ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
შედეგი

30 დღიანი გამოწვევის მოსალოდნელი შედეგი

2015 წლის დეკემბრის 30 დღიანი გამოწვევის ანონსში და სამოქმედო გეგმაში პრინციპში ყველაფერი ნათელია, ანუ ველით 1 დეკემბერს. აქ კი მინდა ნათლად და რიცხვებში დაგანახოთ რა რეალური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ ჩვენს გამოწვევას 1 წლიან პერსპექტივაში. რატომ? იმიტომ რომ ჩემთვის პირადად განცდა იმისა რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ და რომ რაღაც განსაკუთრებულად დიდის ნაწილი ვარ, ყველაფერზე მაღლა დგას.

დავთვალოთ …

… დავუშვათ 200 ადამიანი ჩავერთეთ გამოწვევაში [ისე, მსურველი 300-ზე მეტია] … ეს 200 ოჯახია. თითოეულ ამ ოჯახში თვეში 500 ლარი მაინც იხარჯება ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ქართულით ჩანაცვლებადია
… ეს გამოწვევა ამ 200 ოჯახის ცხოვრების წესად აქცევს ქართულის ყიდვას
… ამ 200 ოჯახისგან თითოეული წელიწადში მინიმუმ 6,000 ლარს მაინც დახარჯავს ქართულ ნაწარმში
… ჯამში 2016 წელს ეს არის 200*6,000=1,200,000 ლარის პირდაპირი ინვესტირება ქართულ ბიზნესში, ეკონომიკაში და კეთილდღეობაში
… ეს პირდაპირი ინვესტიცია პოტენციურად 5,000,000 ლარის დოვლათის შემქმნელია ბიზნესის განვითარების, ქვეყნის განვითარების და დასაქმების კუთხით [ნახეთ დასაბუთება]

ჯერ სადაა …

… ამ 200 ადამიანთაგან თითოეულს მინიმუმ 500 Facebook მეგობარი მაინც ჰყავს
… ამ FB მეგობრების საერთო რაოდენობა 200*500 = მინიმუმ 100,000 ადამიანია
… ეს 100,000 ადამიანი კი 100,000 ოჯახია, რეალურად 400,000 ადამიანია
… ეს 100,000 ოჯახის წარმომადგენელი 30 დღის განმავლობაში Facebook-ში ყოველდღიურად ნახავს ჩვენი ერთობლივი გამოწვევის “კვალს”, დაინტერესდება და შიგადაშიგ მაინც იყიდის. მინიმუმ ინფორმაციას მაინც მიიღებს
… ამ 100,000 ოჯახის მსყიდველუნარიანობა 2016 წელს პოტენციურად 100,000*6,000=600,000,000 ლარია

ანუ რა გამოდის?

გამოწვევის 200 მონაწილე მთავარ გზავნილს 1 თვის მანძილზე დღეში რამოდენიმეჯერ არა მხოლოდ მივიტანთ 500,000 ადამიანთან, არამედ 2016 წლის მანძილზე ჩვენი ხელით მოვახდენთ 1,2 მილიონი ლარის ინვესტირებას ქვეყნის ეკონომიკაში, სადაც მხოლოდ ჩვენ პოტენციურად 5,000,000 ლარის დოვლათს შევქმნით. მეტიც, ზეგავლენას მოვახდენთ პოტენციურად 600,000,000 ლარის მოცულობის ხარჯის გადამისამართებაზე, რომელსაც 2,400,000,000 ლარის დოვლათის შექმნა შეუძლია ქართულ ეკონომიკაში 2016 წელს. ეს კი საქართველოს GDP-ს 8 %-ზე მეტია. ხვდებით ეს რას ნიშნავს? საქართველოს ეკონომიკის 8%-იან ზრდას ვეთამაშებით ამ გამოწვევით …

ეხლა ხომ უკეთ ხვდებით რა ბომბს ვაგდებთ?
დაფიქრდით რა მოხდება, თუ 400 ვიქნებით, ან 800, ან 1000 …
ამიტომ, დაერიეთ მეგობრებს და ჩართეთ ისინიც ამ საქმეში …

უნდა გვესმოდეს, რომ იმპორტის სახით უძლიერესი მოწინააღმდეგე გვყავს. მაგრამ არაუშავს, კისრულზე თუ ვერ გავშხლართავთ, სარმას მაინც გამოვკრავთ!