღმოვაჩინოთ და სწორედ მიზეზი უნდა მოვაშთოთ? როცა თერმომეტრი გვიჩვენებს რომ სიცხე გვაქვს, ე.ი. რაღაც არ არის კარგად ხომ ორგანიზმში? ამ დროს თერმომეტრს ხომ არ ვუბრაზდებით?

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობა კიდევ 0.1%-ით შემცირდა და 3,7 მილიონამდე დავედით. რა ემიგრანტების დაბრუნებაზეა საუბარი? ფუჭი დაპირებებით დაბრუნდება ხალხი იქ, სადაც ელემენტარული სამსახურის პოვნის იმედიც არ აქვს?

აი როგორ გამოიყურება ეკონომიკური ოკუპაცია და მისი შედეგი!
შიდა ბაზრის 90% და მეტის ოკუპაცია …
სწორედ ამიტომ არის საქართველო არის ერთ-ერთი უღატაკესი ქვეყანა მსოფლიოში!
ჩვენ გვაქვს ეკონომიკა, რომელშიც მზარდი შემოსავალი შემოდის, მაგრამ მთელი დოვლათი გარეთ გადის მომენტალურად! სხვაზე ვმუშაობთ ფაქტიურად …

ისტორიულად ომებს ტერიტორიის დასაპყრობად აწარმოებდნენ, რომ შემდეგ დაპყრობილი ტერიტორიებიდან ხარკი სხვადასხვა ფორმით მიეღოთ. ზოგ შემთხვევაში ოქროთი, ზოგ შემთხვევაში ცოცხალი ადამიანების სახით, რომელთაც ან მეომრებად წაასხამდნენ, ან ხარჭებად! დღეს მსოფლიო ვაჭრობაში 20 ტრილიონ USD-მდე ბრუნავს და ეს ყველაზე დაუნდობელი ომია, რაც კი აქამდე არსებულა. ტერიტორიის დაპყრობა ბაზრის დაპყრობამ ჩანაცვლა, ხარკი კი ნაღდი ფული და დოვლათია, რომელსაც ყოველი იმპორტული ნაწარმის შესყიდვისას სხვა ქვეყანას უხდი და მას ავითარებ!

დაფიქრდი რაში ხარჯავ შენს ფულს!
დახარჯე ხარისხიან ქართულ ნაწარმში! ამ დროს ფული/დოვლათი რჩება ქვეყანაში. ხელფასს იღებს ადგილობრივი მაცხოვრებელი, ვითარდება ადგილობრივი ბიზნესი, ძლიერდება საქართველო!

PS
მთავარი შეკითხვა ძალაშია და მისთვის ჯერ არ გვიპასუხია …
თქვენი აზრით, სად გადის ოკუპაციის ხაზი რეალურად?
[უპასუხეთ ქვემოთ კომენტარში]

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"