ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
თხილი

24-25 ნოემბერი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კონფერენცია

ინფორმაციის წყარო: REAP

 

24 ნოემბერს, ქ. ანაკლიაში, სასტუმრო “ოქროს საწმისში” და 25 ნოემბერს, ქ. ზუგდიდში, რესტორან “სამეფოში” საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება.

ასოციაცია დაფუძნდა 2013 წელს და დღეისათვის 700-ზე მეტ ფერმერს ითვლის. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. ასოციაციის მუშაობა გამოირჩევა იმით, რომ მასში გაწევრიანებული ფერმერები იყენებენ ჯგუფური მუშაობის მეთოდს, რაც მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება, შეიძინონ ცოდნა და ერთად მონახონ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზები. თითოეულ ჯგუფს ემსახურება კვალიფიციური აგრონომი, რომელიც ყოველთვიურად რეკომენდაციებს აძლევს ფერმერებს და აკვირდება მათ თხილის ბაღებში მიმდინარე ცვლილებებს. გარდა ამისა, ასოციაციის წევრები სარგებლობენ შეღავათებით სხვადასხვა სერვისების მისაღებად, მათ შორის არის: ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის გაფცქვნა და შრობა.აგრეთვე,მათთვის ხელმისაწვდომია აგრო-კრედიტები სასუქებისა და შხამქიმიკატების შესაძენად, და სხვა სერვისები.

დაგეგმილი კონფერენციის მიზანია ფერმერებმა და თხილის სექტორში მოღვაწე სხვა პირებმა შეიტყონ ასოციაციის მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კონფერენციას დაესწრება დაახლოებით 300 ფერმერი – როგორც ასოციაციის წევრები, ასევე სხვა ფერმერები; აგრეთვე თხილის გადამამუშავებლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები, სასუქებისა და შხამქიმიკატების მომწოდებლები, ფინანსური ინსტიტუტებისა და სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლები და თხილის სექტორში მოღვაწე სხვა პირები.კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა მიიღოს უახლესი ტექნიკური ინფორმაცია თხილის დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მავნებლებთან ბრძოლა, ნიადაგის განოყიერება, მოსავლის დაზღვევა. ასევე განხილული იქნება თხილის სფეროში მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა და სხვა საკითხები.

ღონისძიება გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში. პირველ დღეს, 24 ნოემბერს, ანაკლიაში, სასტუმრო “ოქროს საწმისის” საკონფერენციო დარბაზში შეხვედრას დაესწრებიან ოფიციალური სტუმრები, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. 25 ნოემბერს, ზუგდიდში გაიმართება მასშტაბური შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ფერმერები და თხილის სექტორში მოღვაწე სხვა პირები და ორგანიზაციები.