ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“უსუფაშვილი რესპუბლიკელები“-ს ეკონომიკური პროგრამის შეფასება/კრიტიკა

შესავალი

საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცესკოს მიერ დარეგისტრირებული 31 პოლიტიკური სუბიექტის  დიდ ნაწილს კი არათუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, არამედ საერთოდ არ აქვს ეკონომიკური პროგრამა [აქვს მხოლოდ 6 პარტიას]. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ პოლიტიკოსთა ნაწილი ისეთივე თეთრი ბოლით „კვებავს“ საზოგადოებას, როგორც ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ხდებოდა. მოძრაობა KAR.GE-სთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია!!!

სწორედ ამიტომ ჩვენ 27 ივლისს განვაცხადეთ პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამების შეფასებების დაწყების შესახებ. რატომ შევეჭიდეთ ამ საქმეს? 1) ამომრჩეველი ითხოვს მეტ დასაქმებას, მეტ ეკონომიკურ ზრდას და მეტი სიმდიდრის დაგროვებას როგორც ქვეყანაში, ასევე მის ჯიბეში. 2) ამომრჩევლებს რეალურად აინტერესებთ პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური პროგრამები, მაგრამ ობიექტურ შეფასებებს ვერ იღებენ, 3) ჩვენ, მოძრაობა KAR.GE მიუკერძოებელი მხარე ვართ და რეალურად გვაინტერესებს აქვთ თუ არა 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში 4 წლით მოხვედრის მსურველ პოლიტიკურ სუბიექტებს რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მომტანი წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამები.

მადლობა იმ პარტიებს [სულ 6 პარტიას აქვს ეკ. პროგრამა არჩევნებამდე 30 დღით ადრე], რომელთაც უკვე გამოაქვეყნეს თავიანთი ეკონომიკური პროგრამები/ხედვები/გეგმები, თუნდაც არასრულყოფილი. 27 ივლისის განცხადების შემდეგ ჩვენ გამოვაქვეყნეთ:

დღეს, 8 სექტემბერს კი გთავაზობთ „უსუფაშვილი რესპუბლიკელები“-ს წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამის კრიტიკას.

შენიშვნა: დებულებები ამოკრეფილია პარტიის ოფიციალურად გაცხადებული/გამოქვეყნებული ეკონომიკური პროგრამიდან/სამოქმედო გეგმიდან ან/და პარტიის წარმომადგენლების განცხადებებიდან პოლიტიკური სუბიექტის ვებსაიტიდან, Facebook გვერდიდან ან სხვა წყაროებიდან. ყველა გამოყენებული წყარო მითითებულია ქვემოთ.

 

 

რეზიუმე

 

მოძრაობა KAR.GE-ს შეფასებით  „უსუფაშვილი რესპუბლიკელები“-ს მიერ 2016 წლის 6 სექტემბერს წარმოდგენილი წინასაარჩევნო „ეკონომიკური პროგრამა“ მოიცავს ისეთი ნაბიჯების ერთობლიობას, რომელთა განხორციელება ქვეყანაში შექმნის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის წინაპირობებს. საერთო შეფასება: გაბედულება (6/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (2/10).

„უსუფაშვილი რესპუბლიკელები“-ს ეკონომიკურ პროგრამაში ღრმადაა გაანალიზებული მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევები. პროგრამა გვთავაზობს როგორც პოლიტიკის დონეზე განსახორციელებელი ქმედებების ერთობლიობას, ასევე კონკრეტულ ნაბიჯებს გამოწვევათა დასაძლევად.

პარტიას მიზნებად აქვს წელიწადში 35,000 სამუშაო ადგილის შექმნა, 2 მილიონი ადამიანის კერძო სადაზღვევო სისტემაში გადაყვანა და ამას იგი გეგმავს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებით, პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღებით, ბიუროკრატიის მოთოკვით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით განსაკუთრებით რეგიონებში, ინვესტიციების მოზიდვისკენ მიმართული საქმიანობით, კაპიტალის ბაზრის განვითარებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლით, მიზნობრივი სამედიცინო დაზღვევით და საგარეო ვაჭრობის ზრდისკენ მიმართული პროგრამებით.

მოძრაობა KAR.GE მზადყოფნას აცხადებს ამ შეფასებაში წარმოდგენილი თითოეული დებულება კიდევ უფრო განმარტოს ღია საჯარო დებატების ფორმატში და უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას.

 

 

“უსუფაშვილი “-ს ეკონომიკური პროგრამის დეტალური ანალიზი

 

წინასაარჩევნო პროგრამა იწყება შესავლით, სადაც რესპუბლიკური პარტიის ფასეულობები და ქართული სახელმწიფოებრიობისადმი მათი ხედვაა ჩამოყალიბებული. შემდეგ კი პროგრამული შეთავაზებები 27 თავშია ჩამოყალიბებული. ჩვენი შეფასების არეალი მხოლოდ ისინია, რომლებიც ხაზგასმულია და ეკონომიკურ მხარეს უკავშირდება [რამაც ქვეყანაში მეტი შემოსავალი უნდა გააჩინოს]. პროგრამის სტრუქტურის მიხედვით აშკარაა, რომ ეკონომიკური საკითხები პარტიისთვის პრიორიტეტია. თუმცა ამჯერად არ გამოვტოვებთ და შევეხებით სოციალურ მხარესაც [პუნქტი 6].

  1. ეკონომიკური პრობლემების მიზეზები
  2. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა
  3. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა – ეკონომიკური წინსვლის საფუძველი
  4. მონეტარული პოლიტიკა
  5. ინვესტიციების მოზიდვა და კაპიტალის ბაზრის განვითარება
  6. საპენსიო და სამედიცინო დაზღვევა
  7. დასაქმება
  8. საგარეო ვაჭრობა
  9. დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
  10. მუნიციპალიტეტების ტერიტორიული მოწყობა და ურბანული განვითარება
  11. წყალმომარაგება
  12. ენერგეტიკა
  13. სტატისტიკა და სახელმწიფო აუდიტი
  14. კონსტიტუცია
  15. სახელმწიფო მოწყობა
  16. პარლამენტი
  17. მთავრობა
  18. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის დასრულება
  19. მართლმსაჯულების სისტემა
  20. ადამიანი და სახელმწიფო
  21. საგარეო პოლიტიკა
  22. ეროვნული უსაფრთხოება და თავდაცვა
  23. კონფლიქტების მოგვარება და დევნილები
  24. ევროინტეგრაცია
  25. საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება
  26. კულტურული მემკვიდრეობა
  27. ქართული ენა

შენიშვნა: „უსუფაშვილი რესპუბლიკელების“ წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი ფრიად ვრცელია და სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ. ტექსტის სიდიდის გამო მათ ჩვენ ყველაფერს არ დავაკოპირებთ. ქვემოთ ძირითადში დავწერთ მხოლოდ ჩვენს მოსაზრებებს, შენიშვნებს და შეკითხვებს.

 

 

ეკონომიკურ პრობლემათა მიზეზები

ეკონომიკური პროგრამა იწყება ეკონომიკურ პრობლემათა მიზეზების ანალიზით. პარტიის მიერ ჩამოთვლილი ეკონომიკურ პრობლემათა მიზეზები საკმაოდ ვრცელია. აქ კარგადაა მოცემული პარტიის ხედვა ერთიანი გარემოს შესახებაც. ანალიზი ღრმაა, და ბოლო 15 წლის ძირითადი ტენდენციები ნათლადაა წარმოდგენილი:

  1. საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების ხარჯზე ბიუჯეტის ზრდა;
  2. საგარეო დავალიანებების მნიშვნელოვანი ზრდა;
  3. პრივატიზაციის პროცესი და უცხოური კაპიტალის შემოსვლა, რომელიც უმეტესწილად წარმოადგენს აქტივების ერთი ხელიდან მეორე ხელში გადანაცვლებას და ფოკუსირებულია ეკონომიკის რამოდენიმე მსხვილ სექტორზე (ენერგეტიკა, მშენებლობა, ვაჭრობა, ფინანსური სექტორი);
  4. მსხვილი სახელმწიფო ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში არის გარკვეული ზრდის ძირითადი მასტიმულირებელი ფაქტორი;
  5. რადიკალურად იზრდება კომერციული ბანკებიდან ეკონომიკის დაკრედიტება, ძირითადად, უცხოეთიდან შემოსული საკრედიტო რესურსების საშუალებით;
  6. ფინანსური ინექციების მხოლოდ მცირე ნაწილია მიმართული ისეთ სფეროებში, რომლებიც წარმოების მოცულობის გაფართოებაზე/წარმოების ზრდაზეა ორიენტირებული;
  7. ძირითადად მიმდინარეობს მოხმარების ტემპების ზრდა, თანაც გაცილებით მეტად, ვიდრე ეკონომიკის წარმოების უნარის ზრდა. ასეთი პოლიტიკა კანონზომიერად მიგვიყვანს ჩიხამდე, რადგან ეს მოხმარება უმეტესწილად უზრუნველყოფილია ქვეყნის დავალიანებების და არა მწარმოებლურობის ზრდით;
  8. მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტის მოცულობა ექსპორტთან შედარებით, რის გამოც უცხოური ინექციებისა და შემოსული სახსრების ნაწილი ისევ უცხოეთში გაიწოვა ისე, რომ ქვეყნის რეალურ სექტორზე მნიშვნელოვან კვალს არ ტოვებს;
  9. მშპ-ის ზრდა ძირითადად მსხვილი კომპანიებისა და ფირმების წარმატებას ასახავს, რომლებიც დიდწილად სახელმწიფო შეკვეთების ხარჯზე მუშაობენ, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის ძირითადად დამსაქმებლად გვევლინება, მასში უმნიშვნელოა;
  10. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არც სექტორულად და არც გეოგრაფიულად არ არის დივერსიფიცირებული – მხოლოდ რამდენიმე სექტორი ვითარდება და რეგიონების მკვეთრი ჩამორჩენის ფონზე ძირითადად დედაქალაქია წამყვანი;
  11. „ეკონომიკურ ზრდას“ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მდგომარეობა არ გაუუმჯობესებია. ამის თქმის საფუძველს იძლევა, აგრეთვე, ის გარემოება, რომ ეკონომიკის სხვა სექტორებში, კერძოდ, მრეწველობაში, არ შეიმჩნევა მნიშვნელოვანი განვითარება;
  12. შრომის ბაზარზე ჩამოყალიბებული ტენდენცია, რომელიც უმუშევრობის ზრდას, თვითდასაქმებულების და დაქირავებულების არსებული პროპორციის ტენდენციის შენარჩუნებას გულისხმობს. შესაბამისად, „ეკონომიკური ზრდა“, მზარდი უცხოური ინვესტიციები და „წარმატებული“ რეფორმები არ აისახა დასაქმებასა და წარმოების მოცულობის ზრდასა და ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე;

ამ დებულებებს მიუხედავად იმისა რომ დიდწილად ვეთანხმებით, აშკარად აკლია რიცხვებით გამყარება, სტატისტიკა, რომელთაც შეეძლო მეტი რწმუნება შეემატებინა ტექსტისათვის. ეს „შტრიხი“ მიუყვება მთელს პროგრამას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში აკლია რიცხვები/სტატისტიკა.

ამის შემდეგ 7 კონკრეტული მიმართულებით მიმოხილულია არსებული პრობლემები, რომელთაგან უმეტესობაში პარტია ჯერ პოლიტიკის დონეზე გვთავაზობს გამოსავალს, შემდეგ კი კონკრეტულ ქმედებებსაც ასახელებს, რომელთა განხორციელებითაც ფიქრობს პრობლემის მოგვარებას. სწორედ ამ 7 მიმართულებას და გადადგმულ ნაბიჯებს შევაფასებთ ჩვენ შემდეგი კუთხით: შეუძლია თუ არა პარტიას განახორციელოს თავისი ეკონომიკურ პროგრამა ისე, რომ შედეგად მივიღოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მომდევნო 4 წლიდან რომელიმე წელს.

 

 

მიმართულება #1 – ეკონომიკური პოლიტიკა

უნდა აღინიშნოს, რომ პარტიას ძალიან დეტალურად აქვს მოცემული თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით სხვადასხვა დონეზე, თუმცა როცა საქმე გადადის იმაზე თუ როგორ უნდა შესრულდეს ესა თუ ის ამოცანა და დაიძლიოს პრობლემა, კონკრეტული „როგორ“ აქტივობათა რაოდენობა აშკარად ჩამორჩება „უნდა გაკეთდეს“ კონტექსტში მოხსენიებული აქტივობებს როგორც რაოდენობით, ასევე შინაარსის სიმდიდრით.

მაგალითად, პარტიის აზრით უნდა მოხდეს შემდეგი:

  1. ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს არა აბსტრაქტულ ეკონომიკურ ზრდაზე, არამედ რეალურ ეკონომიკურ განვითარებაზე;
  2. მთავრობა არ უნდა ინტერესდებოდეს მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით. მშპ-ის ზრდა ავტომატურად არ განაპირობებს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას;
  3. უნდა დაიძლიოს შემოსავლების განაწილების მაღალი უთანაბრობა და ეკონომიკის წარმატება უნდა იგრძნოს ყოველმა ოჯახმა;
  4. ოჯახი, ხარისხიანი დასაქმება, განათლება და ჯანდაცვა უნდა გახდეს განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტები;
  5. საჯარო ფინანსების მართვაში უნდა დამკვიდრდა ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის თანამედროვე სტანდარტები;
  6. საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადები უნდა დაიხარჯოს მაქსიმალურად ოპტიმალური სახით;
  7. სწრაფად მივიღოთ შესამჩნევი სოციალური ეფექტი, პრიორიტეტად უნდა იქცეს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება;
  8. პოტენციურმა ინვესტორმაც და ამომრჩეველმაც მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ მთავრობამ ზუსტად იცის, რას აკეთებს და საით მიდის;
  9. უნდა გაკეთდეს კარგად გააზრებული მოკლევადიანი პროგნოზები და შემდგომ თვალსაჩინოდ იქნეს წარმოდგენილი ამ პროგნოზების ასრულება;
  10. მთავრობამ დეტალურად უნდა შეისწავლოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის სტრუქტურაში ცალკეული მაჩვენებლების მდგომარეობა და შეიმუშაოს გეგმა თითოეული პილარის მიხედვით მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებისთვის;
  11. სახელმწიფოს მხრიდან პროაქტიურად უნდა მოხდეს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ინტერვენციები;
  12. საჯარო და კერძო სექტორებს შორის უნდა გაივლოს მკვეთრი ზღვარი და ისინი რეალურად უნდა გაიმიჯნონ;
  13. საჯარო სექტორი უნდა იყოს მინიმალური და მისთვის განსაზღვრული ფუნქციების რეალიზაციისას იყოს ადეკვატური, ეფექტიანი და ეფექტური;
  14. საჯარო სექტორმა თავისი ინტერვენციებით ხელი არ უნდა შეუშალოს კერძო სექტორს და ბაზარს მის უნარში, ეფექტიანად გადაანაწილოს რესურსები და მუდმივად გაზარდოს კეთილდღეობა წარმოების დონის ზრდით;

როგორ გეგმავს ამ ყველაფერს პარტია? ეკონომიკური პოლიტიკის თავში მოცემული მხოლოდ ამ „სვლებით“? აშკარად არა. იმიტომ, რომ ზემოთ მოცემულ „უნდა“ დებულებებზე პასუხები ეკ. პროგრამის ქვემოთ მოცემულ მიმართულებებში/თავებშია გაბნეული. ის ფაქტი, რომ ამ თავში მხოლოდ ქვემოთ მოცემული „როგორ“ დებულებებია გვაფიქრებინებს, რომ ეკონომიკურ პროგრამას „ხელი დააკლდა“:

  1. საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაში, პროპორციული განაკვეთი (ანუ ანალოგიური განაკვეთი ნებისმიერი შემოსავლის შემთხვევაში) არასამართლიანად მაღალ საგადასახადო ტვირთს აკისრებს დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს. შესაბამისად, ჩვენ მიერ გატარდება ცვლილებები და საგადასახადო განაკვეთები დაეფუძნება პროგრესულ პრინციპს და განაკვეთები იქნება საფეხურეობრივი 10 დან 15 პროცენტამდე, პირის მიერ მიღებული შემოსავლების მიხედვით;
  2. საშემოსავლო გადასახადთან კომბინირებული იქნება სავალდებულო საპენსიო და სამედიცინო დაზღვევის სავალდებულო შენატანი 2-დან 5 პროცენტამდე;
  3. საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზიდან გადასახადის გადამხდელს ექნება საშუალება, გამოქვითოს ცალკეული ხარჯები, მათ შორის: განათლებასთან, დაზღვევის გარდა ჯანმრთელობის დაცვასთან, ცალკეულ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები კანონით  დადგენილ ფარგლებში;
  4. 2017 წლის 1 იანვრიდან ხდება რეინვესტირებული მოგების გათავისუფლება მოგების გადასახადისგან, ჩვენ მიერ ინიცირებული იქნება ცვლილება, რომლის შესაბამისადაც საწარმოს დაქირავებულებისათვის დამქირავებლების მხრიდან სავალდებულო სამედიცინო და საპენსიო დაზღვევის შენატანების თანადაფინანსება, აგრეთვე, დაქირავებულთა განათლებაზე გაწეული ხარჯები გამოირიცხება მოგების გადასახადის დაბეგვრის ბაზიდან;
  5. მოხდება საგადასახადო ადმინისტრირების შემდგომი სრულყოფა, გადასახადის გადამხდელების ინტერესების მეტი დაცვის მიმართულებით, მათ შორის მოხდება ეკონომიკური დანაშაულის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო დეკრიმინალიზაციის ფონზე, ფინანსური პოლიციის ლიკვიდაცია და მისი ფუნქციების  გადანაწილება საგადასახადო და საგამოძიებო ორგანოებს შორის.

თავისთავად პროგრესული გადასახადის იდეა ურიგო არ ჩანს, მით უმეტეს, რომ მასში სამართლიანობის მეტი წილია, ვიდრე დღევანდელ სისტემაში. მაგრამ ხომ არ არის ეს ქმედება „კოსმეტიკური“ ცვლილება? აქ სამართლიანობა გაქვთ მიზნად, თუ რამე ფისკალური ეფექტი ექნება ამას სერიოზული? 10-15%-მდე საშემოსავლოს დაყვანა ტანდემშია დანარჩენი თანხის საპენსიო და სადაზღვევო შენატანებში გახარჯვასთან? კარგი აზრია საპენსიო ფონდის „წილის“ საშემოსავლო გადასახადის „წილიდან“ გადასროლა. რამოდენიმე კარგი საქმე კეთდება ამის მეშვეობით.

პრობლემას ვხედავთ სხვა რამეში: ჩნდება შემდეგი შეკითხვები, რომლებზედაც პასუხებს ვერ ვპოულობთ:

  1. როდიდან გეგმავთ საშემოსავლო გახადოთ პროგრესული?
  2. კონკრეტულად რას ნიშნავს საშემოსავლო გადასახადთან სამედიცინო დაზღვევის და საპენსიო გადასახდელის „კომბინირება“ და როგორ/როდიდან ფიქრობთ ამას?
  3. რა შუაშია საშემოსავლო დასაბეგრ ბაზასთან განათლების ხარჯი? ბუნდოვანია მთელი პუნქტი;
  4. მთლად გასაგები არაა როგორ ფიქრობთ რა პროპორციით მოუწევს დამქირავებელს დაქირავებულის ხარჯების თანადაფინანსება, იქნებ მაგალითი მოგეყვანათ;
  5. როგორ აპირებთ საგადასახადო ადმინისტრირების შემდგომ სრულყოფას კონკრეტულად?
  6. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაში კონკრეტულად რას გულისხმობთ?

და ბოლოს:

შეძლებს კი რესპუბლიკური პარტია მოხვდეს პარლამენტში იმ „წონით“, რომ ამ დაპირების შესრულების პროცესზე ზეგავლენა მოახდინოს?

მიმართულება #-ის შეფასება: გაბედულება (5/10), რეალურობა (4/10), პოპულიზმი (4/10).

 

 

მიმართულება #2 – მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა

ეკონომიკური პროგრამის ამ ნაწილში დიდებულადაა ჩამოყალიბებული, თუ როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკის დონეზე მცირე ბიზნესისათვის უკეთესი გარემოს შექმნა იმგვარად, რომ მან ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდა გამოიწვიოს, მაგრამ მთლად გასაგები არ არის როგორ მოხდება ესენი:

  1. დანახარჯების შემცირების უზრუნველმყოფი რეფორმების გატარება, ანუ ნედლეულსა და რესურსებზე მონოპოლიური ფასების შემცირება;
  2. ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის გატარება, რომლის მიხედვითაც თანაბარი პირობები შეიქმნება ყველა სახის ბიზნესისთვის;
  3. ბიზნესგარემოში არსებული რისკების შემცირება;
  4. კრედიტების ხელმისაწვდომობის ზრდა (რისკების შემცირების გზით საპროცენტო განაკვეთების დაწევა);
  5. საკუთრების და გარიგების დაცულობა, მათი ხელშეუხებლობა;
  6. საგადასახადო პროცედურების გამარტივება (გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის მარტივი წესების შემოღება).

შემოთავაზებულია შემდეგი: პროგრამა „ბიზნესის დამწყებთათვის რეგიონებში“. პროგრამა ნამდვილად საინტერესოა თავისი კომპონენტებით, რომლებიც გულისხმობენ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას:

მიკრობიზნესის დამწყები ან განმავითარებელი მოქალაქეებისა და მათი მცირე ჯგუფებისათვის გათვალისწინებული  პროგრამისთვის „დამწყებთათვის რეგიონებში“ წლის განმავლობაში გამოიყოფა არანაკლებ 60 მლნ. ლარისა, 20 000 ლარამდე ღირებულების (თანადაფინანსების გარეშე) ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტებისათვის. პროექტების კონკურსი ჩატარდება წელიწადში 6-ჯერ, ყოველ 2 თვეში, თითო კონკურსზე 10 მლნ ლარის გამოყოფის გათვალისწინებით.  პროექტების შემოტანის ბოლო დღიდან გადაწყვეტილების მიღებისა და დაკონტრაქტების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. პროგრამის მოცულობის მიზნობრივი მაჩვენებელი იქნება 80 მლნ ლარი (თანადაფინანსების ჩათვლით), ხოლო  დამატებითი სამუშაო ადგილების რაოდენობის მიზნობრივი მაჩვენებელი – წელიწადში 15 000 ერთეული.

რეგიონებში მოქმედი  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება-გაფართოების ფინანსური მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული პროგრამისთვის წლის განმვალობაში გამოიყოფა არანაკლებ 200 მლნ ლარი, ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტების ღირებულება  იქნება  50000 – 1000000 ლარი (თანადაფინანსების გარეშე). პროექტების კონკურსი ჩატარდება წელიწადში 4-ჯერ, ყოველ 3 თვეში, თითო კონკურსზე 50 მლნ ლარის გამოყოფით. პროექტების შემოტანის ბოლო დღიდან გადაწყვეტილების მიღების და დაკონტრაქტების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 45 კალენდარულ დღეს. თანადაფინანსების ჩათვლით მობილიზებული მიზნობრივი მაჩვენებელი იქნება 450 მლნ ლარი. მიზნობრივი დამატებითი სამუშაო ადგილების რაოდენობა – წელიწადში 20 000 ერთეული.

პროექტები უნდა განხორციელდეს მხოლოდ რეგონებში, თანხები მათზე უნდა გადანაწილდეს პროპორციულად, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდიდან მას დაემატება სახსრები სპეციალურად მაღალმთიანი დასახლებებისთვის. კომერციული მოთხოვნების გარდა, უნდა იყოს  დამატებითი მოთხოვნები: ბიზნესში გამოყენებული ქონების სრულყოფილი რეგისტრაცია, ქონების გადასახადის შეღავათების გაუვრცელებლობა და სრულად გადახდა.

პროექტის ზოგადი ადმინისტრირება უნდა განახორციელოს „აწარმოე საქართველომ“, რეგიონული განვითარების სააგენტოს ჩართულობით (სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, კამპანიის წარმოება, ინფორმირება, კონსულტირება, წინადადების მომზადების მხარდაჭერა), ხოლო თავად ბენეფიციართა მომსახურებას („ერთი ფანჯარის პრინციპით“) განახორციელებენ  მუნიციპალიტეტები. დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს სპეციალური რეგიონული საბჭოები, ყველა ჩართული მხარის მონაწილეობით, როგორც ცენტრიდან, ასევე ადგილობრივი დონიდან. პროგრამის პატრონაჟი უნდა განახორციელოს ეკონომიკის სამინისტრომ და რეგიონული განვითარების სამინისტრომ.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს აგრეთვე გრანტის ელემენტების შემცველი დაკრედიტების სისტემა, რომელიც მიმართული იქნება იმ სეგმენტების მხარდასაჭერად, რომლებსაც საკმარისი საფუძველი და შესაძლებლობა აქვთ, რომ მოახდინონ საქმიანობის კომერციალიზაცია. სააგენტოებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო პრიორიტეტები, გეოგრაფიული და დარგობრივი კრიტერიუმები რეგიონების მიხედვით ამ მექანიზმის რეალიზაციისათვის. მათ საბანკო დაწესებულებებთან უნდა დადონ შესაბამისი ხელშეკრულებები მათი ამ სქემაში ჩართვისათვის. საბაკო სექტორი ამ პროგრამის ფარგლებში შემოსულ განაცხადებებსა და პროექტებს განიხილავს და დაკრედიტების თაობაზე გადაწყვეტილებას აცნობებს სააგენტოს და, ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში, დაუმტკიცებს სესხს ბენეფიციარს. სესხის მომსახურებისათვის საჭირო სახსრებს სააგენტო განათავსებს იმავე ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე ბენეფიციარზე გაცემული კრედიტის მონეტარული უზრუნველყოფისათვის. ამ გზით რისკების შემცირების გათვალისწინებით ბანკი ბენეფიციარს შეუმცირებს საპროცენტო განაკვეთს სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. სესხის მიმღებს ექნება გარკვეული გრანტ-კომპონენტი, კერძოდ, დეპოზიტზე განთავსებულ თანხაზე დარიცხული სარგებლით გადაიფარება სესხის პროცენტის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ამ დებულებებიდან ირკვევა შემდეგი:

  1. მცირე ბიზნესის წახალისებისათვის 2 პროექტის ფარგლებში წელიწადში 260 მილიონი ლარის სახელმწიფო ინვესტიციით ფიქრობთ დაახლოებით ერთი ამდენის მოზიდვას. ჯამში დაახლოებით 530 მილიონი ლარის შიდა ინვესტიციით წელიწადში გეგმავთ მიიღოთ 35,000 სამუშაო ადგილი;
  2. რამდენადაც ამბიციური ინიციატივა, იმდენად შეკითხვებს აჩენს მისი განხორციელება „აწარმოე საქართველოს“, „რეგიონული განვითარების სააგენტოს“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით. თქვენ ამ 2 პროექტიდან ამოგდებული გაქვთ საბანკო სისტემა? ბიუჯეტის ფული ვინ უნდა გასცეს? გაცემის მიზანშეწონილობა ვინ უნდა შეაფასოს? რეგიონულმა საბჭომ? ამ ადამიანებს ვინ ასწავლის ყველაფერს? ვინ გააკონტროლებს? ფიქრობთ, რომ ეს კორუფციის ბუდედ არ გადაიქცევა? სახელმწიფო პროგრამები ბანკებზე დგანან სწორედ იმიტომ, რომ საბანკო სისტემას ოპტიმალურობაში სახელმწიფო სისტემა ვერასოდეს აჯობებს. გნებავთ ეს „წესრიგი“ მოშალოთ? და რითი ანაცვლებთ უკეთესით?
  3. გრანტის გაცემის კომპონენტთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება. რომელ სააგენტოებს რთავთ სისტემაში? გრანტების გაცემის სისტემაში რთავთ ბანკებს? ეს ხომ იგივეა, რაც დღეს ხდება, ოღონდ სისტემას თქვენ ავრცობთ მცირე კომპანიებზე?

დასკვნის სახით: იდეა ძალიან ამბიციურია, შეკითხვები არის, მაგრამ განხორციელების მექანიზმი ითხოვს სერიოზულ დახვეწას. ეს საქმე დახვეწის და ჭკვიანურად განხორციელების შემთხვევაში ძალიან პოზიტიურ ძვრებს გამოიწვევს ეკონომიკაში.

მიმართულება #2-ის შეფასება: გაბედულება (10/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (1/10).

 

 

მიმართულება #3 – მონეტარული პოლიტიკა

ის, რაც პროგრამაში ამ კუთხით არის ჩამოყალიბებული არის ტიპიური „უნდა“ ტექსტი, თუ რა უნდა აკეთონ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთად, რომ ქვეყანაში იყოს მონეტარული სტაბილურობა. სადაო აქ არაფერია. შეთავაზებულია გარკვეული პრევენციული ღონისძიებების სისტემა, რომელიც დაიცავს ლარის კურსს ცვალებადობისაგან. მეტიც, აქ ვფიქრობთ გადაჭარბებულადაა საუბარი თუ რა უნდა აკეთოს ეროვნულმა ბანკმა. ვფიქრობ ასეთი დებულებების ადგილი წინასაარჩევნო პროგრამაში არაა.

უკეთესი იქნებოდა მეტი დაგეწერათ მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში როგორ იმუშავებდით ეროვნულ ბანკთან საერთო მიზნების მიღწევის კუთხით.

მიმართულება #3-ის შეფასება: გაბედულება (1/10), რეალურობა (1/10), პოპულიზმი (1/10).

 

 

მიმართულება #4 – ინვესტიციების მოზიდვა და კაპიტალის ბაზრის განვითარება

ამ თავში მოცემული მეტად ღრმა ანალიზი, სწორი სტრატეგია და ტაქტიკა. პარტიას აქვს მეტად გაბედული პოზიცია ინვესტიციების მოზიდვის და კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით. პარტიას კარგად აქვს დანახული ამ ფაქტორების როლი ქვეყნის განვითარებაში. მხოლოდ იმას ვისურვებდით, რომ ტექსტში მეტი რიცხვითი მიზანი იყოს მოცემული და რაც მთავარია: ვისურვებდით დაგვენახა მეტი აქცენტი შიდა ინვესტიციის როლზე, რომლის მოცულობა რეალურად ქვეყანაში 2015 წელს 21 მილიარდ ლარამდე იყო.

პარტიის მიერ შემოთავაზებული ნაბიჯებია:

საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად:

  • საგადასახადო ლიბერალიზაცია და საგადასახადო ადმინისტრირების გაჯანსაღება, საკუთრების და გარიგების დაცულობა, პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომლებიც მეტ-ნაკლები წარმატებით განხორციელდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, მაგრამ საკმარისი არ არის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის საგრძნობი ზრდისთვის. მნიშვნელოვანია აქცენტირებული პოლიტიკა, რომელიც შეამცირებს ბიზნესის დანახარჯებს და შექმნის ბაზრის გაფართოების შესაძლებლობებს.
  • მკაფიოდ და რეალურად უნდა გამოირიცხოს ძალოვანი სტრუქტურებისა და სახელმწიფო ჩინოვნიკური აპარატის რაიმე სახის არაკანონიერი ჩარევა ბიზნესპროცესებში, ტენდერებში, ინვესტიციებში და ა.შ.
  • სახელმწიფო პროაქტიურად უნდა ჩაერთოს ინვესტიციების მოზიდვაში, განხორციელდება სპეციალური პროგრამა „უცხოური დიდი და მცირე ინვესტიციის მოზიდვისთვის“: საელჩოებში უნდა შეიქმნას მცირე ეკონომიკური კომპონენტი და ერთი ფანჯრის პრინციპი ბენეფიციარებთან ურთიერთობაში ფაქტობრივად სწორედ ამ სტრუქტურამ შეასრულოს.
  • უცხოური ინვესტიციების პარალელურად უნდა ვითარდებოდეს შიდა ინვესტიციები, უნდა იზრდებოდეს დანაზოგები და რეინვესტირება, რადგან ანომალიური იქნება მდგომარეობა, თუ ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემო არის უცხოელებისათვის და ნაკლებად ხელსაყრელი – შიდა ინვესტორებისათვის.

კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის:

  • საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ფინანსური ბაზრების ქმედითი რეგულაციები და ძირეულად გადახედოს კანონს ფასიანი ქაღალდების შესახებ, რადგანაც ამ უკანასკნელში იმდენჯერ შევიდა ცვლილებები, რომ  უპრიანია კანონის ახალი  რედაქციის მომზადება.
  • უნდა გაკეთდეს სიღრმისეული ანალიზი, თუ რა გარემოებების გამო შევიდა საქართველოს საფონდო ბაზარი ჩიხში და ამის მიზეზი ხომ არ იყო ბაზარზე მოქმედი საფინანსო ინსტიტუტების  გამიზნული ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა კაპიტალის ბაზრის დასამარებას საქართველოში.
  • მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ საფონდო ბირჟისა და მთლიანობაში ბაზრის ინსტიტუციური  განვითარებისათვის  მილიონობით ლარი დაიხარჯა, ამ ეტაპზე კვლავ დღის წესრიგში დგას იმ გზის გავლა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე იქნა გავლილი.
  • ბაზრის მხრიდან  (ემიტენტებისგან) უნდა  მოხდეს მეტი ინფორმაციის მიწოდება მათივე სააქციო საზოგადოების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ, რათა პოტენციური ინვესტორისათვის  გამარტივდეს გადაწყვეტილების მიღება.
  • ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მსხვილი კომპანიების არაკონკურენტულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა და თამაშის პირობები მათთვის ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ყველა სხვა დანარჩენისათვის.
  • საბანკო მექანიზმებსა და ფასიანი ქაღალდების ბაზარს შორის არსებული ასიმეტრიის აღმოფხვრა კანონმდებლობის და რეგულირების სხვადასხვა სფეროებში (მაგ., საგადასახადო, სავალუტო რეგულირება და ა.შ.).
  • ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურის (საფონდო ბირჟა, ცენტრალური დეპოზიტარი) კონკურენტი საბანკო სფეროს კონტროლიდან გამოყვანა და მათზე საკუთრების დივერსიფიკაციის იმგვარი მექანიზმის დამკვიდრება, რაც უზრუნველყოფს „სამართლიანი სათამაშო მოედნის“ პრინციპს და ინვესტორთა და ემიტენტთა სრულ ნდობას დაიმსახურებს.
  • საპენსიო რეფორმის განხორციელება, რომლის შედეგადაც ამოქმედდება სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელშიც აკუმულირებული სახსრების დიდი ნაწილის ინვესტირება სწორედ ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში, ადგილობრივ ეკონომიკაში მოხდება;
  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მსხვილ ქართულ კომპანიათა აქციების და ობლიგაციების საჯარო შეთავაზების განხორციელება საქართველოში, ან პარალელურად საქართველოს და უცხოურ საფონდო ბირჟებზე;
  • საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით: ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურის შემდგომი სრულყოფა და გაძლიერება და საერთაშორისო საბირჟო და საკლირინგო-საანგარიშო სისტემებში ამ ინფრასტრუქტურის ჩართვის ხელშეწყობა; ასევე, საბროკერო კომპანიების – ფასიანი ქაღალდების ბაზრის საკვანძო რგოლის – ინსტიტუციური განვითარება.
  • ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულებით საქართველოს ეკისრება ვალდებულება, უახლოესი 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიაში მოიყვანოს კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ და მომიჯნავე კანონები. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, მთავრობამ სასწრაფოდ მიიღოს ვადებში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელშიც  მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული მთავრობის ხედვა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ვაჭრობამდე და ვაჭრობის შემდეგ გარიგებებისა და ფასის გამჭვირვალობის ზრდა, ემიტენტების ფინანსური ანგარიშგებისა და ინფორმაციის ღიაობა, ინვესტორთა თანაბარ პირობებში მოქცევის უზრუნველყოფა და ა.შ.

სირთულე არის კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი იქნება ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, სადაც საბანკო სისტემა გოჯს არ დათმობს. ეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გეგმის განხორციელებას.

მიმართულება #4-ის შეფასება: გაბედულება (10/10), რეალურობა (5/10), პოპულიზმი (1/10).

 

 

მიმართულება #5 – საპენსიო და სამედიცინო დაზღვევა

პარტია გეგმავს ჯანდაცვის სისტემის ხარჯთეფექტურ და ინვესტიციებისათვის მიმზიდველ სფეროდ ტრანსფორმაციას. საამისოდ პირველ ეტაპზე გეგმავს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა გახადოს მიზნობრივი და მასში გაზარდოს კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობა. პარტია ამცირებს საშემოსავლო გადასახადს [თან გეგმავს პროგრესული გახადოს იგი], რათა მოსახლეობას ჯამური ხარჯი არ გაეზარდოს, პარალელურად კი არგადახდილი საშემოსავლოდან დაფინანსდეს სამედიცინო დაზღვევის ხარჯი. აქვე ასტიმულირებს დამქირავებლებსაც გაღებული ხარჯების მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზიდან გამორიცხვით.

შედეგად პარტია ფიქრობს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულთა რაოდენობა ჯამში მიაღწევს 2 მლნ. ადამიანს. მაგრამ არ უთითებს როდის მოხდებს ეს. კითხვის ნიშნები ჩნდება ამ რიცხვის რეალურობასთან დაკავშირებით, თუმცა მიდგომა მეტად საინტერესოა. იგი სამედიცინო დაზღვევის ტვირთს გადაიტანს სახელმწიფოდან კერძო სექტორისაკენ.

დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა პარტიის პრიორიტეტია. პენსია დღეს სოციალურ დახმარებად გადაიქცა და ეს არის უზარმაზარი ტვირთი სახელმწიფოსთვის. პარტიას ამ კუთხით აქვს კონკრეტული შემოთავაზებები:

  1. მოსახლეობის 3 ჯგუფად დაყოფა [საპენსიო ასაკში მყოფი ადამიანები, ისინი ვინც მალე შევლენ საპენსიო ასაკში, ახალგაზრდები], თითოეულისათვის კრიტერიუმების შემუშავება და სისტემაში ჩართულობის ფორმის განსაზღვრა;
  2. შესაძლებელია პარალელურად არსებობდეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საპენსიო ფონდები, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად მოხდება სახელმწიფო ფონდის წილის შემცირება და საპენსიო დაზღვევაში წამყვანი გახდება კერძო ფონდები;
  3. პარტიას რამოდენიმე მოსაზრება აქვს პროექტის დასაფინანსებლად. იგი განიხილავს დამატებითი შიდა ვალის აღებას, საშემოსავლო გადასახადიდან ამ მიმართულებით 2.5% გამოყოფას, დამქირავებლისთვის მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზიდან დაქირავებულთათვის სადაზღვევო შენატანების დაფინანსების გამოქვითვას;

მიმართულება #5-ის შეფასება: გაბედულება (8/10), რეალურობა (8/10), პოპულიზმი (2/10).

 

 

მიმართულება #6 – დასაქმება

ეკონომიკური პროგრამის ამ ნაწილში საუბარია თუ როგორ მიიღწევა დასაქმება, როგორ უნდა დაიძლიოს სიღარიბე. მთელი შინაარსი ამ დებულებაში დატეული:

ჩვენ ვიცით დასაქმების პრობლემის „გასაღები“ – კონკრეტული მექანიზმები საქართველოში ბევრი მცირე და საშუალო საწარმოს შექმნისათვის. ჩვენი ხედვაა “ადამიანებს მივცეთ ანკესი და არა თევზი”. პოსტსაბჭოთა ტიპის მთავრობები ანკესებს ხშირად ექსკლუზიურად ფლობენ და თევზის გადანაწილების არაეფექტური სისტემები აქვთ. ჩვენი ამოცანაა, ანკესი ხელმისაწვდომი გავხადოთ ადამიანებისთვის, ოღონდ მისი მათ ხელში აღმოჩენა დამოკიდებული იყოს მათ უნარებზე და არა ჩვენს „კეთილ ნებაზე“, რასაც საბოოლოოდ ტოტალიტარულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ სისტემამდე მივყავართ ხოლმე.

შემდეგ კი საუბარია იმ სარგებელზე, რაც დასაქმებას მოაქვს.

ასევე საუბარია შრომის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე, სადაც უკვე არის კონკრეტული ნაბიჯების შეთავაზებები:

  • შეიქმნება უმუშევართა აღრიცხვის საინფორმაციო ბანკი, რათა შესაძლებელი გახდეს მათთვის ადეკვატური სამუშაოს შეთავაზება;
  • ფოკუსირება მოხდება უმუშევრის მიერ ახალი სამუშაო ადგილის ძიების პერიოდის შემცირებისაზე და იმ უმუშევრების ხელშეწყობაზე, რომლებსაც აქვთ დასაქმების უმცირესი შანსი და შესაძლებლობა;
  • შეიქმნება შრომითი დავების მოგვარების ეფექტური მექანიზმები;
  • შეიქმნება სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის ეფექტიანი სისტემა.

ვფიქრობთ დასაქმების მიმართულება არ უნდა იყოს ასეთი ფორმით ცალკე გამოყოფილი ეკონომიკურ პროგრამაში იმის გათვალისწინებით, რომ შემოთავაზებული კონკრეტული ნაბიჯები მეტად სუსტი გვეჩვენება. აჯობებდა შესაბამისი რიცხვები ყოფილიყო პროგრამის მიზნებში, მით უმეტეს, რომ პარტიას პროგრამაში აქვს წელიწადში 35,000-მდე რეალური სამუშაო ადგილის შექმნა.

მიმართულება #6-ის შეფასება: გაბედულება (3/10), რეალურობა (3/10), პოპულიზმი (5/10).

 

 

მიმართულება #7 – საგარეო ვაჭრობა

პარტია სწორად აღიარებს გამოწვევას [უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი, რომელიც ტრადიციად იქცა] და სწორი მიდგომა აქვს საგარეო ვაჭრობის გაძლიერებაში, კერძოდ ექსპორტის გაძლიერებაში სახელმწიფოს როლის შესახებ. აშკარაა, რომ ექსპორტის ზრდა ესაა მეტი დასაქმება და მეტი დოვლათი ქვეყანაში.

სახელმწიფომ პროაქტიურად შეუწყოს ხელი ქართული პროდუქციის ექსპორტზე გასვლას, სრულად იქნეს გამოყენებული  ევროკავშირთან (DCFTA), თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალი. არ მიგვაჩნია, რომ საგარეო სავაჭრო პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს რაიმე სატარიფო ან არასატარიფო ბარიერებს, გარდა იმ აუცილებელი რეგულაციებისა, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის უსაფრთხოებასთან (მაგ., სურსათის უვნებლობა). ამასთანავე, ის არათანაბარი ვითარება, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ქართველი მეწარმე სხვა ქვეყნის სუბიექტთან მიმართებაში (სადაც გავრცელებულია პროტექციონიზმი და სუბსიდიები), უნდა შერბილდეს და გაწონასწორდეს ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ზომებით და არა სავაჭრო ბარიერების აღმართვით.

ამის განსახორციელებლად პარტია 3 ინსტრუმენტს გვთავაზობს:

  1. აქცენტი უნდა გაკეთდეს მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებაზე, რაც გულისხმობს: 1. შესაბამისი საგზაო რუკის შექმნას – რა ინსტიტუციები უნდა შეიქმნას, რა საექსპორტო სამარკირებო საქმიანობა და საინფორმაციო სამუშაო უნდა ჩატარდეს. 2. ქსელის შექმნას სამინისტროების, საკონსულტაციო-მხარდამჭერი ცენტრების, რეგიონული განვითარების სააგენტოების, მუნიციპალიტეტების, საელჩოების, ბიზნესომბუდსმენის, ბიზნესასოციაციების და სხვა სუბიექტების მონაწილეობით და ამ ქსელის მუშაობის სახელმძღვანელო შესაბამისი რეგულარული პროცედურების გაწერას, შესაბამისი საინფორმაციო პორტალების შექმნას და ა.შ. ამასთანავე, აღნიშნული ღონისძიებები სწრაფი და მასშტაბური უნდა იყოს. სახელმწიფომ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გასწიოს, რომ ქართველ ბიზნესმენებს გაუხსნას ევროპელ ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობის არხები.
  2. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ქართული პროდუქციის მოცულობის ზრდას და ექსპორტზე გასვლას ამ მიზნით განხორციელდება სპეციალური პროგრამა „ექსპორტის მხარდაჭერისთვის“: პროგრამის ფარგლებში შედარებით მცირე მასშტაბის პოტენციური ექსპორტიორებისთვის უნდა განხორციელდეს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება რეგიონული განვითარების სააგენტოების მიერ, ამასთანავე, სააგენტოები შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან კოორდინაციით, ბენეფიციარს მხარს დაუჭერენ პროდუქციის ექსპორტირების საგზაო რუკის შემუშავებაში. სისტემა კოორდინირებული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პროცესში უნდა ჩაერთონ საელჩოებში არსებული ეკონომიკური სამსახურები.
  3. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ძირეულად უნდა შეიცვალოს მიდგომა ეკონომიკური დეპარტამენტის მიმართ. დღეს ეს სტრუქტურული ქვედანაყოფი საჭიროებს რეორგანიზაციას და მასში, დიპლომატების ნაცვლად, ეკონომისტების დასაქმებას.  საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში  (საელჩოებში) ეკონომიკური მიმართულების გასაძლიერებლად აუცილებელია, სამინისტროში მოხდეს ეკონომიკური დეპარტამენტის, როგორც მაკოორდინირებელი და პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურული ქვედანაყოფის, სრული რეორგანიზაცია და  ფუნქციების გაზრდა.

მიმართულება #7-ის შეფასება: გაბედულება (10/10), რეალურობა (10/10), პოპულიზმი (1/10).

 

 

რეკომენდაციები მოძრაობა KAR.GE-საგან

აჯობებს თუ გაითვალისწინებთ შემდეგი მიმართულებებით გასაწევ საქმიანობებსაც:

  1. ტურიზმი. ამ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორს სულ უფრო და უფრო მეტი შემოაქვს ქვეყანაში და ექსპორტის შემდეგ 2015 წელს 1.935 მილიარდი USD-თი მეორე შემომტანია. როგორ უზრუნველყოფთ დარგის განვითარებას, რომ ქვეყანა სულ უფრო მომზადებული დახვდეს ტურისტების მზარდ შემოდინებას?
  2. სოფლის მეურნეობა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის სოფლად მცხოვრები თვითდასაქმებული და 2015 წელს მშპ-ში სოფლის მეურნეობამ 9.2 % შეადგინა, მთლიანად აგრო სექტორის წილი კი ზოგიერთი შეფასებით 17%-მდე ადის. ქვეყანაში 600 ათასამდე სასოფლო მეურნეობაა, რომლის 98% მცირეა. რას გეგმავთ ამ მიმართულებით? მიწის რეფორმა მაინც აუცილებლად არ მიგაჩნიათ?

 

 

შეთავაზება მოძრაობა KAR.GE-ს მხრიდან

საქართველოში 2015 წელს მთავრობამ დახარჯა 3.2 მილიარდი ლარი, მოსახლეობამ დახარჯა 12 მილიარდი ლარი, არასახელმწიფო ორგანიზაციებმა [უცხოური ინვესტიციების გამოკლებით] დახარჯეს დაახლოებით 6 მილიარდ ლარამდე. ჯამში 2015 წელს 21 მილიარდ ლარამდე შიდა ინვესტიცია განხორციელდა [დიახ, ეს ინვესტიციაა]. ეს უზარმაზარი შიდა რესურსია, რომელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის, რეალური ორნიშნა ეკონომიკური ზრდის უდიდესი პოტენციალი აქვს. პოტენციალის ამოქმედება ასე შეიძლება:

  1. საქართველოს მოსახლეობაში ქართული ხარისხიანი ნაწარმის პოპულარიზებაზე და გაყიდვების ზრდაზე მიმართული აქტივობების განხორცილება საიმისოდ, რომ მეტი ფული დაიხარჯოს ქართულ ნაწარმში. ეს ნიშნავს, რომ დოვლათი ქვეყნიდან არ გაედინება, რჩება ქვეყანაში, ბრუნავს და „მრავლდება“;
  2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა და სახელმწიფო შესყიდვებისას/ტენდერებისას საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის ფასში უპირატესობის მინიჭება 10% მაინც [ან სხვა სახის მხარდაჭერა];

ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეკონომიკის კი თითქმის 90%. ეს იგრძნობა სუპერმარკეტების დახლებზე, ბაზარში, B2B გარიგებებში, სადაც გარიგებების 90%-მდე არაქართული წარმოების პროდუქციაზე ხდება. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2015 წელს 5.5 მილიარდ USD-ზე მეტი იყო და წლიდან წლამდე ასეა. მიუხედავად ამისა გამოსავალი არსებობს: ჩვენი ღრმა რწმენით როცა ყიდულობ ქართულ ნაწარმს გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს! ამ დროს ფული ქვეყანაში რჩება და იგივე ფული შემდეგი დახარჯვის შედეგად კიდევ უფრო მეტ დოვლათს და შემოსავალს ქმნის. ჩვენი აზრით ეს არის მოკლე დროში სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევის უდაო გზა. მეტიც, ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმას უცილობლად მოჰყვება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც 6-8 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგებას მოიტანს შედეგად. კონკრეტული მოქალაქისთვის კი ეს ჯიბეში ორჯერ მეტ შემოსავალს ნიშნავს!!!

 

 

განმარტებები შეფასების სისტემასთან დაკავშირებით

შეფასების სისტემა 3 კრიტერიუმს ეყრდნობა. ფასდება თითოეული გზავნილი და ბოლოს კეთდება საერთო შეფასება.

  1. გაბედულობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ხაზს უსვამს თუ რამდენად გაბედული/რადიკალურია გზავნილი ყველა იმ გზავნილს შორის, რომელიც ხშირად გვსმენია წინასაარჩევნოდ.
  2. რეალურობა – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს თუ რამდენად შეუძლია ამ კონკრეტულ გუნდს ამ კონკრეტული გზავნილის განხორციელება ა) პარლამენტში და მთავრობაში მოსვლის ალბათობის, ბ) საკუთარი შესაძლებლობების, გ) სხვა ძალებთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნის და ისტორიის გათვალისწინებით.
  3. პოპულიზმი – ფასდება 1-დან 10 ქულამდე და ითვალისწინებს ამომრჩევლის სურვილებზე გზავნილის/შეთავაზების განზრახ მორგების ხარისხს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის გზით ხმების მოსაპოვებლად. ქმედება, რომელიც ფართო მასის ინტერესს ემსახურება, მაგრამ აუცილებელია, ჩვენი აზრით ვერ ჩაითვლება პოპულიზმად.

ამ სამი კრიტერიუმით დადგენილი ქულების მიხედვით დგება მთავარი შეფასება: შეუძლია თუ არა ამ ეკონომიკურ პროგრამას დადოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მომდევნო 4 წლიდან რომელიმე წელს.

 

 

გამოყენებული მასალები:

#1 – წინასაარჩევნო პროგრამის შესავალი – http://republicans.ge/index.php/geo/news/top-news/item/866-2016-09-04-18-43-07

#2 – წინასაარჩევნო პროგრამა – http://republicans.ge/index.php/geo/news/top-news/item/download/105_478065090678f2338ebc9dd3429f9444

#3 – ნოდარ ებანოიძე ეკონომეტრში – http://1tv.ge/ge/videos/view/169383.html – https://www.youtube.com/watch?v=A8FmWBrt20s

#4 – რეპუბლიკური პარტიიის წარდგენა 6 სექტემბერს რუსთავი2-ში

#5 – რამოდენიმე მოსაზრების ანონსი – http://for.ge/view_news.php?news_id=57485&news_cat=0