მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ექსპორტი > ქართველმა ემიგრანტმა ყატარში, ქ. დოჰაში, ქართული ნაწარმის დეგუსტაციები მოაწყო

ქართველმა ემიგრანტმა ყატარში, ქ. დოჰაში, ქართული ნაწარმის დეგუსტაციები მოაწყო

პატივცემულო ემიგრანტებო,

მნიშვნელობა არ აქვს სად იმყოფებით …
მნიშვნელობა არ აქვს რას საქმიანობთ …
მნიშვნელობა არ აქვს რა ცოდნა და გამოცდილება გაქვთ …
დიახ, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართული ნაწარმის ექსპორტი!

მთავარია მონდომება!!!

KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“ შეიქმნა თუ არა ძალიან ბევრი ექსპორტიორი და ექსპორტის დაწყების მოსურნე გამოჩნდა, რომელიც დაუკავშირდა კატალოგში წარმოდგენილ მწარმოებლებს და დაიწყო წარმატებული ისტორიების შექმნა. სულ ბოლო შედეგი – ბნ. მურმან ტურაშვილის მიერ ავსტრიის ქალაქ გრაცში დეგუსტაციის მოწყობის ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა დაინტერესებულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ემიგრანტებს შორის. იმ პრეცედენტმა ბევრს დაანახა, რომ ქართული ნაწარმის ექსპორტის დაწყება ყველა ემიგრანტს შეუძლია!

დღეს კი სიამაყით მინდა გამცნოთ დაუღალავი შრომის კიდევ ერთი შედეგი …

ბნ. პაატა გიორგაძესთან, რომელიც ყატარში უკვე მრავალი წელია ცხოვრობს და საქმიანობს ჯერ კიდევ გასული წლიდან ვურთიერთობთ. მას მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი ქართული ნაწარმის ექსპორტი და მუდმივად ვეძებდით ამის შესაძლებლობებს. ჰოდა საინტერესო რამ მოხდა ამ ზაფხულში … ყატარში პროდუქციის მიწოდების კრიზისი დაიწყო და ჩვენც მაშინვე დავიწყეთ საქმიანობები სხვადასხვა ქართული ნაწარმის ექსპორტის შესაძლებლობების შემოწმების მიზნით.

გამიჭირდება აღვწერო ამ საქმეში ჩადებული ენერგია. უამრავი გათენებული ღამე, უამრავი მომზადებული კომერციული წინადადება, უამრავი გაცუდებული შანსი იმის გამო რომ ქართული პროდუქტი არაკონკურენტული აღმოჩნდა ვაშლატამადან დაწყებული კვერცხით დამთავრებული (არადა უზარმაზარი შრომა უნდა თითოეული პროდუქტის პერსპექტივის ანალიზს), უამრავი იმედგაცრუება განვიცადეთ მანამ, სანამ არ ვნახეთ ნაწარმი, რომლის აღწერაც, ასორტიმენტიც და ფასიც იმდენად მოეწონათ ყატარში, რომ buyer-ები ნიმუშის გასინჯვითაც დაინტერესდნენ.

და აი კონკრეტული შედეგი:
ბნ. პაატას მონდომებით , მოძრაობა KAR.GE-ს ხელშეწყობით და შპს კამპას მხარდაჭერით საქართველოში ასეპტიკური ჩამოსხმის ტექნოლოგიით წარმოებული 3 ბრენდის (კამპა, ჩვენი, Frutata) 19 სახეობის წვენი საერთო ჯამში 113 კილოგრამი ნიმუშები ყატარში გავაგზავნეთ და აგვისტოს ბოლოდან მუდმივად დეგუსტრაციები ტარდება სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიების, საცალო, სარესტორნო და სასტუმრო ქსელების წარმომადგენლების მონაწილეობით. მთავარი და ყველაზე გასახარი ისაა, რომ უკვე ვსაუბრობთ კონკრეტულ შეკვეთებზე, მიწოდების რაოდენობაზე, ფასებზე. თუმცა წინ კიდევ ძალიან დიდი შრომაა გასაწევი.

ცნობისათვის: ყატარი თითქმის 12,000 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული მონარქიული სახელმწიფოა, რომელშიც 2,7 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რომლის PPP მშპ 404 მილიარდი აშშ დოლარია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე PPP მშპ – თითქმის 146,000 აშშ დოლარით პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ჩათვალეთ, რომ ყატარი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა მსოფლიოში.

ქართული პროდუქციის ორიგინალური სტენდი, რომელიც სპეციალურად მოეწყო ყატარში, დოჰაში ჩვენს პარტნიორ სავაჭრო კომპანიაში.

საქმიანი შეხვედრა და დეგუსტაცია ყატარში, დოჰაში ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო და სავაჭრო კომპანიების მენეჯერებთან, შეიხებთან.

წარმატებებს გისურვებთ ბნ. პაატა ამ მამულიშვილურ ქართულ საქმეში! უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა შპს კამპას, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ნიმუშების ყატარში გაგზავნის საქმეში. და ძალიან დიდი მადლობა ყატარში ჩვენს პარტნიორ კომპანიას, რომელიც ასსევე ჩართულია ხარისხიანი და ფასით კონკურენტული ქართული ნაწარმის ყატარის ბაზარზე სერიოზული ექსპორტის საქმეში.

 

PS1 – შანსი ემიგრანტებს, ვისაც ექსპორტის დაწყება სურს
ავსტრიაში ბებოს ჩურჩხელას და თათარას დეგუსტაციის სტატია გაჟღერდა თუ არა საინტერესო რამ მოხდა: 40-მდე ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ დაგვეკვალიანებინა ექსპორტის დაწყების საკთხებში. მეც ყველას მივაწოდე დეტალური სახელმძღვანელო სპეციალურად ემიგრანტებისათვის, თუ როგორ დაიწყოთ ექსპორტი და ნებისმიერს, ვინც შემეხმიანება იგივე სურვილით, არა მხოლოდ მივაწვდით ამ უნიკალურ მასალას, არამედ გვერდში დავუდგები როგორც შემეძლება. დამიკავშირდით Facebook-ით.

PS2 – შანსი მწარმოებლებს, ვისაც ყატარში თავისი ნაწარმის გაგზავნა სურს
თუ მწარმოებელი ბრძანდებით და მზად ხართ ყატარში თქვენი ნაწარმის ნიმუშის გაგზავნა დააფინანსოთ, დაგვიკავშირდით Facebook-ით. შევამოწმებთ არის თუ არა მიმღები მხარე დაინტერესებული მიიღოს თქვენი პროდუქტი და ვიმოქმედებთ შესაბამისად.

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"