მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ბიზნეს გეგმა > #1 რა არის ბიზნეს გეგმა?

#1 რა არის ბიზნეს გეგმა?

დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ რუბრიკის გაჟღერებასაც კი  …
და აი, დღეს ვიწყებთ …
100 სტატიაში ძირფესვიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ წარმოვადგენთ ბიზნეს გეგმის მომზადების თითოეულ ეტაპს/საკითხს ისე, რომ ყველა მონდომებული ადამიანი ისწავლის თუ როგორ უნდა დაწეროს ბიზნეს გეგმა თვითონ (y)
დიახ, 100 სტატია იქნება …
თითო სტატია თითო შეკითხვას უპასუხებს და თითო თემას მიეძღვნება…
დღეს #1 სტატია ქვეყნდება …
ვიწყებთ ტერმინებით და მთავარი განმარტებებით …
რატომ?
იმიტომ, რომ საბაზო ტერმინების/კონცეფციების სწორად გაგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია!

 

1. რა არის ბიზნეს გეგმის მომზადების მიზანი?

1996 წელი …

ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ქუთაისის ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრში TACIS-ის პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერესო სემინარების კურსს ვესწრებოდი, რომელსაც ბრიტანელი ექსპერტი უძღვებოდა.

ტრენერი სახელად Bruce [გვარი არ მახსოვს], დაახლოებით 55 წლის იქნებოდა, ისე მარტივად გადმოსცემდა მასალას, რომ მთელ აუდიტორიას აღფრთოვანებულს ტოვებდა.

ცხადია მანამდეც ვიცოდი ბიზნეს გეგმა რა იყო, განაკეთებიც კი მქონდა სამოყვარულო დონეზე, მაგრამ პრაქტიკულმა განმარტებამ, რომელიც მაშინ სემინარზე მოვისმინე ჩემს გონებაში ყველაფერს თავისი ადგილი „მიუჩინა“.

ბრუსმა ბიზნეს გეგმა ასე განმარტა:

<blockquote>ბიზნეს გეგმის მიზანია ინვესტორს დაანახოს ფული!</blockquote>

ეს არის ერთადერთი განმარტება, რომელსაც 100% ვიზიარებ და გიზიარებთ!

ბიზნეს გეგმა არ კეთდება მხოლოდ მასალების თავმოსაყრელად, არც მხოლოდ გაბნეული აზრების დასალაგებლად, არც მხოლოდ ვინმესთვის თავის მოსაწონებლად, არც მხოლოდ ბანკში ან ინვესტორის წინაშე წარსადგენად …

ბიზნეს გეგმის მიზანია ინვესტორს დაანახოს ფული! – აი მისი რეალური მიზანი!

ჩაიბეჭდეთ ეს განმარტება გონებაში!!!

like

 

2. კონკრეტულად რა არის ბიზნეს გეგმა?

ბიზნეს გეგმა წერილობით ჩამოყალიბებული დოკუმენტების ნაკრებია. მასში ბიზნესის მომგებიანად განხორციელებისათვის საჭირო ყველა იდეა, მოსაზრება, რისკი, სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობა, ნიუანსი, ნახაზი, დანართი, და ა.შ. ერთადაა თავმოყრილი, „გაშიფრული“ და დალაგებული.

ბიზნეს გეგმა კომპლექსური დოკუმენტია. მასში სტრატეგია, მარკეტინგის გეგმა, ადამიანური რესურსების გეგმა, წარმოების გეგმა და ა.შ. უამრავი ნაწილი შედის. აი ასე გამოიყურება ჩემს მიერ რამოდენიმე წლის წინ დაწერილი ბიზნეს გეგმა აზერბაიჯანელი ინვესტორისათვის [საინვესტიციო ღირებულება 1.5 მილიარდი ლარი].

dirsi

დიახ, DIRSI ის უბანია, რომელიც თბილისში შენდება. სწორედ მის ბიზნეს გეგმას უყურებთ ეხლა – დაახლოებით 400 გვერდამდე მასალას, თავად ბიზნეს გეგმას 3 ენაზე [ქართული, ინგლისური, რუსული], 26 დანართს მშენებლობის რუკის ჩათვლით და CD-ს ფაილებით. აქ არის ყველაფერი!

 

3. რა ეტაპზე კეთდება ბიზნეს გეგმა?

რამდენი ადამიანი იცი, ვინც საქმე გაუაზრებლად დაიწყო, ჩაუვარდა და ფული წააგო?

რამდენი იცი, ვინც ჯერ დაგეგმა, შემდეგ დაიწყო და დღემდე წარმატებით წინ მიიწევს?

90-10-პრინციპი

ჩემთვის დაკვეთილი ბიზნეს გეგმების ალბათ 90% და მეტი იყო იმ ეტაპზე, როცა საქმე დაწყებული არ იყო და სწორედ ესაა „სწორი“ დრო!!! ჯობია თვითონ დაწერო ან გადაიხადო ბიზნეს გეგმის დაწერაში, ბიზნეს პერსპექტივის და რისკების წინასწარ განჭვრეტაში, ვიდრე დაიწყო გეგმის გარეშე, გაუაზრებლად და ასჯერ, ათასჯერ და კიდევ უფრო მეტი თანხა დაკარგო.

დარჩენილ 10%-ზე ნაკლებ შემთხვევებში საქმე უკვე დაწყებული იყო. მაშ, რატომ შეუკვეთეს? ძირითადად ორი მიზეზის გამო: 1) პროექტის განმხორციელებელი პროცესში „გაიჭედა“ და არ იცოდა რა მიმართულებით გაეგრძელებინა საქმე, და 2) პროექტის მენეჯერს აინტერესებდა პროექტის პერსპექტივასთან დაკავშირებული განასხვავებული ხედვა.

 

4. რეალურად ვის სჭირდება ბიზნეს გეგმა?

პირველ რიგში ბიზნეს გეგმა გჭირდება შენ, საქმის წამომწყებს, რათა რამოდენიმე წლის წინსწრებით განჭვრიტო წამოწყების მომავალი, ანუ დაინახო ფული თვითონ, რომ შეაფასო – ეს ჩიტი ბრდღვნად ღირს?

სტატისტიკა

ბიზნეს გეგმა სჭირდება ყველა ინვესტორს [მნიშვნელობა არ აქვს ვინაა იგი], ვინაიდან სწორედ აქ ხედავს იგი ფულს. და თუ ბიზნეს გეგმა არ არის, ან ინვესტორს ფულს არ უჩვენებს, ე.ი. არაფერი არ არის.

 

„ლეგენდარული“ შეკითხვა #1:

„დავუშვათ გავაკეთე ბიზნეს გეგმა, რა ვიცი რომ გაამართლებს?“

ბიზნეს გეგმა არის … გეგმა! იგი თაროზე შემოსადებად არაა შექმნილი. იგი თავისით არ „გაამართლებს“, ამისათვის ნემსის ყუნწში გაძრომა მოგიწევს. ეს დოკუმენტი სწორედ იმიტომ კეთდება, რომ „გასამართლებელი“ მინიმალურზე იყოს დაყვანილი და პრობლემების გადაჭრის დანახარჯ-ეფეტური გზები წინასწარ მოძებნო. იღბალის ადგილი ბიზნეს გეგმაში არაა.

 

„ლეგენდარული“ შეკითხვა #2:

„დაწერის შემდეგ ბიზნეს გეგმა არ შეიცვლება?“

ბიზნეს გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც მუდმივად უნდა გააახლო. მეტსაც გეტყვი, რასაც თავიდან დაგეგმავ, იმის 50%-ზე მეტი შესაცვლელი შეიძლება გაგიხდეს უკვე საქმის დაწყებისთანავე. მიუხედავად ამისა, შეუფასებელი უპირატესობაა, როცა რისკების წინასწარ განჭვრეტის შანსი გაქვს და ამას ახერხებ.

 

„ლეგენდარული“ შეკითხვა #3:

„ ბიზნეს გეგმა სპონსორს მაპოვნინებს?“

სპონსორი?

სპონსორი შეიძლება ჰყავდეს საქველმოქმედო კონცერტს, სადაც სპონსორი დებს ფულს და ხშირ შემთხვევაში პიარის კუთხით ნახულობს სარგებელს. ჩვენ აქ ბიზნესზე ვსაუბრობთ … საქმიანობაზე, რომელიც ფულის მოსაგებად კეთდება. აქ შეიძლება გამოიყენო ტერმინები პარტნიორი, ინვესტორი, მაგრამ ტერმინს – „სპონსორი“ აქ აბსოლუტურად არაფერი ესაქმება.

„სწორი“ სიტყვა აქ არის – „ინვესტორი“. სწორედ ინვესტორია ის, ვინც საქმეში ინვესტირებას აკეთებს უკუგების მიღების მიზნით. ინვესტორი კი წილში შემოგყავს, პარტნიორი ხდება.

არ იფიქრო, რომ რახან ბიზნეს გეგმა გექნება, ინვესტორსაც აუცილებლად მოძებნი; ან თუ მოძებნი მის წილში შემოყვანას დათანხმდები. ბიზნეს გეგმის მომზადება არის პირველი სვლა, აუცილებელი სვლა. მოწოდების სიმაღლეზე დაწერილი ბიზნეს გეგმა კრიტიკულად აუცილებელია, მაგრამ იგი არ არის გარანტი, რომ შენ ინვესტორს იპოვი.

 

5. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ …

ორიდან ერთი შედეგი დგება ბიზნეს გეგმის სრულფასოვნად შედგენის შემდეგ:

  • ან მიხვდები, რომ „ეს ჩიტი ბრდღვნად ღირს“ და მყარად დგახარ არგუმენტებით საკუთარი თავის და ინვესტორის წინაშე, ან
  • ხვდები, რომ არც ისეა საქმე, როგორც გეგონა.

პირველ შემთხვევაში „გაგრძელება“ ნათელია …

მაგრამ მეორე შემთხვევაში რა ხდება?

ამ დროს კიდევ უფრო მეტად ბედნიერი უნდა იყო მინიმუმ სამი მიზეზის გამო:

  • ჭკვიანურად დაიწყე – დაგეგმვით და უსარგებლო საქმეში დიდი ფულის წაგებას გადარჩი;
  • ბიზნეს გეგმაზე მუშაობისას გამოცდილება მიიღე, ჩათვალე რომ ერთი კარგი სასწავლო პროგრამა გაიარე დახარჯული თანხის სანაცვლოდ;
  • მიღებული გამოცდილება გამოგადგება მომავალ წამოწყებებში;

გამარჯვება

 

5 პრაქტიკული დასკვნა:

 

bpl1

ბიზნეს გეგმის დაწერის მიზანი არის ერთი: დაანახოს ინვესტორს ფული მოკლევადიან და/ან გრძელვადიან პერსპექტივაში;

bpl2

ბიზნეს გეგმა კონკრეტული სტრუქტურით გაკეთებული წერილობითი დოკუმენტია, საქმის მომგებიანად განხორციელების ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი სქემაა;

bpl3

ბიზნეს გეგმის მომზადება პირველი ნაბიჯია, რომელიც აუცილებლად უნდა გადადგათ მანამ, სანამ რამე ხარჯს გასწევთ;

bpl4

ბიზნეს გეგმა პირველ რიგში გჭირდება შენ თვითონ, შემდეგ კი ნებისმიერ ინვესტორს, რომელსაც მომგებიანად ინვესტირება სურს;

bpl5

ბიზნეს გეგმის დაწერის შემდეგ ან დაინახავ, რომ „ეს ჩიტი ბრდღვნად ღირს“ ან მიხვდები, რომ არა. ორივე შემთხვევაში მოგებული ხარ;

მადლობა რომ წაიკითხე სტატია,

მოგეწონა? მაშ, გააზიარე …

შენს მეგობრებსაც მიეცი შანსი მიიღონ ეს ცოდნა …

  1. თუ გინდა მომავალი სტატიებიც არ გამოგრჩეს, აქვე მარცხნივ დაარეგისტრირე საკუთარი ელ. ფოსტა ყოველკვირეული სიახლეების მისაღებად (y)
  1. თუ შეკითხვა გაგიჩნდა, თან ისეთი, საჯაროდ დასმა რომ არ გამოდის, აქვე მარცხნივ არის პირდაპირ ჩემთვის შეკითხვის მოწერის შესაძლებლობა. 24 საათში ვუპასუხებ ყველა გამოხმაურებას (y)
  1. თუ გსურს რომელიმე საკითხი განსაკუთრებით გავშალოთ [შეიძლება ცალკე სტატიის დაწერაც კი ღირდეს მასზე], მოგვწერეთ აქვე ქვემოთ Facebook კომენტარის სახით (y)
ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"