მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ანალიტიკა > 10 პროდუქტის შანსები კორეის ბაზარზე: ჩურჩხელა, ღვინო, არაყი, თაფლი, აჯიკა, დამბალხაჭო, ჩაი, ბაქმაზი, მწნილები, ყველი

10 პროდუქტის შანსები კორეის ბაზარზე: ჩურჩხელა, ღვინო, არაყი, თაფლი, აჯიკა, დამბალხაჭო, ჩაი, ბაქმაზი, მწნილები, ყველი

მას შემდეგ რაც IFFE 2018-ზე გამგზავრების შესახებ გავაცხადეთ გაჩნდა შეკითხვები მწარმოებლებისგან, თუ რის წაღებას/გატნევას აქვს აზრი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის მოკრძალებული გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა 2016 და 2017 წლებში სამხრეთ კორეაში IFFE-ში მონაწილეობის შედეგად. ამ ტექსტში აქცენტს გავაკეთებ კორეის ბაზარზე 10 იმ პროდუქტის პერსპექტივაზე, რომელიც უკვე გვქონდა წაღებული, “დავტესტეთ” და აზრი უკვე ჩამოგვიყალიბდა.

1. ჩურჩხელა ყოველ წელს მიგვაქვს. მეტიც, შარშან ჩვენმა კორეელმა პარტნიორმა ჩურჩხელის სპეციალური ბრენდიც კი შექმნა (churub). ყველაზე მეტად ხალხს ხიბლავს ბადაგის, თხილის და ნიგვზის ნატურალურობა. ჩურჩხელას უამრავი ვარიანტი წაგვიღია, მათ შორის ჩირზე გაკეთებულებიც. უამრავი დეგუსტაცია მოგვიწყვია და ყოველ ჯერზე რიგები დგებოდა ხოლმე. ჩურჩხელა დესერტების კატეგორიაში გადის და მისი მცირე პარტიის ექსპორტიც კი გავაკეთეთ 2017 წლის დასაწყისში. თავიდანვე აღმოჩნდა, რომ ჩურჩხელას პერსპექტივა აქვს, მაგრამ ადგილობრივ გემოვნებაზე და კულტურაზე უნდა მორგება. მაგალითად თხლად დაჭრილი ჯობია იყიდებოდეს, ვინაიდან ჩაიზე მიირთმევენ და დაჭრა ჯობია არ დასჭირდეთ. გამოწვევა არის შემდეგი: დესერტების ბაზარი ძალიან მზარდია, მაგრამ გადატვირთულია. ამ “ჯუნგლებში” რომ საკუთარი ადგილი დააიჭირო საკმარისი არაა გექნეს მხოლოდ ჩურჩხელა. ადაპტირებაა აუცილებელი.

2. ღვინო დიდი თემაა. ყოველთვის იყო დიდი მოთხოვნა/ინტერესი და ყოველთვის გვქონდა ცოტა ღვინო ექსპოზე, ისიც მხოლოდ დეგუსტაციისთვის. ამიტომაც სულ ვცდილობდი, რომ ერთ ბოთლი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამესინჯებინა. ინტერესი დიდია. თუ რომელიმე ღვინის მწარმოებელი რიგიანად ჩაერთვება, ძალიან მოიგებთ ბატონებო და ქალბატონებო. 2016-ში ცოტა ღვინო გვქონდა წაღებული, 2017-ში კიდევ უფრო ცოტა. რატომღაც ღვინის კომპანიებისაგან ინტერესი დაბალია. არადა კორეა მე-11 ეკონომიკაა მსოფლიოში და ღვინო მეტად პოპულარული ხდება. ჩვენ სტენდის წინ ორივე წელს ბერძენი მეღვინე ძმები ყიდიდნენ ბერძნულ ღვინოს. “გული მისკდებოდა” ისე ეფექტურად მუშაობდნენ. ვფიქრობდი, ნეტა ამდენი ქართული ღვინო მომცა აქ მეთქი.

3. ჭაჭა, არაყი, ბრენდი და ზოგადად მაგარი სასმელები ასევე უდიდესი თემაა. როგორ დამავიწყდება სტუმართა “დაჭყანული სახეები” ტყემლის არყიდან დაწყებული ჭაჭით დამთავრებული სხვადასხვა სასმელის გასინჯვის შემდეგ. თუ გაქვთ ხარისხიანი ნაწარმი, ასეთ ექსპოზე მისი წარმოჩენა არის კარგი ნაბიჯი წინ.

4. თაფლი დიდი თემაა. ადგილობრივ თაფლს რატომღაც არ წყალობენ კორეაში, სამაგიეროდ იმპორტულ თაფლზე გიჟდებიან. შარშან გვქონდა 6-ე მეტი სახეობის თაფლი წაღებული და ყველა აშკარად მოხიბლული დარჩა. თაფლს აშკარად დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ სამუშაოც დიდია. ძალიან დიდია კონკურენცია ამ ნაწილში და ბაზარზე თუ გინდა ფეხის მოკიდება, დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევს. განსაკუთრებით აკვირდებიან ხარისხს და ნატურალურობას.

5. აჯიკა ორივე წელს გვქონდა, სხვადასხვა სახის. კორეული სამზარეულო მეტად მდიდარია სხვადასხვა სახის მწარე, ნაკლებად მწარე, ტკბილ-მწარე და ა.შ. უამრავი სახის ანალოგიური პროდუქციით. ასე რომ მათ ვერაფრით გააკვირვებ. ასეთ ბაზართან ჭიდაობას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა რაღაც განსაკუთრებული გაქვს განსაკუთრებულ ფასში. გარდა ამისა აჯიკის შემთხვევაში რაღაც ისეთივე ფანდია საჭირო, როგორც ჩინეთში გაათამაშეს ამ ორიოდ წლის წინათ: ქართული წითელი ღვინო იდეალურად უხდება ჩინურ ნაციონალურ კერძსო (“იხვი პეკინურად” იყო მხედველობაში).

6. დამბალხაჭო პირველ წელს გვქონდა წაღებული. ყველას ძალიან მოეწონა, ოღონდ თავიდან ვერ მიხვდნენ რა იყო ეს, რატომ ჰქონდა ობი გარედან და როგორ ეჭამათ. დეგუსტაციებზე ღვინოსთან ერთად ვთავაზობდით პროდუქტს და სასწაულად მოეწონა ყველას. დამბალხაჭოს პერსპექტივა დიდი აქვს კორეაში. უბრალოდ გუნდის ფორმით მისი გატანა არ მგონია კარგი აზრი იყოს. საჭირო იქნება მისი თხელ ნაწილებად დაჭრა და ისე შეფუთვა, ოღონდ არ უნდა დატყდეს. ასევე მნიშვნელოვანია შენახვის ვადა. საჭიროა შენახვის ვადის როგორმე გაზრდა 1 წლამდე მინიმუმ. ოღონდ მარილით არა. მარილი თუ საერთოდ არ ექნება, უკეთესი იქნება (თან ჩვენთან რაც იყიდება მარილი კი არა მარილის პროვოკაციაა). რასაც ვატყობ კორეაში მარილს არ წყალობენ. იქ ჯანსაღი ცხოვრების წესია მთავარი. ალბათ მიტომაცაა, რომ კორეაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

7. ჩაი ყოველთვის იყო, არის და იქნება თემა. ოღონდ ძალიან რთულია მათი გაკვირვება ამ კატეგორიაში. ჩაის, რომელსაც იქ შესთავაზებ უნდა რაღაც ჰქონდეს გამორჩეული. მაგალითად ბიო ჩაი, ან სამკურნალო ჩაი. ოღონდ თითოეულ სიტყვას სჭირდება ახსნა და დასაბუთება ისეთი, ქვას რომ ხეთქავდეს. ამ კუთხით წელს განსაკუთრებით ვთხოვეთ პროდუქციის მომწოდებლებს, რომ თან გაგვატანონ ჩარჩოში ჩასმული სერტიფიკატები, რომლებიც პროდუქციის იმიჯს გაუსვამენ ხაზს.

8. ბაქმაზი პირველად გვქონდა შარშან წაღებული. უდიდესი მოწონება დაიმსახურა, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავუხსენით რა იყო ეს. მსგავსი არაფერი აქვთ. ბაქმაზს დიდი პოტენციალი აქვს თუ მის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სწორად მოხდება.

9. მწნილები (ჯონჯოლი და ნივრის) აშკარად მოეწონათ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმდენნაირი მწნილები აქვთ ტრადიციულ სამზარეულოში, რომ აშკარად ძნელია მათთან კონკურენცია გაბედო. ქალაქ ჯონჯუში ექსპოზე რომ ჯონჯოლს ჩაიტან ეს დიდი თემაა თავისთავად, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. ნიორის მწნილიც გვქონდა, მაგრამ ერთიც და მეორეც მარილიანი იყო და მაინცადამაინც პოპულარობა არ დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ უმარილოდ დამწნილებული ერთიც და მეორეც ძალიან საინტერესო იქნებოდა.

10. ყველი მე კორეაში ვერც ვნახე და ვერც ვჭამე თუ არ ჩავთვლით სოიოს ყველს, მაგრამ ეს უგემური მასაა, რომელსაც როგორც ჩვენ სუპში ვყრით კარტოფილს, დაახლოებით ეგეთივე ფუნქცია აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ყველს და სულგუნს დიდი მომავალი ექნებოდა კორეაში, ოღონდ მარილი უნდა დაივიწყოთ.

საერთო დასკვნა: პროდუქტი ჯობია იყოს განსხვავებული (ეს უპირველესი კრიტერიუმია) და ქართულ ფესვებთან ახლო, ნატურალური / ხარისხიანი (დასაბუთებული სათანადო სერტიფიცირებებით) და ჰქონდეს ადექვატური / კონკურენტული ფასი. პროდუქტის ანალოგი თუ არ იქნება კორეულ ბაზარზე ვფიქრობ უკეთესიც კი იქნება. კი, რთული იქნება იდეის ჩაწოდება, მაგრამ ყურადღებას უფრო მიიქცევს. ხოლო მთლად საუკეთესო იქნება თუ ვინმე შუაგულ სეულში ქართულ რესტორანს გააკეთებს (არაა). ეს იქნებოდა ძალიან დიდი ექსპანსიის დასაწყისი კორეულ ბაზარზე.

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს მივფრინავთ IFFE 2018-ზე. შეგვიძლია წავიღოთ და წარმოვაჩინოთ თქვენი ნაწარმი (საკვები / სასმელი). 20 კგ. ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულებაა 150 USD. სრული ინფორმაცია იხილეთ აქ.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"