ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

100% ქართული პროდუქტი არსებობს?

რას ნიშნავს – 100% ქართული ნაწარმი?
რას ნიშნავს ცნება – ქართული პროდუქტი?
და საერთოდ, არსებობს კი 100% ქართული ნაწარმი?

რამოდენიმე დღის წინ ერთი მეტად საინტერესო ქართული კომპანიის პრეზენტაციაზე გახლდით მიწვეული და საუბარი სწორედ ამ დიდ თემაზე ჩამოვარდა. „ხორციანად“ ვიმსჯელეთ და რა თქმა უნდა საერთო აზრიც დაღვინდა. გამიხარდა, რომ ერთი აზრისანი აღმოვჩნდით. შემდეგ კი ამ სტატიის დაწერა გადავწყვიტე. მიზანი? მინდა kar.ge-ს სტუმარს კარგად ესმოდეს რას ნიშნავს „100% ქართული პროდუქტი“, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ფრაზა რეალურად. თან 2 დღეში ისტორიულ გამოწვევას ვიწყებთ და …

ავიღოთ მაგალითად ჩურჩხელა …
ფქვილი ქართული …
წვენი ქართული …
თხილი ქართული …
თათარა მოიხარშა ქართულ ტყეში მოჭრილ შეშაზე …
მოამზადა ჩვენებურმა ადამიანმა …
არის თუ არა ეს ჩურჩხელა 100% ქართული ნაწარმი?

როგორც არ უნდა ‘მოატრიალო“ არ არის და აი რატომ:

1. ძაფი საქართველოში არ იწარმოება, შესაბამისად იმპორტია. შეიძლება 1%-იც არ არის ძაფის ხარჯი, მაგრამ ხომ არის? 100 %-იანობა უკვე დაირღვა. ვაგრძელებთ …
2. ფქვილის წარმოებისას, ანუ მარცვლეულის წარმოებისას სასუქი იქნება აუცილებლად გამოყენებული მიწის დამუშავებისას. დიდი შანსია ეს იყოს ისეთი სასუქი, რომელიც საქართველოში არ იწარმოება, შესაბამისაც ესეც იმპორტი ხომ არის?
3. ყურძენი, რომელიც დაიწურა, ხომ უნდა მოიყვანო? აუცილებლად მის წარმოებისას რამე წამალი მაინც იქნება გამოყენებული იმპორტული. ხომ არის ესეც იმპორტი?
4. ტრანსპორტირება ხომ უნდა ჩურჩხელას? ჰოდა საწვავი ხომ უნდა მაგ საქმეს? და ხომ არის საწვავი იმპორტირებული?
5. და თუ გაზზე მოხარშულ თათარაშია ამოვლებული გაზიც ხომ იმპორტია?
6. და თუ ლამაზადაა შეფუთული ჩვენი ჩურჩხელა შესაფუთი მასალის დიდი ნაწილი [ქაღალდი, ცელოფანი მაგალითად] ესეც ხომ იმპორტია?

ასე რომ მეგობრებო, ყველაზე ნაღდი ქართული პროდუქტიც კი რომ გვქონია, ისიც კი არ არის 100% ქართული! მაშ სად ვართ? რა იქნება სწორად დასმული შეკითხვა? – რამდენი პროცენტით არის ქართული? საქართველოში ბევრია საწარმო, რომელსაც ნედლეულის დიდი ნაწილი შემოაქვს. საშუალოდ მისი წილი კი 40-60%-მდეც კი შეიძლება ადიოდეს. თუმცა მაინც ქართული წარმოებაა, იმიტომ რომ საბოლოო საწარმოო პროცესი არის საქართველოში, ასაქმებს საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებს ქართულ ბიზნესს და სახელმწიფოს!

დასკვნა,
უხეშად რომ ვთქვათ [ანუ სხვადასხვა დარგების მიხედვით საშუალო] როცა მყიდველი 1 ლარს იხდის ქართული წარმოების პროდუქტში, ეს დახარჯული 1 ლარი ასე ნაწილდება:
15-25 თეთრი – შრომის ანაზღაურება
20-50 თეთრი – ნედლეული
10-20 თეთრი – გადასახადები
10-20 თეთრი – საწარმოო პროცესის დანახარჯები
10-40 თეთრი – სხვადასხვა მომსახურების ხარჯები, მათ შორის მარკეტინგული
10-15 თეთრი – მოგება
10-20 თეთრი – აუცილებელი იმპორტი

მეგა დასკვნა: 100% ქართული ნაწარმი ბუნებაში არ არსებობს!

მეთანხმებით?
თქვენი გამოცდილებით რამეს ხომ არ დაამატებდით?
აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება ქვემოთ კომენტარების ველში.
მადლობა!