ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რუსეთის ბაზარი: შოკისმომგვრელი სტატისტიკა რუსეთის ბაზრის „მითს“ ანგრევს!

რუსეთის ბაზარი …
რაც არ უნდა წარმოდგენა გქონდეს მის შესახებ სულ სხვაა როცა სტატისტიკას ჩახედავ. სწორედ ამიტომ ამ სტატიით დღეს გადავწყვიტე შენ, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს რიცხვებში გიჩვენო თუ რეალურად რა სარგებლობა მოაქვს საქართველოსთვის რუსეთის ბაზარს და კიდევ უფრო მეტი – ფულში რა უჯდება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა!

შენიშვნა: ყველა ფასი მოცემულია ათას USD-ში.

 

ანალიზი 1

გავაანალიზოთ საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა. ვეწვიე საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ვებსაიტს – geostat.ge-ს და ამოვკრიფე 1995 წლიდან 2016 წლის ჩათვლით 22 წლის მანძილზე საგარეო ვაჭრობის – ექსპორტის და იმპორტის მონაცემები. ნახეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი. პირველ სვეტში მოცემულია ექსპორტი, მეორე სვეტში იმპორტი, მესამე სვეტში კი სავაჭრო დეფიციტი (რამდენით აღემატება იმპორტი, ექსპორტს).

დასკვნა 1: 1995 წლიდან 2016 წლის ჩათვლით 22 წლის მანძილზე ყოველ წელს ვართ მინუსში. ანუ რუსეთიდან მეტი პროდუქცია შემოდის იმპორტზე, ვიდრე რუსეთში გადის ექსპორტზე. ჯამური 22 წლიანი სავაჭრო დეფიციტი რუსეთთან არის კოლოსალური თანხა – 5,143,392,000-ზე მეტი USD (5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი). ანუ რუსეთის ბაზარი ჯამში ჩვენთვის წამგებიანი ბაზარია;

დასკვნა 2: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც კი 2012 წელს ხელისუფლების გამოცვლამდე, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლიდან რუსეთის ბაზარი ქართული ნაწარმისთვის თითქოს დახურული იყო, ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა გაცხოველებული ვაჭრობა, უფრო სწორად „ცალ კარში თამაში“ და ყოველ წელს მინუსში ვიყავით, თან ძალიან სავალალო მინუსში;

დასკვნა 3: 2013 წლის შემდეგ, როცა თითქოს ქართული ნაწარმისთვის რუსული ბაზარი გაიხსნა, მკვეთრად გაიზარდა ჩვენი ექსპორტი რუსეთში, მაგრამ ასევე მკვეთრად გაიზარდა რუსული იმპორტი საქართველოში. რა მივიღეთ? ყოველი წელი კიდევ უფრო წამგებიანი იყო ჩვენთვის და ჯამში ეს 4 წლიანი მონაკვეთი 2013-2016 წლები ნებისმიერ სხვა 4 წლიან მონაკვეთზე უფრო წამგებიანი იყო საქართველოსთვის რუსეთთან საგარეო ვაჭრობის კუთხით;

 

ანალიზი 2

მოდით კიდევ უფრო განვავრცოთ თემა და „განტოლებაში“ შევიყვანოთ რუსული ინვესტიციები საქართველოში. ინვესტიციები კარგია ხომ? საქართველოდან რუსეთში გაკეთებული ინვესტიციების რიცხვები ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ მოგვეპოვება (და ეს ისევ საქსტატის ვებსაიტზე) რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები. მოდით დავამატოთ ზედა ცხრილს FDI-ს სვეტი და გავაფართოვოთ სურათი …

დასკვნა: რუსეთის ფედერაციისაგან ინვესტიციების საერთო მოცულობა მთელი 20 წლის განმავლობაში 2016 წლის ჩათვლით იყო 624 მილიონ USD-მდე. შედარებისათვის უნდა ვთქვათ, რომ ყველა ქვეყნის მიერ საქართველოში ბოლო 20 წლის მანძილზე გაკეთებული პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციებმა შეადგინა 16 მილიარდ 472 მილიონი USD-ზე ოდნავ მეტი. ანუ რუსული ინვესტიციების წილი არის მიახლოებით 3,7 %;

 

ანალიზი 3

მოდი კიდევ უფრო წინ წავიწიოთ. რუსეთთან ურთიერთობა დავთვალოთ ფულში. ჰოდა რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხვები და საქართველოდან რუსეთი გადარიცხვებიც, ანუ ფულადი გზავნილებიც შემოვიტანოთ „განტოლებაში“, გავაერთიანოთ სურათი და გავაანალიზოთ. შეიძლება მითხრათ არაა სწორი ასეთი რამო, მაგრამ შეგედავებით. სამუშაო ძალის ექსპორტი იგივე ექსპორტია და ეს უნდა სათანადოდ დააფასდეს. აქ უკვე ეროვნული ბანკის მონაცემები გამოგვადგება.

დასკვნა 1: რუსეთიდან გადმორიცხვები, დიდწილად იმ ქართველების გადმორიცხვები, რომლებიც იქ მუშაობენ მზარდია 2012 წლამდე. 2013 წლიდან კი იკლებს კარდინალურად. თუ 2013 წელს 801 მილიონი ჩამოირიცხა, 2016 წელს ჩამორიცხვა იყო 394 მილიონამდე, თითქმის ნახევარზე ნაკლები. შოკისმომგვრელია ასეთი დიდი შემცირება;

დასკვნა 2: 2012 წლიდან საქართველოდან რუსეთში გადარიცხვები მნიშვნელოვნად იმატებს და 2012 წლის 35 მილიონიდან 2016 წელს 81 მილიონამდე ადის. აქაც გაუგებარია რა მოხდა;

დასკვნა 3: დააკვირდით მე-7 სვეტს. ეს არის წლების მიხედვით დაჯამებული მონაცემი ყველა ფაქტორის გათვალისწინებით და უჩვენებს მინუსში ვართ თუ პლიუსში კონკრეტულ წელს. 2015 და 2016 წელს განსაკუთრებით მინუსში ვართ. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით 2015 წლიდან ჯამურად არის ჩვენთვის პირწმინდად წამგებიანი;

 

კიდევ რა შეიძლებოდა შეგვეყვანა “განტოლებაში”?

მე სიამოვნებით შევიყვანდი ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა:

  1. 2008 წლის შედეგად საქართველოს ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალი, რომლის გასანეიტრალებლად აშშ-სა და სხვა პარტნიორი ქვეყნების თითქმის 2 მილიარდ დოლარიანი (ზოგი მონაცემებით დახმარების ოდენობა 4,5 მილიარდს აღწევს) დახმარება დაიხარჯა;
  2. რუსი ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული თანხები, მაგრამ ტურიზმის დეპარტამენტის ვებსაიტზე მსგავსი არაფერი მოიპოვება;
  3. რუსეთის მიერ ორი რეგიონის ოკუპირებისა და მისგან გამოწვეული დაძაბულობისაგან მიღებული დანაკარგები, რომელთაც ყოველდღიურად განვიცდით, თუმცა ამის არანაირი რიცხობრივი მონაცემი არ არის და დათვლას სერიოზული კვლევა სჭირდება;
  4. და იმ ზარალს, რომელსაც მაგალითად რუსეთისაგან ნიაღვრად შემოდინებული პროდუქცია აყენებს (მათ შორის პურის ფქვილი) ადგილობრივ წარმოებას და ბაზარს;

მაგრამ ვფიქრობ ისედაც ნათელია, რომ აქაც ჩვენ ვზარალდებით იმოდენაა საქართველოში ოკუპაციისაგან გამოწვეული დანახარჯები და რისკები.

 

მეგა დასკვნა

… რუსეთის ბაზარი გაადარჩენს საქართველოს ეკონომიკას …
… რუსეთიდან გადმორიცხვები არჩენს საქართველოს მოსახლეობას …

ყველა ბაზარი არის მნიშვნელოვანი, მათ შორის რუსეთის ბაზარიც, მაგრამ გაიგონებთ რა ამ ამ მის მსგავს ფრაზებს რუსული ბაზრის მეხოტბე ნებისმიერი ადამიანისაგან, სახეზე ააფარეთ მას ეს რიცხვები!!!

 

PS

ეს პირდაპირი ეთერი 2017 წლის 24 ივლისს, “საქმიან დილა”-ში შედგა. მადლობა TV პირველს მხარდაჭერისათვის.

 

ეს პირდაპირი ეთერი კი 2017 წლის 25 ივლისს შედგა TV იბერიაში, გადაცემაში – ბიზნეს კოდი. მადლობა TV იბერიას მხარდაჭერისათვის.

 

ეს კი სიუჟეტი ამ თემაზე, რომელიც TV იბერიას გადაცემა ბიზნეს კოდმა გააკეთა 2017 წლის 28 ივლისს