ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სურსათის უვნებლობა, რძე და რძის ნაწარმის ბაზრის ახალი რეგულაცია

სურსათის უვნებლობა, რძე და რძის ნაწარმის ბაზრის ახალი რეგულაცია

ფილმი – “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში” ხომ გახსოვთ? სასადილოში რომ კაცი შედის და თქვენი კატლეტით მოვიწამლეო რომ ჩივის … გახსოვთ მას რა პასუხი გასცეს? შენ თუ ინტრიგანი არ ხარ ჩვენს კატლეტში ხორცს რა უნდაო?! ანუ მათ კატლეტში ხორცი არ იყო. ჰოდა რძის პროდუქტების მწარმოებლების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების მსხვერპლი ვიყავით აქამდე ყველანი. ვყიდულობდით რძის პროდუქტს, მაგალითად კარაქს, რომელის სულაც არ იყო კარაქი, ანუ ცხოველის რძისგან არ იყო დამზადებული.

ამას მგონი ბოლო მოეღო … სურსათის უვნებლობა თემა გახდა და თან აქტუალურიც. რატომ? ესეც იმიტომ, რომ DCFTA გვთხოვს, თორემ … მთავარი ისაა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება წინ და ჩვენ, მე და თქვენ, სერიოზული წილი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ საკითხში.

ოფიციალური ინფორმაცია: 2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. მთავრობის აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი, მაგალითად: „კარაქისებრი“ ან „კარაქის მსგავსი“, „არაჟნისებრი“ ან „არაჟნის მსგავსი“. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნეოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება. რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა „მსგავს“-თან ან/და ბოლოსართ „ებრ“-თან ერთად, მაგალითდ: „რძისებრი“ ან „რძის მსგავსი“, „არაჟნისებრი“ ან „არაჟნის მსგავსი“ 2016 წლის პირველ აგვისტომდეა დასაშვები. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების (არაჟანი, კარაქი, რძე…) გამოყენება აიკრძალება. ახალი რეგულაციების დანერგვის პროცესის მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

სურსათის უვნებლობა დიდი თემაა და ძაღლის კუდს მხოლოდ ერთი რეგულაციით ვერ გაასწორებ. მთავარია პროცესი დაიძრა, რომელშიც ჩვენ, მომხმარებლებს დიდი როლი გვაქვს. დააკვირდით ეტიკეტის ტექსტს და ვიცოდეთ რაში ვიხდით ფულს.