ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კურდღელი

სასაჩუქრე ბაჭიები – თურმე რა მომგებიანი რამ ყოფილა კურდღლის ფერმა?!

უმაგრესი თემა აღმოვაჩინეთ და ამის გაუზიარებლობა იქნებოდა?

გაიცანით ლაშა გუჯარელიძე, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია კურდღლის მცირე ბიზნესს ეწევა და ფრიად წარმატებულადაც. ეს მისი მთავარი საქმე არ არის, მაგრამ თუ ინვესტიცია გაჩნდა გაფართოვება შეიძლება ელვის სისწრაფით. წაიკითხეთ და ბევრ რამეს გაიგებთ ამ მცირე ბიზნესის შესახებ.

 

  1. ლაშა, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ. რატომ და როგორ დაიწყეს ეს საქმე? სადა გაქვთ მეურნეობა? ეს თქვენი ძირითადი საქმიანობაა, თუ სადმე მუშაობთ კიდევ?

ყველაფერი დაიწყო პოინტერის ჯიშის ძაღლის ისტორიით, სახელად “ზიზი”, რომელსაც 11 წელი შეუსრულდა და სიბერის გამო გარდაიცვალა. მეგობარმა გვაჩუქა 2 ბაჭია “გულის გადაყოლების” პრინციპით, რამდენიმე თვეში ბაჭიები შეჯვარდნენ და რაოდენობა უცებ გაიზარდა 12-ით. ოჯახში გაჩნდა პრობლემა სად წაგვეყვანა ბაჭიები, ამ ყველაფერს ისიც დაემატა რომ ფინანსების უქონლობის გამო მოგვიწია BMW-ს მარკის ძველი მოდელის გაყიდვა. ავტოფარეხი განთავისუფლდა და გადავწყვიტეთ ფარეხში აგვეწყო გალიები, სადაც ბაჭიები შეძლებდნენ ცხოვრებას. გატაცება გატაცებად რომ არ დარჩენილიყო, გადავწყვიტე ცოტა სტიმული მოეცა ამ საქმიანობას ჩემთვის და დავიწყე ბაჭიების რეალიზაცია. სტუდენტ ბიჭს ცოტაოდენი ჯიბის ფული არ აწყენდა. სასაჩუქრე ბაჭიები – ამ ტერმინმა უამრავი ხალხი მოიზიდა. მოდიოდნენ ბაჭიების შესაძენათ. ზოგი შეყვარებულისთვის, ზოგი შვილისთვის და ასე შემდეგ.ფერმა მდებარეობს – ვარკეთილის 3, მეორე მიკრორაიონი, 27 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხში. (გახოკიძის ქუჩა).

მე თვითონ დავამთავრე საქ.ტექნიკური უნივერსიტეტი, განხრა – სამშენებლო და სამოქალაქო ექსპერტიზა. ამჯერად ვმუშაობ იარაღების მაღაზია “კალიბრში”. მე ვმუშაობ და საკმარისი დრო აღარ მრჩება რომ მივხედო ბაჭიებს. დღეს ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ოჯახის წევრებს, კონკრეტულად ბებიას და ბაბუას, რომლებიც ძალას და ენერგიას არ იშურებენ და უვლიან ფერმას.

  1. ჩიტი ბრდღვნად ღირს? რამდენი კურდღელი გყავთ? რა ჯიშები? რა შემოსავალი მოაქვს თვეში?

დაახლოებით მყავს 50 ცალი კურდღელი, ეს საქმიანობა რთული არაა, უბრალოდ ძალიან შრომატევადია, ნებისყოფა და ნერვებია საჭირო, რადგან თითოეულ კურდღელს უნდა ინდივიდუალური მოვლა.

საქართველოში არ არსებობს ოფიციალურად რეგისტრირებული ჯიში, რომელსაც ექნება საიდენტიფიკაციო საბუთი ან რაიმე დოკუმენტი, რითაც დარწმუნდება ადამიანი რომ ნამდვილად სუფთა ჯიშია. ჯიშებს ვასხვავებთ უბრალოდ ვიზუალით და ინ ნორმებით, რა ნორმებიც ინტერნეტში გვხდება. მე სუფთა ჯიშებს არ ვამრავლებ, სპეციალურად შევურიე ჯიშები, რათა უკეთესი იმუნიტეტის და წონამატის კურდღლები გამოსულიყვნენ. თან აზარტი იმაშია რომ შერეული ჯიშის ბაჭიები რა ფერები დაიბადებიან და გაიზრდებიან წინასწარ ვერ გაიგებ.

შემოსავალი მე ცოტა მაქვს რადგან მაქვს ფართის და ფინანსების პრობლემა, ხორცის რეალიზაციის დროს ეს კი მთავარი ფაქტორია, რადგან მაღაზია და რესტორანი ითხოვს ჩაბარების ციკლს. ეს ციკლი კი არ უნდა ჩავარდეს. ამიტომ მხოლოდ სასაჩუქრე ბაჭიებს და საჯიშეებს ვყიდი, შეძენის დროს სრულფასოვან კონსულტაციას ვუწევ კლიენტს. ამ სფეროში არანაირი განათლება არ მაქვს, მხოლოდ ინტერნეტიდან ამოღებული მასალით და პრაქტიკით, ძალიან დამეხმარა თბილისის ფორუმი, სადაც მებოცვრეები ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუზიარებთ ინფორმაციას.

  1. რისკი როგორია, რომ კურდღელი დაავადდეს? აცრები ან რამე სჭირდება? რა პროფილიაქტიკურ სამუშაოებს ატარებთ?

ვაქცინაციას რაც შეეხება, აცრა აუცილებელი არ არის თუ კურდღელი კარანტინშია ( სხვა ცხოველთან და ფრინველთან შეხება არ აქვს). თუმცა იყიდება უამრავი წამალი, რომლითაც ხდება კურდღლის დამუშავება, რათა სიკვდილიანობა შემცირდეს ფერმაში, საშუალოდ წელიწადში ერთ კურდღელზე 2-3 ლარი ჯდება ეს პროცედურა. სიკვდილიანობის % ცოტაა მაშინ როცა კურდღელი სისუფთავეშია, კვებავ სწორი საკვებით და იცავ ყველა იმ წესს რაც საჭიროა მათი მოვლის დროს.

ოქროს წესი მოვლაში არის ის რომ კურდღელი იყოს სისუფთავეში, მოხდეს ფერმის ვენტილაცია, თვეში ერთხელ მაინც დეზინფექცია გალიების და შენობის, დაავადების მიმართ ძალიან სუსტია, იყიდება პროფილაქტიკის მიზნით ჩასატარებელი წამლები, მაგრამ არაფერია საჭირო თუ სრულფასოვანი საკვებით გამოკვებავ ცხოველს.

  1. რა სასარგებლო თვისებები აქვს კურდღლის ხორცს?

კურდღლის ხორცი არის უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო, უქოლესტერინო, დიეტური, დიაბეტიან ხალხს ეჭმევა, ექიმები უნიშნავენ კურდღლის ხორცს ორსულ ქალებს, ბავშვებს. ასევე ძალიან სასარგებლოა კურდღლის ქონი, რომელიც დნება ორთქლზე და გამოიყენება დამწვრობის, გამონაყარის, ალერგიის დროს. ასევე ამზადებენ უამრავ წამალს კურდღლის ქონით. კურდღლის ბიზნესი არის ძალიან მომგებიანი, რადგან მისი რეალიზაცია შეიძლება უამრავი სახით – ცოცხლად გაყიდვა, ხორცად გაყიდვა, ქონის რეალიზაცია, ბეწვის რეალიზაცია. ასევე გამოიყენება მისი ფეკალური მასა თევზის გამოსაკვებად (ტბის მეპატრონეები იყენებენ).

  1. ვიცი, რომ ბოცვერი 6 თვეში 6 კილომდე ადის. მცირე კალკულაცია რომ გავაკეთოთ … რა ჯდება 6 კილომდე [სუფთა წონა] მისი გაზრდა [საკვები და ყველა ხარჯი]?

პროცენტულად რომ ვთქვათ ჩადებული თანხის მინიმუმ 100% მოგებაა შესაძლებელი, თუ ჭკვიანურად დაგეგმავ უფრო მეტიც, ოღონდ გააჩნია ჯიშებს  დიდი წონის კურდღელი არ ნიშნავს მაგარ ჯიშს, კურდღლის მოვლა რენტაბელურია მაშინ როცა მინიმალურ ასაკში აღწევს დასაკლავ კონდინციას, ჩვენს მინი ფერმაში არსებული ჯიშები 3 თვეში აღწევენ 3 კგ-ს, ხორცის გამოსავლიანობა კი არის 55%-60%, 1 კგ ხორცის საბაზრო ფასი მერყეობს 13-15 ლარამდე, გააჩნია სეზონს. ზუსტი კალკულაცია ძალიან რთულია რადგან სტაბილური ფასი საკვებზე არ არსებობს. კურდღელი აუცილებლად უნდა გამოვკვებოთ ნატურალური საკვებით : მარცვლეული ქერი, შვრია, სიმინდი, მწვანე ბალახი და თივა (თივის პრესი), საქონლის ჭარხალი, ხის ტოტები და ფოთლები, ძალიან კარგია პურის სუხარი. მარცვლეულის ფასი მერყეობს 40-60 თეთრამდე; თივის პრესი 4-8 ლარამდე;

ლიტერატურაში წერია რომ საშუალოდ 1 ზრდასრულ კურდღელს 1 თვეში სჭირდება 1 ცალი ბალახის პრესი. მარცვლეულს კი 24 საათის განმავლობაში 250-350 გრამამდე. დათვლა ძალიან რთულია, რადგან კურდღელი ინდივიდუალურია და ყველა სხვადასხვა დოზით იკვებება.

კურდღლის შეჯვარება ხდება 6-7 თვის ასაკში,მაკეობის პერიოდი გრძელდება 28-დან 34 დღემდე, საშუალოდ ბადებს 7-8 ბაჭიას,წელიწადში 1 დედა კურდღელს შეუძლია 5-6 ჯერ თაობის მოცემა

  1. ხორცს როგორ ყიდით? ტყავს? ცოცხლად? სად ყიდით ამათ?

ხორცის რეალიზაცია მე არ ვეწევი, რადგან იმ რაოდენობით არ მყავს კურდღელი რა რაოდენობაც დამჭირდება დისტრიბუციის ქსელი რომ ავაწყო. ძირითადად ცოცხლად, საჯიშეებათ და სასაჩუქრეებათ. ერთს დავამატებ რომ ბაზარზე ხორცის მოთხოვნა უფრო მეტია ვიდრე რეალურად ქვეყანაში კურდღლის ხორცი.

  1. ამ სტატიის მკითხველი როგორ დაგიკავშირდეთ თუ ბაჭიის / კურდღლის ყიდვა მოუნდა?

სოციალურ ქსელში გავაკეთეთ გვერდი “კურდღლების სამყარო” – https://www.facebook.com/Kurdghlebissamyaro, სადაც უამრავი ხალხი მოგვმართავს კითხვებით და შეძლებისდაგვარად ყველას ვეხმარებით. ჩემი საკონტაქტო ნომერია : 555 265 273

  1. ბიზნეს გაფართოვებას აპირებთ? როგორ?

ბიზნესს გაფართოება იდეაში მაქვს, მაგრამ როგორ ჯერ არ ვიცი, რადგან არც საკმარისი ფინანსები მაქვს და არც ფართი. ამ საქმით სერიოზულად დაინტერესებული ადამიანი კი ვერ ვნახე, ვისაც არ დაეზარება თანხის ჩადება ამ საქმეში. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს უკვე ამ საქმეში და თამამად ვიტყვი რომ თავისუფლად გავუძღვები დიდ ფერმას, დაწყებული ფერმის დაგეგმარებით დამთავრებული რეალიზაციით.

როგორც ზემოთ ავღნიშნე კურდღლის ხორცი ძალიან სასარგებლოა, უცხო ქვეყნიდან შემოტანილ, გაყინულ პროდუქციას, რომლის არც ნორმალური წარმომავლობა ვიცით და არც შემადგენლობა ათასჯერ სჯობს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანაში შეიქმნება ნატურალური ქართული პროდუქცია. ქვეყანას ასევე აქვს იმის რესურსი რომ დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზარი და ქვეყნის გარეთაც გავიდეს პროდუქტი.