ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
Caucasian Spice Box

გაიცანით “Caucasian Spice Box” – #1 ქართული და კავკასიური „Street Food“ კომპანია ბრიტანეთში

გაიცანით ინგლისში ქართველების ოჯახის მიერ დაფუძნებული “Caucasian Spice Box” – პირველი ქართული და კავკასიური  „Street Food“ კომპანია ბრიტანეთში, რომელიც ბიზნესის გასაფართოვებლად საქართველოდან ექსპორტისათვის ეძებს შემდეგ ხარისხიან პროდუქციას: ჩურჩხელა, ტყემალი, ჩამიჩი, კაკლის მურაბა, სულგუნი, თაფლი, მოცვის მურაბა, ბოთლის ღვინო და ქვევრის ღვინო.

ქ-ნი ქეთი მაღლაკელიძე, ადამიანი, რომელმაც საქმე მეუღლესთან ერთად ინგლისში წამოიწყო, რამოდენიმე დღის წინ შეგვეხმიანა. და რა იქნებოდა იმაზე კარგი, რომ გაგვეხარებინეთ და მათი ისტორია მოგვეთხრო ამ საახალწლოდ? ჰოდა ქეთის რამოდენიმე [სულ რაღაც 20-მდე] შეკითხვა გავუგზავნე და …

მოძრაობა kar.ge: ქეთი, მოგვიყევით როდის და როგორ აღმოჩნდით ინგლისში?
ქეთი მაღლაკელიძე: თხუთმეტი წლის წინ სწავლის მიზნით ჩამოვედი. სულ ერთი წლით ვაპირებდი გაჩერებას. განათლებით და პროფესიით  ჟურნალისტი ვარ, მაგრამ როგორც არცთუ იშვიათად ხდება ხოლმე, იყო გარემოებები რამაც განაპირობა ჩვენი აქ დარჩენა. ოჯახი, ბავშვები … თუმცა ის განცდა, რომ უნდა დავბრუნდეთ არასდროს დაგვიკარგავს.

მოძრაობა kar.ge: როდის დაიწყეთ ბიზნესი?
ქეთი მაღლაკელიძე: 2015 წლის ივნისში მე და ჩემმა მეუღლემ მოვიპოვეთ ნებართვა და ჩვენივე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იქ, სადაც ეროვნული დროშების ქვეშ იყიდებოდა სხვადასხვა ეთნიკური საკვები, ვიქირავეთ კომერციული კარავი და საველე პირობებში დავიწყეთ ქართული და კავკასიური “Street Food”-ის მომზადება.

მოძრაობა kar.ge: რითია “Street Food” სფერო უნიკალური?
ქეთი მაღლაკელიძე: თვითონ “Street Food”-ის ფენომენი არის უნიკალური. ის ყველგან და ყოველთვის იყო რაღაც ფორმით. ძველი ბრიტანული გრავიურების გავრცელებული თემატიკა არის ცხელი კარტოფილის გამყიდველი ბიჭი. მიზეზი ბოლო წლებში ქუჩაში კვების პოპულარობისა განპირობებულია ბევრი სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორით. ეკონომიკური კრიზისი ერთ-ერთი ძირითადია მათ შორის. ყველას არ შეუძლია რესტორნის ქვითარს გაწვდეს. ასევე ნოსტალგია საჭმლის კეთების და თანამონაწილეობა. წარმოიდგინეთ, თაობები იზრდება ერთი და იგივე ნახევარფაბრიკატებზე და ასეთი ცხოვრების წესის მთელი ტრაგედია ჩემს ცომიან ხელებზე მოჩერებულ თვალებშიიკითხება. ბორბლებიანი სავაჭრო ობიექტის შემთხვევაში, როცა ზემოდან გადმოყურებ ხალხს არა მგონია იგივე იყოს. როცა ხალხის სიმაღლეზე დგახარ ქუჩაში, მაგიდის მეორე მხარეს, ძალიან ადვილია დაინახო საზოგადოება და მისი საჭიროება. ხალხს აკლია ურთიერთობა, ისინი საოცრად იხსნებიან, გინათესავდებიან და უხილავ ძაფებს აბამენ შენთან. ვფიქრობ, ამით არის ეს ბოლოდროინდელი ტრენდი უნიკალური და წარმატებულიც.

ის, რომ ქართული საკვები გაყიდულიყო ბერძნულის, თურქულის, მექსიკურის, გერმანულის, კარიბიულის, იაპონურის და კიდევ რამდენიმე ,,ფრი სტაილის” გვერდით, იყო ჩვენი მეზობლების იდეა, რომლებიც იყვნენ ჩვენი პირველი უცხოელი დეგუსტატორებიც. მათ დაგვარწუმენს, რომ ხალხი აიტაცებდა ჩვენს ბაჟეს და ხაჭაპურს და წამოგვაგეს ამ გასტრონომიულ შოვინიზმზე 🙂

მოძრაობა kar.ge: რა ძირითადი ეტაპები გქონდათ განვითარებაში?
ქეთი მაღლაკელიძე: იდეის საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ მისწრაფებებზე მორგება, რისკის ფაქტორების გათვლა, ბაზრის მოკვლევა, ჩვენი უნარ-ჩვევების გადახედვა-გაუმჯობესება, როლების განაწილება. და გაბედვა … გაბედვას მოუნდა ყველაზე დიდი დრო, თითქმის წელიწადი.

მოძრაობა kar.ge: რა ძირითადი სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?
ქეთი მაღლაკელიძე: ჩვენს შემთხვევაში სირთულე ძირითადად იყო და დღესაც არის ქართული პროდუქტების ფაქტიურად არ ქონა. როგორ უნდა გააცნო შენი სამზარეულო თუ არ გაქვს ტყემალი?! როცა საქმეს იწყებ ირგვლივ ტყემლის ხეების მოძიებით, ადვილი არაა. აქაურ “აღმოსავლეთ ევროპულ მაღაზიებში” [ასე ეძახიან აქ მაღაზიებს რომლებშიც უამრავ ,,გოსტის“ სტანდარტს წააწყდებით] არის რაღაც პროფანაცია უფრო ტყემლის, ვიდრე ის რაც ქართული ტყემლის საწებელია. არის აჯიკაც და ქართული დასახელების სხვა პროდუქტებიც, რომლებიც ძირითადად დამზადებულია ან გერმანიაში, ან რუსულენოვან პოსტსაბჭოთა ბლოკის ქვეყნებში. ისინი კი შორსაა ორიგინალისგან.

ასევე, საოჯახო ბიზნესის შემთხვევაში ყველაზე დიდი პრობლემა არის  დროის განაწილება ოჯახსა და ბიზნესს შორის. როცა სამი შვილი გყავს და აქედან ორი მცირეწლოვანი და იწყებ საოჯახო  ბიზნესს, სახლში ჩნდება უზარმაზარი ყუთები, ყველა რაღაცნაირად ერთვება თავისი იდეებით და საჭიროებებით. დროის განაწილება არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის, ტყემლის არქონის მერე 🙂

მოძრაობა kar.ge:ვხედავ რომ გაქვთ ვებსაიტიც და Facebook გვერდიც. თან არა მხოლოდ ვებსაიტი, არამედ ონლაინ გაყიდვებიც. რატომ ონლაინ ბიზნესი[ც]?
ქეთი მაღლაკელიძე: ონლაინ-ბიზნესი დანამატია “Street Food”-ის. ონლაინ მაღაზია ახლახან გავხსენით, ერთი კვირაა რაც ავმუშავდით. პროდუქტის მიწოდებისათვის ხან გზავნილების კომპანიას, ხან ფოსტას ვიყენებთ. ონლაინ უფრო იაფია ვიდრე მაღაზია უზარმაზარი ქირის ვალდებულებით. იმისათვის, რომ უცხოეთში შესთავაზო ტრადიციული საკვები გჭირდება ტრადიციული სანელებლები. ჩვენებურ სუნელებს დიდ ბრიტანეთში ვერსად მივაგენით. ჩანაცვლება ვცადეთ ინდურით, თურქულით, ირანულით. არ გამოდის. მაგალითად ჩვენი უცხო სუნელი მოცისფროა და საერთოდ სხვა ტექსტურაა, არომატიც უფრო მსუბუქია. საკვებად გამოსადეგი ყვითელი ყვავილი საერთოდ ვერსად ვნახეთ. აქ კვების სფეროში საქმიანობა მკაცრად განსაზღვრული კანონებით რეგულირდება და პროდუქტს უნდა ჰქონდეს სოლიდური წარმოშობის ისტორია. ჩემოდნით სხვა ნივთებთან ნამგზავრი სუნელებით შორს ვერ წახვალ … ასე ძალიან ადვილია კანონს მიღმა ამოყო თავი. სუნელების იდეას მოჰყვა ქართული ჩაის, ხელნაკეთობების, მზა საწებლების და ფერმენტული ბოსტნეულის იდეა. ის რაც მოთხოვნადია.

მოძრაობა kar.ge: რა ბრენდით მუშაობთ?
ქეთი მაღლაკელიძე: Caucasian Spice Box ჩვენი ონლაინ-მაღაზიის და საკვების სტენდის დასახელებაა. იდეაში კავკასია გავაერთიანეთ და ამაში ვართ უნიკალურები და ვართ პირველი ქართული და კავკასიური  „Street Food“კომპანია ბრიტანეთში. კარგი შეგრძნებაა ხაჭაპურის რიგშიც ერთად რომ ხედავ აზერებს, ლეკებს, სომხებს, ქართველებს.

მოძრაობა kar.ge: მენიუში რა გაქვთ?
ქეთი მაღლაკელიძე: მენიუში გვაქვს ბადრიჯანი ნიგვზით, უძვლო და ტყავგაცლილი ქათმის ნაჭრები ბაჟეს საწებლით, აფხაზურა ტყემლით, ხაჭაპური და ბაქლავა. ასევე აღმოსავლურად ჩაი და ყავა. გაზიან სასმელებს არ ვყიდით, არც პლასტმასის დანა-ჩანგალს და ყუთებს ვხმარობთ.

მოძრაობა kar.ge: რამდენად მძაფრია კონკურენცია თქვენს სფეროში?
ქეთი მაღლაკელიძე: კონკურენტი შეიძლება ითქვას არ გვყავს ინტერნეტ-მაღაზიის შემთხვევაში. ქალაქში კვების სტენდთან კი ჩვენი ნიშა გვაქვს. მარტო პარასკევობით არის ეს ეთნიკური საკვების ფესტივალი და მოედანზე ერთი და იგივე ხალხი შემოდის, ძირითადად ახლო-მახლო ოფისებიდან. ამ ეტაპზე საყოფაცხოვრებო მოცულობის მოწყობილობებს ვიყენებთ და ზუსტად იმდენი მომხმარებელი ავართვით სხვებს, რამდენსაც შეგვეძლო რომ გავწვდომოდით. ინტენსიურ მარკეტინგს არ ვეწევით ამ ნაწილში, გადაიარაღებამდე არ ღირს.

მოძრაობა kar.ge: როგორ ახდენთ თქვენი ბიზნესის რეკლამირებას?
ქეთი მაღლაკელიძე: სტენდზე ძირითადად უფასო სინჯებით. ძალიან ძნელია აუხსნა რა გემოს აქვს უცხო საკვებს სიტყვებით. ბრიტანელებს აქვთ ერთი ძალიან კარგი თვისება, ისინი გახსნილები არიან ახლისთვის, აღმოჩენისთვის.

მოძრაობა kar.ge: რომელი ქართული პროდუქტია ყველაზე მოთხოვნადი?
ქეთი მაღლაკელიძე: ახლა საფესტივალო პერიოდია და მოთხოვნა არის ჩურჩხელაზე, რომელიც ევროპული ლიცენზიით ვერ ვიშოვეთ. ჩიჩილაკი და ჯონჯოლი ლიდერობენ ჯერ :)ჩურჩხელას ყველაზე მეტად ითხოვენ ქართველები. ალბათ მთელი წელი იქნება ეს მოთხოვნა, ძალიან ენატრებათ აქაურ ქართველებს. კიდევტყემალი. სტენდზე ხაჭაპური არის “Showstopper” [ანუ ძალიან ეფექტური რამ]. ხან ბადე-ქონს ვერ ვშოულობთ ხოლმე და აფხაზურას არქონის გამო ვაწბილებთ ბევრს.

მოძრაობა kar.ge: ვინ გაწვდით ქართულ პროდუქტებს საქართველოდან?
ქეთი მაღლაკელიძე: ჩვენ ვთანამშრომლობთ შვედურ პატარა ბრენდთან “პოპკულტურ”.  ანასტასია ლუნდქვისტი – შვედი შეფი, მცირე მეწარმე და ქართული სამზარეულოს ენთუზიასტი ორ პროდუქტს “აჯიკა-მარილს” და “სვანურ მარილს” შვედეთშივე ამზადებს. ის ძალიან ხშირად ჩადის საქართველოში და მისი პრივატ-ლებელით გვაქვს კიდევ სხვა პროდუქტებიც, რომელიც დამზადებულია საქართველოში. ჩიჩილაკი აქვე ჩვენს საგრაფოში ვნახეთ “იბეიზე” ყიდიდა ერთი ქართველი კერძო პირი და მისი 25-ვე ჩიჩილაკი შევისყიდეთ. ქართულ ჩაისაც აქ, ინგლისში მივაგენით, ლონდონის ჩრდილოეთით ერთი პატარა ინგლისელების საოჯახო ფირმა ძალიან ექსკლუზიურ 5 დასახელების ქართულ ჩაის ყიდის. ჩვენ მათი საბითუმო მომხმარებლები ვართ.

მოძრაობა kar.ge:კიდევ რა პროდუქტების მიწოდებას ისურვებდით საქართველოდან?
ქეთი მაღლაკელიძე: ჩურჩხელა, ტყემალი, ჩამიჩი, კაკლის მურაბა, სულგუნი, თაფლი, მოცვის მურაბა, ღვინოს ლიცენზია ჯერ არ გვაქვს და ქართული ნობათი ვერ წარმომიდგენია ქვევრის ღვინის გარეშე.

მოძრაობა kar.ge: როგორ ურთიერთობთ მანდ მცხოვრებ ქართველებთან?
ქეთი მაღლაკელიძე: ქართველებისგან ზოგადად დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ ამ ბიზნეს-წამოწყებებში. მაგრამ ამის იქით ხშირად ვერ ვურთიერთობთ ძირითადად მოუცლელობის ან ინტერესების არათანხვედრის გამო. აქაც გათითოკაცებულებს გვიყვარს საქართველო და გვენატრება. გუნდურ თამაშში გვჭირდება წავარჯიშება. ერთი კარგი მენეჯერი ვერ დაგვინიშნეს 🙂 ამას წინათ ერთი ინგლისელი მწერალი, რომელიც ქართველებზე წერდა წიგნს, დამიკავშირდა და მკითხა: “ქართველები რატომ გაურბიხართ ერთმანეთსო?”ძალიან ძნელი კითხვაა, ჩამჭრელი, არც მაქვს პასუხი …

მოძრაობა kar.ge: ჩამოსულმა ადამიანმა როგორ მოგძებნოთ?
ქეთი მაღლაკელიძე: ჩვენ სამეფო საგრაფო ბერკშირის [Royal county of  Berkshire] ცენტრში, ქალაქ Reading-ში [პრინცი ვილიამსის მეუღლე არის ამ ქალაქიდან] ძველი სიმინდის აუქციონზე ვართ. ეს პატარა მოედანი ზუსტად შუაშია ცენტრალური რკინიგზის სადგურსა და რედინგის ცნობილ ციხეს შორის, სადაც ოსკარ უაილდი იხდიდა სასჯელს.

მოძრაობა kar.ge: უახლოეს გეგმები?
ქეთი მაღლაკელიძე: ქუჩის სტენდის გადაიარაღება, სხვა მსხვილი ქალაქების ათვისება კვირის სხვა დღეებში. ონლაინ-მაღაზიისთვის ახალი პროდუქტის შექმნა “ჩემი ქართული ნობათი” (‘My Georgian Hamper”), სადაც ექსკლუზიურად მარტო საქართველოს სოფლებში მოქმედი წვრილი მეწარმეების და გლეხების პროდუქცია იქნება. ჩვენთვის ამ საქმიანობას აქვს იმდენივე დატვირთვა სოციალურად, რამდენიც კომერციულად. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია ვართ, მაგრამ არ გვაქვს მიზნად კორპორაციული ზრდა. ვეძებთ თანამოაზრეებს, გვინდა სიბრტყეზე გავიშალოთ კოოპერატივად სხვა კომპანიებთან და ინდმეწარმეებთან ერთად, სადაც ერთად ჩამოვყალიბდებოდით მენიუზეც კი. ფეისბუქში ,,საქმიან დღიურებსაც” ამიტომ ვწერ. მიხარია, რომ არის პოზიტიური გამოხმაურება, ჩვენი ნაცნობ-მეგობრებიდან უკვე ზოგს გაყინული ხინკლის წარმოება უნდა და ზოგს ტორტების და მოდიან და გვეკითხებიან რაღაცეებს.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეხუთედი ვართ გარეთ. ყველას არ გვაქვს გამორჩეული ნიჭი ფიზიკაში, ან მხატვრობასა და მუსიკაში. თუ ყველა ხელს გავიღებთ და არ დავიზარებთ, შეგვიძლია რაღაც შევცვალოთ შინ არა ფულის გზავნით, არამედ იქიდან პროდუქციის გამოტანით საზღვრებს გარეთ და მისი მოხმარებით.ქართულ პროდუქციას აქვს თავისი ნიშა, ჩვენი სტენდი ამის მაგალითია. მას უბრალოდ აკლია ცნობადობა.მე პირადად არ მომწონს, როცა ვგებულობ რომ რამდენიმე ტონა მოცვი ან თხილი გაიტანეს სადმე. საბოლოო პროდუქტის შექმნა შეიძლება ადგილზეც. ტონობით გატანილი ნედლეული ითქვიფება სხვა უცხო წარმოშობის ნედლეულში, ათასნაირ დანამატში და ასეთი სახით მიღებულ საბოლოო პროდუქტს გაცილებით ნაკლები მონეტარული ღირებულება აქვს, ვიდრე ერთი გლეხის, ან ფერმის საბოლოო პროდუქციას. თუ ჩვენში გლეხებს დაეხმარებიან საკუთარი წარმოების ხაზის გამართვაში და ლიცენზირებაში, ქართული პროდუქცია უფრო ადვილად იპოვის თავის ნიშას ეთიკურად განვითარებულ დასავლეთის ბაზარზე და გაცილებით მომგებიანადაც.

მინდა ყველა ჩვენებურს, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ შობა-ახალი წელი მივულოცო! გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას და გახარებას!

image (14) image (15)

image (1) image (2) image (3) image (4) image (5) image (6) image (7) image (8) image (9) image (10) image (11) image (12) image (13)