მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ანალიტიკა > პროტექციონიზმი VS „იყიდე ქართული“-ს კამპანიები: რა განსხვავებაა?

პროტექციონიზმი VS „იყიდე ქართული“-ს კამპანიები: რა განსხვავებაა?

ბევრმა არ იცის განსხვავება ამ ორს შორის, რის გამოც „იყიდე ქართული“-ს კამპანიებს ხშირად პროტექციონიზმად განიხილავენ. არადა მათ შორის არის უფსკრული.

პროტექციონიზმი არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, რომლითაც იგი იცავს საკუთარ ბაზარს. მაგალითად: საბაჟო გადასახადის დაწესება, ქვოტებით დაწესება იმპორტულ ნაწარმზე, დამატებითი რეგულაციების შემოღება და ა.შ. დააკვირდით მაგალითად აშშ-ჩინეთის სავაჭო ომს, როცა ორივე მხარემ შემოტანილ პროდუქციაზე დააწესა საბაჟო გადასახადები. პროტექციონიზმის დროს მთავრობა ცდილობს დაიცვას ადგილობრივი მწარმოებელი და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები ქვეყნის შიგნით.

თუმცა ეკონომიკაში ასეთი ჩარევის ჯამური ეფექტი ნულს უახლოვდება. მაქსიმუმ შეიძლება ერთი მიმართულება „გადაარჩინო“ ან „დაიცვა“, მის ხარჯზე კი რაღაც სხვა ზარალობს. დააწესა მაღალი საბაჟო გადასახდელი აშშ-მ ზოგიერთ ჩინურ ნაწარმზე? იგივენაირად ჩინეთმა დააწესა საბაჟო გადასახადი ზოგიერთ ამერიკულ ნაწარმზე. მთავრობებმა მეტი ფული ამოიღეს ეკონომიკიდან, კერძო სექტორი კი იმავე ფულით დაზარალდა. და თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა თანაბარ მდგომარეობაში კერძო სექტორი „უკეთ განაგებს“ ფულს, გამოდის რომ ორმხრივი პროტექციონიზმის დროს (ქვეყნებს შორის სავაჭრო ომის დროს) ეკონომიკა აგებს.

იშვიათ შემთხვევაში, როცა ქირურგიულ ჩარევას აქვს ადგილი და მთავრობა თავს რამე სპეციფიკური სიტუაციისგან იცავს თან ისე, რომ საპასუხო ქმედება არ ხდება მეორე სახელმწიფოს მხრიდან, შეიძლება პროტექციონიზმს ჰქონდეს დადებითი ეკონომიკური ეფექტი.

„იყიდე ქართული“-ს კამპანიები არის ინსტრუმენტები მოქალაქეების ხელში და გამოხატავს საზოგადოებრივ პოზიციას. მაგალითად მე ვღებულობ გადაწყვეტილებას რომ ვიყიდო მხოლოდ ქართული ნაწარმი და ყველას მოვუწოდებ გააკეთოს იგივე. მსოფლიოში ბევრი Buy Local კამპანიაა და როცა მოქალაქეები გააზრებულად ყიდულობენ და იგივეს „ქადაგებენ“, ამას მეტად მნიშვნელოვანი ეფექტის მოტანა შეუძლია. მთელი მოძრაობა კერძო სექტორში ხდება სახელმწიფოს გარეშე და ეკონომიკა არ ზარალდება, მაქსიმუმ სტრუქტურა იცვლებოდეს.

რა ეფექტის მოტანა შეუძლია „იყიდე ქართული“-ს კამპანიებს საქართველოში? ამ სტატიაში დათვლილია 1 ლარის დახარჯვის ეფექტი. სტატია 2015 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ უამრავმა ადამიანმა ნახა იგი. მოძრაობა KAR.GE სწორედ ამიტომ გირჩევთ რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან ამ დროს ასაქმებ ადგილობრივს, ავითარებ ადგილობრივ წარმოებას და აძლიერებ საქართველოს.

 

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"